თამთა ჩაჩანიძე
01.10.2020

საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ამასთან ყოველდღიურად იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი. მეტიც, უკვე თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრიც კი ამ საგანგაშო ნიშნულზე საკმაოდ შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს.

„მეტი რა ვთქვა. ის, რაც გვერდზე ქვეყნებში ან შორს ხდებოდა, ამის მაგალითები ხომ იყო, ხომ ვიცით, რომ ეს დაავადება ასეთია. კი ბატონო, 85% ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიტანს, მაგრამ ამოარჩევს ვიღაც მოწყვლადს ჩვენს შორის და იმას მოკლავს, აუცილებლად მეზობელს ან ოჯახის წევრს უნდა მოუვიდეს, რომ გავიგოთ? რთულია სხვის მაგალითზე ისწავლო? აუცილებლად საკუთარ მაგალითზე უნდა ისწავლო?" - განაცხადა „პალიტრანიუსთან" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ხუთშაბათს დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის ხუთი ასეული შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ნახევარზე მეტი აჭარის რეგიონში გამოვლინდა, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, შესაძლოა შემთხვევათა პიკი რამდენიმე დღე გაგრძელდეს, ხოლო შემდეგ რაოდენობა დაიკლებს.

„ ყველა ინფიცირებული თანდათან ვლინდება. ეს კარგია, რომ ყველა ინფიცირებული ვლინდება და არ რჩება ბინაზე და საზოგადოებაში. შესაბამისად, ვფიქრობ რამდენიმე დღე გვექნება პიკი, შემდეგ კი შემცირდება", - განაცხადა ენდელაძემ.

როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსაქნდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე თითქმის ხუთი ასეული შემთხვევა მოსალოდნელი იყო, მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, საერთო შეზღუდვები მაინც ჯერჯერობით საჭირო არაა.

„პირადად მე ეს ციფრი რაღაც განსაკუთრებულს არ მეუბნება. ცუდია, რომ იმატებს, მაგრამ ბოლო ორი კვირიდან და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბუნებრივი პროცესია. რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბის შეზღუდვების საჭიროება არაა, უბრალოდ კონკრეტულ ეპიდაფეთქებაში ეპიდკვლევები უნდა გაგრძელდეს, მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

„დანარჩენ საქართველოს რაც შეეხება,რეკომენდაციებს უნდა მივყვეთ, ამ ეტაპზე პანდემიასთან მთლიანი საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გაცემულ რეკომენდაციებს არ იცავდნენ. თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავციცავთ და თუ რამე სიმპტომები გვექნება, ხალხმრავალ ადგილებში არ მივალთ და სამედიცინო დაწესებულებებს მივმართავთ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაცია არ მოხდეს. სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვები ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არაა.

„განვლილი შემთხვევებიდან გამომდინარე, სტაციონარში მკურნალობა მძიმე პაციენტებმა უნდა გააგრძელონ, ან იმ პაციენტებმა, ვისი მდგომარეობაც საყურადღებოა. საშუალო სიმძიმის პაციენტები, რომლებიც სტაციონარში მოხვდებიან, კლინიკას მალევე, დაახლოებით რვა დღის შემდეგ უკვე დატოვებენ.

„უკვე ისე გაიზარდა რაოდენობა, რომ რამდენი თავისუფალი ადგილია, ეს ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა აჭარის რეგიონს თუ არ ჩავთლით, სხვაგან თავისუფალი საწოლები ჯერჯერობით არის," - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×