ელზა პაპოშვილი
08.10.2020

არსებობს თუ არა ყარაბაღის ომის პარალლეურად საქართველოს ტერიტორიის შემთხვევით ან მიზანმიმართული დაბომბვის საფრთხე და ვის ეკუთვნის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელიც კახეთის ორ სოფელში ჩამოვარდა? ქართველი ანალიტიკოსების თქმით, ეს სავარაუდოდ აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი კამიკაძე დრონებია, რომელიც შესაძლოა სომხეთში, გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან რადიოელექტრონული მოწყობილობებით გამოიყვანეს წყობიდან, დაამყარეს მათზე კონტროლი და საქართველოს ტერიტორიისკენ მიმართეს.

ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებას კახეთში ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

შსს მხოლოდ იმას იუწყება, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე 2 ობიექტი ოთხშაბათს 18:35-სა და 18:45-ზე შემოვიდა. ადგილობრივების მონათხრობიდან ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, მათ მართვა დაკარგული ჰქონდათ და სწორედ ამის შედეგად აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ჩამოვარდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაკეთებულა, ფოტოების და ვიდეობის საშულებით, რომელიც ადგილობრივების მიერ არის გავრცელებული, ესქპერტებმა საფრენი აპარატის წარმომავლობა უკვე დაადგინეს. მათი თქმით, ეს არის ისრაეილის წარმოების კამიკაძე დრონი, რომელსაც აზერბაიჯანული არმია იყენებს. სავარაუდოდ, ეს დრონები ყარაბაღისკენ მიფრინავდნენ, თუმცა მართვა დაკარგეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩდნენ. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა უნდა დაადგინოს, როგორ და რატომ მოხვდა ეს აპარატები ჩვენს ტერიტორიაზე. 

გამოძიება საქართველოს მხარემ ოთხშაბათსვე დაიწყო. რას უკავშირდება ინციდენტები, ოფიციალური უწყებები ამ საკითხზე არ საუბრობენ. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ აფეთქების ძლიერი ხმა გაიგეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სოფელი - უდაბნო, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არის ახლოს. აღნიშნული სოფელი ამ საზღვართან ბოლო დასახლებული პუნქტია. ჯერჯერობით სამართალდამცველებს არ აქვთ ბრძანება, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფალი იყოს. 

მეორე სოფლის - სანავარდოს მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ საფრენი აპარატი დასახლებული პუნქტიდან ბევრად შორს ჩამოვარდა და როგორც ისინი აღნიშნავენ, აფეთქების სიმძლავრე ნახევარი კილომეტრის რადიუსზე გავრცელდა.

საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებისგან განსხვავებით, კომენტარი სომხეთმა ამ ფაქტზე უკვე გააკეთა. მათი ინფორმაციით, ირანისა და საქართველოს საზღვრები საფრთხის ქვეშ არის. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენელმა კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და ეს აზერბაიჯანული მხარის აგრესიულ ქმედებებს დააბრალა. არც ოვანისიანის განცხადებით, ამ ეტაპისთვის დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, მისი თქმით, „მოწინააღმდეგის აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერი არ არის“.

სომხური მხარის ბრალდებებისა და კახეთში 2 საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ ოფიციალური კომენტარი ბაქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

შეუძლიათ თუ არა რუსებს გიუმრის ბაზიდან აზერბაიჯანული დრონების გაკონტროლება

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პირველადი დათალიერებით, ფოტო და ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ, უკვე შეიძლება წინასწარ იმის თქმა, რომ ეს საფრენი აპარატი ისრაელის წარმოების დრონი კამიკაძეა. ალადაშვილი ამბობს, რომ მას ქვია „ჰაროპი“, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებაშია და მას ყარაბაღის ომში აქტიურად იყენებს. ისინი მათი საშუალებით, სომხეთის ჯავშანტექნიკას წერტილოვანი დარტყმებით ანადგურებს. 

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ეს უპილოტო საფრენი აპარატი კონფლიქტის ზონიდან 100 კილომეტრზე შორს და რატომ ჩამოვარდა ის საქართველოს ტერიტორიაზე, ალადაშვილი გვპასუხობს: 

„არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატის საქართველოში ჩამოვარდნა ამ კონფლიქტში მესამე ძალის, რუსეთის ჩართვის შედეგად მოხდა. რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებებით რუსეთმა, დიდი ალბათობით, მოახერხა, რომ დრონების მართვა ხელში ჩაეგდო, მწყობრიდან გამოეყვანა და აბსოლუტურად სხვა მხარეს მიმართა - ანუ ჩრდილოეთით, საქართველოს საზღვრის მხარეს. სხვანაირად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ დრონები, რომლებიც მთიან ყარაბახში უნდა გაფრენილიყვნენ, 100 და უფრო მეტი კილომეტრით დაშორებით, ჩვენს საზღვარზე აღმოჩდნენ. 

„არსებობს ინფრომაცია, რომ გიუმირის რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსებმა ახალი რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებები ჩაიტანეს. რუსებმა ის აამოქმედეს. მათი ფუნქციაა, რომ ყველა რადიოელქტრონული საფრენი აპარატების მოქმედებების დაზვერვა და მარშუტის დადგენა მოხდეს. ხოლო უპილოტოების შემთხვევაში, მათი მოშლა, ხელში ჩაგდება და ჩამოგდება ხდება“, - აცხადებს ალადაშვილი „რეზონანსთან“. 

