
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, ადამიანების ნებისმიერი შეკრება, იქნება ეს კლასში, ოფისში, რესტორანში თუ სხვაგან, რისკებს შეიცავს. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„კორონავირუსის შემთხვევები იქნება სკოლაში, ისევე როგორც სხვა თავშეყრის ადგილზე, მაგრამ ამის გამო ცალკე აღებული სკოლების დაკეტვა არ ღირს, რადგან ჩვენ ბავშვებს იმიტომ ვარიდებთ სკოლას, რომ ინფექცია ხანდაზმულ ოჯახის წვერებს არ გადასდონ, და თუ ის ხანდაზმული ოჯახის წევრები გარეთ იქნებიან, იმუშავებენ და ყველგან ივლიან, მაშინ ამ ბავშვების სახლში დასმა აზრს კარგავს“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1- ლი ოქტომბრიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მთელი აჭარის ტერიტორიაზე გრძელდება.