
საქართველოში პანდემია კრიტიკულ ფაზაშია. ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახტომისებურად იზრდება, გარდაცვლილთა დინამიკა კი რადიკალურად უარესდება - როდის იქნება ვაქცინა და როგორ შევაჩეროთ ვაქცინამდე ვირუსი? - ამის შესახებ ინფექციონისტები „რეზონანსთან" საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. ზოგიერთი სპეციალისტი კიდევ უფრო ოპტიმისტია და იმედოვნებს, რომ ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში უკვე ამ წლის ბოლომდე შემოვიდეს.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ვირუსის შეჩერების ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაა, რომელიც დიდი ალბათობით ზამთრი ბოლოსთვის იქნება საქართველოში.
„ვირუსის შეჩერების ეფექტური საშუალება ჯერ-ჯერობით არ არსებობს, გარდა იმ საშუალებებისა, რასაც ხშირად ვამბობთ ხოლმე. ეს არის ფიზიკური დისტანცირება, პირბადეების გამოყენება და დახურულ სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. ვირუსის შეჩერების სხვა საშუალება ამ ეტაპზე არ არსებობს.
ზოგიერთი ქვეყნები ყიდულობენ რუსეთიდან ვაქცინას და რუსეთშიც გამოიყენებენ. თუმცა, რუსულ ვაქცინას ჯერ-ჯერობით საერთაშორისო აღიარება არა აქვს. მისი გამოყენება ამ ეტაპისთვის უსაფრთხოდ ვერ ჩაითვლება", - განაცხადა გოგინავამ.
მისივე თქმით, საქართველო განვითარებული ქვეყნებისგან ელოდება ვაქცინის შექმნას.
„საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია არის, შესაძლოა ამ წლის ბოლოსთვის საქართველოში ვაქცინა იყოს. ჯერ ბოლომდე არ არის დაზუსტებული. მიდის მუშაობა ვაქცინის სახეობებზე, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რომელი ფორმის ვაქცინა იქნება - პერორალური გამოყენების (მაგ. აბი) თუ ინექცია.
უცნობია ისიც, ვაქცინა საიდან იქნება - ამ კუთხით გამალებულად მუშაობენ ბრიტანეთი, ამერიკა, იაპონია და სხვა ქვეყნები. როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინას აღიარებს, მას შემდეგ შეეძლება საქართველოს ვაქცინა შეისყიდოს და საჭიროების მიხედვით გამოიყენოს.
ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტი და გათვლაა, რომ ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში საქართველოში გვქონდეს. ვიმედოვნებ, მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის ვაქცინა გვექნება", - განაცხადა „რეზონანსთან" გოგინავამ.
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინის დამზადება თებერვლის ბოლომდე მოესწრება.
„სანამ ვაქცინას დატესტავენ, ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გაგრძელება და კიდევ უფრო გამკაცრდება კარგი იქნება, მაგრამ არა ჩაკეტვებით და ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებით. ვაქცინის დამზადებას მინიმუმ ერთი წელიწადი სჭირდება, შემდეგ კვლევა ხდება თაგვებზე და ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი ნებით დათანხმდებიან ვაქცინის გამოყენებას. ვიმედოვნებ, საქართველოში თებერვლამდე მოესწორება ანტივირუსული ვაქცინის დამზადება", - განაცხადა ხმალაძემ.
ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციაში უნდა წავიდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნება.
„ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სომპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ამაზე გამახვილდა დღეს ყურადღება საკოორდინაციო საბჭოზე, ერთ-ერთი მთავარი ახალი მოდგომა, რაც გექნება იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ტოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ექვემდებარება. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩება ბინაზე, თუ არა და კარანტინში გადაყვანას გულისხმობს 14 დღის განმავლობაში. 14 დღე ყოფნა კარანტინში ან იზოლაციაში, ყოველგვარი კვლევის გარეშე, ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს უკეთებენ კვლვას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა", - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, 3 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა, საერთო რაოდენობამ კი 46 შეადგინა, 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო საერთო მაჩვენებელი 7090 გახდა.