
„კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი იმ შემთხვევაში გახდება განგაშის საფუძველი, თუ საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს დასჭირდებათ მძიმე ტექნიკური დახმარებები", - ასე აფასებს ექიმი ირაკლი ხმალაძე კორონავირუსის მაჩვენებლის სწრაფ ზრდას და ამბობს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდა.
„გაზრდილი მაჩვენებლიდან - 554 ახალი შემთხვევიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ ვირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების მატებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იქნება შემთვევები, როცა საჭირო გახდება რეანიმაციული დახმარება, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ვითარება არ ქმნის განგაშის საფუძველს," - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
იგი არ ფლობს ინფორმაციას ინფიცირებული პაციენტების ზუსტ რაოდენობაზე, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას გადის სასტუმროებსა და სახლებში, ასევე ვირუსი შედარებით მარტივ ფორმებში აქვთ გამოვლენილი და მკურნალობაც მარტივად მიმდინარეობს. ამის საფუძველზე იმედოვნებს, რომ არსებულ პაციენტებს არ დასჭირდებათ მძიმე ტექნიკური ჩარევები და რეანიმაციული დახმარება.
„მე არ ვიცი ახლა რამდენი პაციენტია მძიმე მდგომარეობაში. მთავარია მათი პროცენტული რაოდენობა არ გაიზარდოს. თუმცა, მაგალითისათვის, ეს მაჩვენებელი სეზონური გრიპის შემთხვევას რომ შევადაროთ, ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა უფრო მეტიც ყოფილიყო.
„კიდევ ერთხელ ვამბობ - განგაში იმ შემთხვევაში უნდა ატყდეს, თუკი საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს დასჭირდებათ მძიმე ტექნიკა და რეანიმაციული თუ სხვა სახის დახმარება, რომელიც მოითხოვს სპეციალისტების მიერ მძიმე ინფექციურ-თერაპიულ ჩარევას. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა ამ ყველაფერს არ საჭიროებს და კორონავირუსს თვითიზოლაციის პირობებში - სახლში და სასტუმროებში მკურნალობენ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არ გვაქვს განგაშის საფუძველი.
„მეორეს მხრივ, თუ ყველაფერი ჩავკეტეთ, ეს გამოიწვევს ეკონომიკურ კატასტროფას, რაც სახელმწიფოში შექმნის კრიტიკულ მდგომარეობას.
„ასევე მინდა დავამატო, რომ ბოლო დროს კორონა ვირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირება გამოწვეულია მოსახლეობის მოდუნებული ყურადღებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების უგელვებელყოფით," - ამბობს ირაკლი ხმალაძე.