
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ასობით იზრდება. აჭარაში ვირუსის შემცირება შეინიშნება. ვირუსის აფეთების მორიგი კერა აჭარის შემდეგ, შეიძლება თბილისი გახდეს, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი დედაქალაქში ყოველდღიურად იზრდება.
„თბილისში 134 შემთხვევის დაფიქსირება არ არის დრამატული მატება, თუმცა, ძალიან საყურადღებოა", - განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.
რატომ გაიზარდა თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და საჭიროა თუ არა დამატებითი შეღუდვების შემოღება - ამის შესახემ „რეზონანსთან" ისაუბრა ინფექციონისტმა ირაკლი ხმალძემ და განაცხადა, რომ სანამ ადამიანების მოძრაობა გაგრძელდება, მანამდე ვირუსს ვერ შევაჩერებთ.
მისი თქმით, შესაძლოა ვირუსის ატიპიური ფორმები არსებობს, რომელიც ახალ კლასტერს ქმნის.
„შეიძლება არსებობს დაავადების ატიპიური ფორმები, როდესაც ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მაგრამ ვირუს მატარებელი შეიძლება იყოს. ეს ვირუსის დამახასიათებელი თვისებაა. ატიპიური ფორმების დროს ინფიცირებულს კლინიკურად არ ეტყობა, რომ ავად არის და მასთან ჯანმრთელი ადამიანები ადვილად შედიან კონტაქტში, რაც ინფექციის გადადების რისკს ზრდის.
„თბილისი მაშინ ჩაკეტილი უნდა ყოფილიყო. თუ სადმე ადამიანების მოძრაობა გრძელდება, ვერანაირად ვერ დავიცავთ თავს. შესაძლოა კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა და იქიდან წამოვიდა.
„ვირუსის გაკონტროლება ძალიან ძნელია, მაშინ უნდა მოხდეს მოსახლეობის მთლიანი გამოკვლევა, თუმცა შეიძლება ვირუსი იმ მომენტში ვერ დაიჭირო და მერე აღმოჩნდეს ადამიანის ორგანიზმში.
„თუ ვირუსის კერა არსებობს აჭარაში ან რაიონებში, თავისუფლად შეიძლება მისი გავრცელება. ეს ადამიანები თბილისში ჩამოდიან და არსებობს კონტაქტები. ან თბილისიდან ჩადის ვინმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია არ არის გასაკვირი", - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს, ან ვაქცინით უნდა შევაჩეროთ, რადგან სხვა გზა არ არის ვირუსის შეწყვეტის.
„რეგულაციების გამკაცრება საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მოიმატებს მძიმე ფორმები. გრიპის შემთხვევაშიც არის უამრავი ადამიანი დაავადებული, თუმცა გრიპს ზოგი სახლში იხდის. ამ დროს ასეთი რეგულაციები არ ტარდება.
„როგორც ვატყობ, სანამ ყველა არ მოიხდის ამ ვირუსს, მანამდე არ გაჩერდება, ვაქცინით თუ არ შევაჩერეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისი კი პრაქტიკულად ცენტრია ყველაფრის, მისი იზოლირება და რეგულაციების გამკაცრება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მაღალი პროცენტით თუ მძიმე შემთხვევები წამოვიდა, მაშინ იზოლირება საჭირო გახდება.
„თუ ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სკოლაში, მაშინ უნდა დაიკეტოს. როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, ეს უბრალო ამბავი არ არის. მერე უნდა ვილაპარაკოთ ისევ დისტანციურ სწავლებაზე", - განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი, რაც „ძალიან საყურადღებოა".
„ბოლო 24 საათის განმავლობაში 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 - თბილისში. 68 შემთხვევა იმერეთს უკავშირდება, 8-8 სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს, 6 - შიდა ქართლს, ხოლო 5-5 კახეთსა და მცხეთა-მთიანეთს.
„ყველა ინფიცირებულის წყარო ცნობილია, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება. თბილისში იმატებს, ჯერ არ არის ეს დრამატული მატება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. იცით, რომ პირველ სექტემბრამდე 1510 იყო ინფიცირებული და უკვე თვენახევარში 8 ათასს ასცდა", - განაცხადა ენდელაძე.