რეზონანსი
29.09.2020

საქართველომ ყველა საშუალება გამოიყენოს ნატო-სთან დაახლოებისათვის და მოემზადოს ალიანსის წევრობისათვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაგანაცხადა სამშაბათს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლი პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია არმიის რეფორმირებასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებაში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ ყველა თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთოების სტრუქტურებზე. მივესალმებით კიდევ უფრო მეტი აქცენტის გაკეთებას რეფორმებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, საქართველოს არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, ნატოსთვის”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად.

„საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×