
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გიცირიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას" გუშინ საარჩევნო პროგრამა არ წარუდგენია და საკუთარი საშინელი რვაწლიანი მმართველობის გამართლებას შეეცადა.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე 17 წლის წინანდელ წარსულზე ისაუბრეს.
„სად არის პროგრამა? პროგრამა წარმოადგინეს, დიდი ქორწილი გამართეს და პატარძალი არ იყო. ეს არის „ქართული ოცნების" სიცრუე და თვალში ნაცრის შეყრა. პროგრამა კი არ წარმოადგინეს, საკუთარი საშინელი რვაწლიანი მმართველობის გამართლებას შეეცადნენ; იმ რეჟიმის, რომელმაც ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო. რვაწლიან წარსულზე კი არ ილაპარაკეს, არამედ მთელი დრო დაეთმო რვა წლის წინა ცხრაწლიანი წარსულის ძაგებას. ანუ, დღეს საუბრობენ 17 წლის წინანდელ ამბებზე. 17 წლის წინ ვის დაესიზმრებოდა, რომ ილონ მასკი სამყაროს ინტერნეტით დაფარავდა და კოსმოსში სამი ათას ზონდს გაუშვებდა? ის მოყევი, 17 დღის შემდეგ რა მოხდება და რა ელოდება ლარსა და ფასებს. არც ერთი სიტყვა არ ყოფილა ეკონომიკაზე. ქვეყნის ეკონომიკა დააქციეს, ქვეყანა კორუფციამ და ბიუჯეტის ძარცვამ წალეკა", - განაცხადა გოცირიძემ.