თამთა ჩაჩანიძე
30.09.2020

გიორგი გახარია პირველად პრემიერ-მინისტრის რანგში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ესტუმრა - შეხვედრები სტრატეგიული პარტნიორებისგან პერსპექტიული გზავნილების ფონზე მიმდინარეობდა, რა ინიციატივა გააჟღერა შეხვედრებისას თავად გახარიამ და იქონიებს თუ არა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივაზე გავლენას აღნიშნული შეხვედრები, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსთან" ანალიტიკოსებმა ისაუბრეს.

შეხვედრები დაგეგმილი იყო ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში.

პრემიერს პირველი ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ჰქონდა, სადაც სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

„ბოლო დროს ჩვენ მეტ ყურადღებას ვუთმობთ შავი ზღვის რეგიონს და საზღვაო პოტენციალის განვითარებას, ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასა და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, ასევე, სანაპირო დაცვის მხარდაჭერისა და ნატოს ხომალდების მიერ სხვადასხვა პორტში შესვლის გზით.შეხვედრის დროს ჩვენ ასევე აღვნიშნეთ შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის" - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან მისი თქმით, დასავლეთის ლიდერების გზავნილებში საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა იყო.

„საკმაოდ წარმატებულ ვიზიტად მივიჩნევ, იქიდან გამომდინარე, რა გზავნილები და რა საჯარო განცხადებებიც გააკეთეს, როგორც პრემიერმა გახარიამ, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებმა.

"ის, რომ საქართველოსთვის დახმარების მორიგი პაკეტი გამოიყო, ის რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადების უპრეცედენტო კონტენტი და შინაარსი, რომ საქართველოს რეფორმების გახორციელებაში და ტერიტორიულ მთლიანობაში მხარს უჭერს, ეს ძალიან კარგია და კარგია, რომ ძალიან ინტენსიური და ხშირია.

„ჩვენს მტრებს და ოკუპანტებს ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ დასავლელი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან, ის რომ პრემიერ გახარიასგან საკმაოდ კარგი ინიციატივა იყო შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო ნატოში ინტეგრაციისთვის შესაძლებლობათა ახალი ფანჯარაა.

"ეს საკმაოდ დადებითად იქნა აღქმული და ვხედავ, რომ დასავლეთში სხვადასხვა ანალიტიკოსები თუ პოლიტიკოსები უკვე ინტენსიურად განიხილავენ, რომ საქართველოსა და ნატოს უფრო ღრმა თანამშრომლობას ახალი ფორმა შეიძლება მიეცეს.

„ვიზიტის ორი მხარე იყო - ევროკავშირი და ნატო, ორივე საკმაოდ წარმატებული იყო, ცხადია დასავლელი პარტნიორები 31 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები საკმაოდ დამაჯერებლად დემოკრატიულად ჩატარდება და არავის ექნება იმისი უფლება, რომ არჩევნები არალეგიტიმურად და უკანონოდ გამოაცხადოს" - განაცხადა აბაშიძემ.

კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს მიესალმება, თუმცა, მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილი არ იქნება.

„ჩვენი პრინციპი ასეთია, რომ არჩევნების წინა პერიოდში ამინდიც კი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ყველაფერი ეს თუ არჩევნების შემდეგ არ განმეორდა, მაშინ ეს არჩევნებისთვის ქულების ჩასაწერად ყოფილა, რათა მმართველ პარტიამ თქვას, რომ აი რა მაგრები ვართო.

"მე მივესალმები ძალიან კარგია, მაგრამ როცა ოთხი წელი არაფერი არ კეთდებოდა და ახლა ესეთი აქტიურობაა, მეშინია, რომ ეს მხოლოდ არჩევნების კონტექსტით არ შემოიფარგლოს.

