ქრისტინე კაპანაძე
06.10.2020

რუსეთის ჩარევაზე საქართველოს 31 ოქტომბრის არჩევნებში თბილისში განსხვავებული მოსაზრებებია. სამიდან ორი საერთაშორისო ექსპერტი, ვისაც „რეზონანსი" ამ საკითხზე ესაუბრა, ამ საშიშროებას რეალურად თვლის, მესამეს კი ეს ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნია, რადგან გაურკვეველია, ვის უნდა დაეხმაროს რუსეთი გამარჯვებაში.

„ქართული ოცნების" ალტერნატივა არის „ნაცმოძრაობა" და მიშას გაამარჯვებინებს პუტინი? არარეალისტურად მეჩვენება," - აცხადებს ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე.

„გასაგებია აშშ-ს საელჩოსა და ევროპარლამენტის შეშფოთება, რომ კარგი სურთ ჩვენთვის, მაგრამ დავუშვათ ჩაერია რუსეთი არჩევნებში, ვის უნდა გაამარჯვებინოს?! მათ განსაკუთრებული ჩარევა არ დასჭირდებათ, რადგან „ნაცმოძრაობას" წესით „ქართული ოცნება" ურჩევნიათ. რასაკვირველია მმართველ გუნდს პრორუსულობას პირდაპირ ვერ დავაბრალებ, თუმცა რუსეთს მგონი უფრო „ქართული ოცნება" ურჩევნია, რადგან ნაკლებ ხათაბალას უქმნის. ჩემი აზრით, ჩნდება ლოგიკური კითხვა, საერთოდ სჭირდება თუ არა რუსეთს ჩარევა, რადგან ვფიქრობ ნაკლებად ადარდებს ჩვენი არჩევნები, თუმცა ელჩებისა და ევროპარლამენტარების პოზიციას მივესამლები," - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

„თუ გადავხედავთ პრაქტიკას და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ასეთი შემთხვევები ყოფილა და რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად ერევა მსგავს პროცესებში. ამიტომ, დაზღვეულნი ნამდვილად არ ვართ," - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

„ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველო არაერთხელ იყო რუსეთის სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გადავდგით გარკვეული ნაბიჯები, მაინც არსებობს საფრთხე. ბოლო დროინდელ ჰაკერულ შეტევებსაც თუ გავითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე და იქამდე სხვა გვერდებზე, ეს რისკები უფრო თვალსაჩინო გახდება. შესაძლებელია, მინიმუმ ამ კუთხით ჩაერიოს. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა „სასიამოვნო სიურპრიზებსაც" უნდა ველოდოთ მათგან.

„საფრთხე მაღალია იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც რუსეთი იყენებს, არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ამიტომ შეიძლება ეს მიმართულება გააქტიუროს. თავისთავად ჩვენც უნდა გავააქტიუროდ ამ კუთხით მუშაობა, რათა თავი დავიცვათ. ამ საკითხზე რომ ვსაუბრობთ, ეს უკვე კარგია, რადგან ნიშნავს, რომ საფრთხე მეტნაკლებად გაანალიზებულია," - ამბობს ჩხიკვაძე.

ამავე დროს ხათუნა ლაგაზიძეც ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ჩარევა, პირველ რიგში, ჰაკერულ თავდასმებში გამოიხატება.

„უპირველეს ყოვლისა დასაცავი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერები, რათა არ მოხდეს მონაცემებზე წვდომა და პარალიზება," - ამბობს ლაგაზიძე.

„ასევე მოსალოდნელია დეზინფორმაციული კამპანიის გავრცელება, რომელიც წლებია მიმდინარეობს, მაგრამ წინასაარჩევნოდ ამან შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე ხასიათი მიიღოს. ასევე რუსეთის ხელწერა მოსალოდნელია პროვოკაციებში, განსაკუთრებით სომხეთ-აზერჯბაიჯანის კონფლიქტის ფონზე სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საკითხებზე - განსაკუთრებული სიფრთხილეა ამ მხრივ საჭირო - როგორც უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდგომ დღეებშიც.

„მოსალოდნელია ღიად პრორუსული პარტიების ხელშეწყობა და მათი მეშვეობით პროვოკაციების დაგეგმვა. თავად ხელისუფლების დანაშაულია რომ ქვეყანაში ასეთი პარტიები ღიად განაგრძობენ საქმიანობას.

„ვითარებას ართულებს აშშ-ში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა არჩევნების კუთხით, რადგან შეიძლება ამის ფონზე საქართველოსთვის აქტიურად ვეღარ მოიცალონ. ამის მაგალითია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ამერიკის ძალიან პასიური პოზიცია და ბოლო პერიოდში ევროკავშირის ზედმიწევნითი პასიურობა. ამ ფონზე მოსალოდნელია რუსული პროვოკაციების საშიშროება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს წინსწრებით როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციიური სპექტრის მხრიდან - ევროკავშირის და აშშ-ს ყურადღების და მხარდაჭერის მოსაპოვებლად რადგან მერე უკან მიდევნებული ლამპარივით არ აღმოჩნდენ.

„მნიშვნელოვანია, რომ შიდა სირთულეების მიუხედავად აშშ-ს საელჩო დახმარებისთვის მზად არის და ამას ღიად აცხადებს. უკვე ორი თვეა ამერიკის ელჩი საუბრობს საფრთხეზე, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთის თავდასხმის ობიექტი შეიძლება გახდეს საქართველო განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების კუთხით. მათი პოზიცია გასაგებია, რადგან ისინი ამ საფრთხეს გრძნობენ და შესაბამისად მზად იქნებიან მხარდაჭერისათვის. ჩვენც უნდა დავანახოთ ერთის მხრივ მზადყოფნა თანამშრომლობისათვის და მეორეს ხმრივ ვთხოვოთ თანამონაწილეობა მოსალოდნელი რისკების შემცირებაში. ვიმეორებ ამერიკის საელჩოს როლი კიბერუსაფრთხოების საფრთხეში იქნება უმნიშვნელოვასი," - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×