ქრისტინე კაპანაძე
04.10.2020

„ეს არის გიორგი ვაშაძის ოცნება, რომელიც ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ არ აუხდება", - ასე აფასებს „ქართული ოცნების" დეპუტატი კახა კუჭავა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ დაანონსებულ 15 ოქტომბრის დებატებს მასსა და პრემიერ გიორგი გახარიას შორის.

„მე მეეჭვება, რომ გახარია ამ დებატებს დათანხმდება. ვაშაძე კი რატომ აანონსებს დებატებს, მე არ ვიცი. მეც შემიძლია ხვალ დავაანონსო ტრამპთან დებატები, თუმცა, ამით რა?!" - ამბობს კახა კუჭავა „რეზონანასთან" საუბრისას.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მმართველი ძალის მხრიდან ვაშაძესთან დებატებზე უარის თქმა „ქართული ოცნების" რეიტინგზე არავითარ გავლენას არ მოახდენს.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მიერ დაანონსებულ დებატებსა და მმართველი გუნდის მხრიდან მოსალოდნელ უარს „რეზონანსთან",ექსპერტი არჩილ გამზარდია აფასებს. კუჭავასაგან განსხვავებით, ის ფიქრობს, რომ დებატებზე უარის თქმა „ქართული ოცნებაზე" უარყოფითად აისახება.

„ვაშაძეს აქვს გათვლა, რომ თუ ხელისუფლებისგან დებატებზე უარს მიიღებს, პოლიტიკური პროპაგანდის თვალსაზრისით, მმართველი ძალა უარყოფით ჭრილში წარმოჩინდება, რადგან ვაშაძის შეთავაზების მიუხედავად ხელისუფლება არ თანხმდება დებატებს. უარის შემთვევაში ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ არ მიიღებს მონაწილეობას პრემიერი დებატებში და პოლიტიკური პროპაგანდის გათვალისწინებით, გახარია უარყოფითად და სუსტად გამოჩნდება, პირველ რიგში საზოგადოების თვალში.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მაინცდამაინც სოლიდური ხერხი, გათვლა სწორედ ეს არის და ასეთი შემთხვევები სხვადასხვა დროს გამოუყენებიათ პოლიტიკოსებს - ეს ბუნებრივია.

„მმართველი ძალა უნდა დათანხმდეს დებატებს. აქ შეკითხვაც არ უნდა დაისვას და ეს არ უნდა იყოს განხილვის საკითხი. წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც წარმოდგენილია საარჩევნო სიები პოტენციური პრემიერიების თაოსნობით, ამ შემთხვევაში უნდა იმართებოდეს როგორც მაჟორიეტარების დებატები, როგორც პარტიის ლიდერების დებატები, ასევე პრემიერობის კანდიდატების დებატებიც. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიეთებელი ელემენტარული ნორმა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ დემოკარტიული ქვეყნის კომპონენტები მხოლოდ ფრაგმენტულად გაგვაჩნია და არა არსებითად.

„როდესაც სახელმწიფოში ხელისუფლებას აქვს შერჩეული რამდენიმე არხი და მხოლოდ იქ მიდიან, ასევე აქვთ შერჩეული ტელევიზიები, რომლებშიც პრინციპულად არ მიდიან, როცა მედიასთან ურთიერთობა მათი პირდაპირი ვალდებულებაა, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გახარია დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„რასაკვირველია, საკომუნიკაციო შეჯიბრება არის მნიშვნელოვანი და მოქალაქეს აძლევს საშუალებას ცალ-ცალკე უსმინოს, შედარებითობის პრინციპით გააკეთოს დასკვნები და ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია. ჩვენ გვინახავს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი დებატების დროს იკვლევენ პარალელურად საზოგადოებრივ აზრს და არაერთი ცვლილება მომხდარა საზოგადოებრივ განწყობასა და გადაწყვეტილებებზე დებატების პროცესში.

„ამ შემთხვევაში, პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, როდესაც დემოკრატიულ სამყაროში დებატები მიიჩნევა არჩევნების აუცილებელ წინაპირობად და ამაზე საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს, ეს, რა თქმა უნდა, სისუსტის გამომხატველობაა და ერთგვარი კომპლექსნარევი ქედმაღლობის დემონსტირებაც, რომელიც თავისთავად არ ჯდება დემოკრატიული ქვეყნის შინაარსში, მათ შორის სოლიდურობასა და პოლიტიკურ კულტურაში," - ამბობს არჩილ გამზარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×