თამთა ჩაჩანიძე
30.09.2020

ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ანტირეკორდებს ხსნის, ყოველ მომდევნო გარდაცვლილს შორის ინტერვალი კი რეამდენიმე საათია - ვხედავთ, რომ საერთო შეზღუდვების გარეშე, მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციებმა ქვეყანაში პანდემიური თვალსაზრისით არაფერი შეცვალა, რა არის ის რაოდენობრივი ზღვარი „წითელი ხაზი" რის შემდეგაც გარდაუვალი გახდება შეზღუდვების დაწესება?

ოთშაბათის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილია 37, პანდემიური მდგომარეობა რთულია ასევე ოკუპირებულ რეგიონებშიც.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება.

„აჭარაში არის ახალი შემთხვევების 72 % - 235 პაციენტი, იმერეთში 14 % - 38 პაციენტი, თბილისში - 30 შემთხვევა, 9 %, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14 შემთხვევა, 4%, გურიაში - ექვსი შემთხვევა, კახეთში, მცხეთა მთიანეთსა და სამცხე ჯავახეთში თითო ახალი შემთხვევა",- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 072 პაციენტიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან რვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, კრიტიკული ზღვარი მაშინ დადგება, როდესაც კრიტიკული ან მძიმე პაციენტების რაოდენობა ქვეყნის რესურსს გადააჭარბებს.

„როდესაც საავადმყოფოში დასაწვენი პაციენტების რაოდენობა გადააჭარბებს შესაძლებლობას, ეგ იქნება ზღვარი. იმიტომ, რომ თუ სახლში უშვებენ და საატუმროებში მიჰყავთ, ჯერ კიდევ არის შანსი იმისა, რომ ჯანდაცვა გაუმკლავდეს და მერე უკვე როდესაც დაინახავს, რომ ვეღარ უმკლავდება და მძიმე შემთხვევები ღმერთმა ნუ ქნას და მოიმატოს, მერე უკვე მართლა ზღვარია და ჩაკეტვას საჭიროებს.

„ისედაც ჩვენი ეკონომიკა და ყველა დარგი ისეთ დღეში ჩავარდა, რომ თუნდაც ლარის კურს შეხედეთ, შეხედეთ სკოლებში რა ხდება, ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა და ბოლოს და ბოლოს თუ ბევრი არ კვდება და თუ ქვეყანა არ იქცევა, მაშინ სჯობია, რომ ისევ ასე გაგრძელდეს - გრიპის ინფიცირების დროს არანაკლები ხალხი იღუპება.

„ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. ადამიანის თვითშეგნებამდე უნდა მივიდეს ის, რომ პირბადიდან ცხვირგამოყოფილი არ უნდა დადიოდეს და ასაკოვანი ადამიანები გარეთ არ უნდა გამოვუშვათ, ეს შეზღუდვა მაინც უნდა არსებობდეს.

„ხალხი შეეჩვია, კისერში ამოუვიდათ, მესმის მათი, ბევრს პირბადის კეთებისას ჰაერის უკმარისობა ემართება, მაგრამ სხვა გზა არაა, განსაკუთრებით მაშინ როცა თავშეყრის ადგილებში ვართ.

"ამ შემთხვევაში აქცენტი ისევ თვითშეგნებაზე უნდა იყოს, პრესამ და მედიამ უნდა გააკეთოს ის, რომ ამ ხალხის თვითშეგნებამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი, ვაკვირდები მთელი დღე, პირბადე ხელზე უკეთით და მგონი არც ცვლიან.

„დღეში თუ გინდა ათასი ინფიცირებული იყოს, ოღონდ არ იყოს მძიმე შემთხვევები, არ იყოს პნევმონია, რომელსაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება, თორემ იყოს ინფიცირებული თუ კარგად გადაიტანს არაა პრობლემა.

"რა ვქნათ, მეტი გზა არ გვაქვს, ყველა პაციენტს ქვეყანა ვერ დააწვენს, იტალიასა და საფრანგეთს გაუჭირდა და ჩვენ რა თქმა უნდა უფრო გაგვიჭირდება" - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×