ჩვენს კითხვაზე რამდენად არსებობს საფრთხე, რომ მსგავსი შემთხვევა კვლავაც განმეორდეს და არის თუ არა კახეთში საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა საფრთხის ქვეშ, ალადაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, როდესაც რეგიონში და მითუმეტეს ასე ახლოს კონფლიქტის ზონაა, მსგავსი შემთხვევები ხშირია. შესაბამისად, საფრთხე ყოველთვის არსებობს. თუმცა ფაქტია - საფრენი აპარატის ჩამოგდება დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა და მხოლოდ ვენახში აფეთქდა. ამიტომაც, მიზანიმართულად საქართველოს ეს საფრენი აპარატი არავინ დაუმიზნა და უბროლოდ ორინტაციადაკარგული ჩამოვარდა. 

„რაც შეეხება იმაზე საუბარს, თუ რატომ არ მოხდა საქრათველოს მხრიდან ამ უპილოტი საფრენის აღმოჩენა და ჩამოგდება, ეს ძალიან არაპროფესიონალური განცხადებებია. ასეთ რამეზე როდესაც ვსაუბრობთ, ელემენტარულში მაინც უნდა ვერკვევოდეთ. ასეთი დრონის აღმოჩენა შეუძლებელია. ის მხოლოდ 2-3 მეტრი სიგრძისაა. იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც ჩვენზე ძლიერი რადიოლოკაციური ველი აქვთ, ისინიც კი ვერ ახერხებენ მის აღმოჩენას. ვხედავთ თავად სომხეთის საჰაერო სისტემაც ვერ ადგენს, რადგანაც ის კომპოზიციური მასალებისგან არის დამზადებული და რადიოლოკატორს მისი აღმოჩენა არ შეუძლია. მისი ზომები ძალიან პატრაა“, - ამბობს ალადაშვილი „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ და ამაზე რა სახის რეაქცია უნდა ჰქონდეს; ასევე თავად აზერბაიჯანმა უნდა აღიაროს თუ არა, რომ ეს არ იყო გამიზნული ქმედება და მათი უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოგდებულია, ალადაშვილის პოზიცია ასეთია:

„როცა ნატო სერბეთს ბომბავდა, მაშინ ერთ-ერთი ფრთოსანი რაკეტა ბულგარეთში ჩამოვარდა და შენობა ააფეთქა. ყარაბაღის ომის დროს წინა წლებში ირანის ტერიტორიაც რამდენჯერმე დაიბომბა. საქართველოს ხელისუფლების ადგილას ჯერ გამოვიკვლევდი ვისია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, აქ საკვლევი არაფერია. უპილოტოების დეტალები ექსპერტებს შეუძლიათ დაათვალიერონ. თუ ჩვენც გვეტყვიან, დავეხმარებით და ამაში პრობლემა არაფერია. ამის შემდეგ კი იმ ქვეყანას, ვისიც ეს არის, პროტესტი უნდა გამოვუცხადოთ. 

„რა თქმა უნდა არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანმა ეს მიზანიმართულად საქართველოსკენ გამოუშვა, ამაში ლოგიკა არ არსებობს. როგორც ზემოთ ავხსენი, საქმე ზუსტად შემთხვევითობასთან გვაქვს. ეს იმდენად ძვირადღირებული აპარატია, რომ კახეთში ვენახის ასაფეთქებლად აზერბაიჯანელები ნამდვილად არ გახარჯავდნენ. თანაც ორივე ერთდროულად ჩამოვარდა. ესე იგი მათ მიმართულება მიზანმიმართულად შეუცვალეს“, - აცხადებს ალადაშვილი „რეზონანსთან“.

აზერბაიჯანს საქართველოსა და ირანის გადაკიდება არ აწყობს“

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობაა და მსგავსი რამ არაერთი ომის დროს მომხდარა. მისივე აზრით, აზერბაიჯანს არაფერში აწყობს ახლა ირანთან და საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა, ამიტომაც ლოგიკაში ვერ ჯდება რატომ უნდა მიემართა უპილოტო დრონები საქართველოს საზღვრიკენ. თუმცა, მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, რადგანაც ის კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატად არის ცნობილი, საფრთხე და რისკი არსებობს - ის შეიძლებოდა რომელიმე საცხოვრებელ სახლს დასცემოდა.

„სომხეთის განცხადება ცოტა არ იყოს არალოგიკურია, რადგანაც აზერბაიჯანს საქართველოსა და ირანის გადაკიდება ამ დაძაბული სიტუაციაში სრულად არ აწყობს. ახლა, როდესაც ასეთი საომარი მოქმედებებია, მსგავსი შემთხვევითობა ხდება ხოლმე. არ არის გამორიცხული, რომ საფრენი აპარატები მწყობრიდან გამოვიდნენ და დანიშნულების ადგილს ასცდნენ. ასევე არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე ქვეყანამ მიზანიმიმართულად ჩამოაგდოს. ანუ ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს იმის გარდა, რომ ეს აზერბაიჯანმა მიზანმიმართულად გააკეთა. 

„მსგავსი თვითფრინავის ჩამოვარდნა ადრე ყარაბაღის ომის დროს ირანშიც მოხდა. ასევე მისი ტერიტორიებიც დაიბომბა. ამიტომაც გასაკვიირ არაფერია. უბრალოდ, ამ დაძაბულ სიტუაციაში საქართველომ მხოლოდ აზერბაიჯანთან ინფორმაციის გაცვალა სამხედრო დონეზე უნდა სცადოს. რაიმე საპროტესტო ნოტას გაგზავნა საჭირო არაა“, - ამბობს „რეზონანსთან“ ზაქარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×