„ეს კარგია, თუმცა, საკმარისი არაა და სჯობია დაველოდოთ არჩევნების მერე როგორ განვითარდება, ბრიუსელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არასდროს არაა, თუ ჩვენ პრობლემები გვაქვს გაწევრიანების, ესაა სახლემწიფოები, როგორც ევროკავშირი, ისე ნატო ორი ნაწილისაგან თვითონ ინსტიტუტისა და პლიუს სახელმწიფოების ნებისაგან.

„სახელმწიფოებია, რომლებიც ჩვენ გვეწინააღმდეგება - ამერიკა, თურქეთი ჩვენს მხარესაა, მაგრამ გერმანია, საფრანგეთ თავს იკავებს. ანუ, მუშაობა აქაა საჭირო, ჩემთვის უფრო დამაჯერებელი იქნება თუკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვედრილიყო და მას, რომ ეთქვა, რომ ჩვენ თანახმა ვართ, რომ საქართველო ნატოში მივიღოთო, ამაზე ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა , რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ყოჩაღ!

„ეს არაა ფარისევლობა, არაა ტყუილი, ესაა სიმართლე, მაგრამ ეს ერთი და იგივე სიმართლე, ჩვენ ველოდებით ხელისუფლებისგან, რომ რას აკეთებს გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბელგიასთან მუშაობაში, სადაც საქართველოს მიღებაზე განსხვავებული აზრებია, სტოლტენბერგი რას იტყვის, ამას წინასწარ გეტყვით, თუმცა ეს ძალიან კარგია, მშვენიერია და დიდი მადლობა მას.

"ქვეყნები პირდაპირ არ ამბობენ, რომ არგუმენტი ოკუპირებული ტერიტორიებია, თუმცა, აქაც სურთ, რომ პროგრესი დაინახონ. არავინ ამბობს, რომ ვიდრე კონფლიქტებს არ მოაგვარებთ, არ მიგიღებთო, ეს ასე არაა, მათ სურთ პროგრესი.

„ნატოში კარგად ესმით რუსეთის აზრი, რომ მანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, ნატოში არ მიიღებენ, ამიტომ არავინ არ გვიყენებს ამ პირობას, რომ ვიდრე კონფლიქტებს არ მოაგვარებთო - მაგრამ მათ აინტერესებთ კონფლიქტის მოგვარებისთვის რას აკეთებ, დაგვანახე, თუ შენ ქუთაისში მიდიხარ, მაჩვენე, რომ ქუთაისის გზას ადგახარ, ფეხით, ურმით თუ მატარებლით, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ შენ თუ წამოწოლილი ხარ, ან თელავის გზას ადგახარ, მაშინ შენ ქუთაისში არ მიდიხარ.

„ანუ, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, რომ დაინახონ ჩვენი მოძრაობა ან ფეხით, ან თვითმფრინავით. მთავარი მომენტი არის და არა კონფლიქტი, არამედ სასამართლოს რეფორმა, დეცენტრალიზაცია, ანუ დემოკრატიული ინსტიტუტები, პარლამენტი პარლამენტს უნდა ჰგავდეს და ა.შ. თუ ყველა ეს საკითხები მოგვარებული იქნებოდა, მგონია, რომ ნატოში გაწევრიანების უფრო მეტი შანსი გვექნებოდა."- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი „რეზონანსთან" ცალსახად მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი წინასაარჩევნო კამპანიას უკავშიდებოდა.

„ეს ვიზიტი პოლიტიკური სიმბოლური ხასიათის იყო, არჩევნების წინ გახარიას და კონკრეტულად „ქართულ ოცნების" მხარდაჭერის, უფრო ეს დატვირთვა ჰქოდა, თორემ ამ ვიზიტის მერე რომ ხვალ ნატოში არ მიგვიღებენ, ამას მგონი ყველა ხვდება.

„წინსვლას ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური ნება სჭირდება, ამისთვის კი საჭიროა, რომ სიტუაცია ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალოს, საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი უფრო გაძლიერდეს, დასუსტდეს რუსეთი, ან გახდეს უფრო კონსტრუქციული, ჯერჯერობით ეს არ ხდება" - განაცხადა შარაშენიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×