ქრისტინე კაპანაძე
08.10.2020

მმართველი პარტია ე.წ. დავით გარეჯის საქმესა და მასთან დაკავშირებულ სკანდალს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირებს და ოპოზიციის კრიტიკას ამ საკითზე კრიტიკითვე პასუხობს. ამის შესახებ ამის შესახებ სამშაბათს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ოპოზიცია თავად მართავდა აქციებს დავით გარეჯთან.

„არავითარი კავშირი, ბუნებრივია, ამ გამოძიებას არ აქვს იმ საკითხებთან, რომლებზეც საუბრობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მითუმეტეს, ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ძალიან ცუდად აქტიურობდნენ თავის დროზე, როდესაც გააქტიურდა მსჯელობა გარეჯის თემაზე.

„მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი გამოდიოდა გუშინ და ამბობდა, რომ ამ საკითხის წამოწევა არ იყო სწორი, როდესაც ის აქციებს აწყობდა დავით გარეჯთან, მაშინ როცა ამ აქციების ჩატარება არავითარ შემთხვევაში არ იყო მიზანშეწონილი. ეს არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება", - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიტიმაცია- დემარკაციის პროცესში და დავით გარეჯის საკითზე შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობა რეალურად არსებობდეს.

„სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის" საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას". ეს უტყუარი დანაშაულია, რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, დავით გარეჯთან არსებულ ეჭვებს აქვს მყარე საფუძველი, იქ ტარდებოდა რუსული ინტერესები, სხვაგანაც ტარდებოდა რუსული ინტერესები.

„ჩვენ შეგნებულად სიღრმეში არ შევდივართ და გვაქვს ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული. ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და ოპოზიციური მხარის დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ," - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებულ ოპოზიციის განცხადებებს საქმის პოლიტიზების მცდელობად მიიჩნევენ. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპონენეტებს ურჩია, რომ „გონს მოეგონ".

„არათუ პოლიტიზირებას ახდენენ, აქეთ ხდება შედავება - როგორ გაბედა ხელისუფლებამ და პროკურატურამ და როგორ დასვეს საკითხი, რომ უნდა დაიცვან ეროვნული ინტერესი. წარმოუდგენელია, რომ ასე არ გაინტერესებდეს საკუთარი ქვეყნის და ტერიტორიების ბედი, ან თუ გაინტერესებს და განზრახ აკეთებ, ეს კიდევ უარესი. ასე რომ, იქნებ მოეგოს ეს ხალხი გონს და მიხვდნენ რა განცხადებებს აკეთებენ, ამ თემით სპეკულირება დაუშვებელია, მითუმეტეს იმ რთულ ფონზე რაც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყცელაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ - ჩვენ არაფერი გვაქვს შესადავებელი აზერბაიჯანის მხარესთან და მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან", - აცხადებს ოხანაშვილი.

ირაკლი კობახიძის აზრით კი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს მართლა აქვს თუ არა აღებული საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით 70-80 მილიონი.

„ვინ იყო ჩართული ამ ყველაფერში, მათ შორის, პოლიტიკურ დონეზე - გამოძიებამ უნდა დაადგინოს. აქ არის ბევრი საეჭვო გარემოება, მაგრამ ჩვენ ეჭვებით ვერ ვისაუბრებთ. როდესაც წამოსცდა სააკაშვილს, რომ 70-80 მილიონი აქვს აღებული ამ საქმეში, ბუნებრივია, ჩვენ ეჭვების დონეზე და სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული საუბრების დონეზე, ვერ მივიღებთ ვერავითარ გადაწყვეტილებას," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ოპოზიცია და ანალიტიკოსთა ნაწილი პროკურატურის მხრიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე გამოძიების დაწყებასა და კონკრეტული ჩინოვნიკების დაპატიმრებას გაუმართლებლად მიიჩნევს. მათი აზრით, ხელისუფლება ცდილობს ეს სკანდალი არჩევნების წინ თავისი ოპონენტები დისკრედიტაციისათვის გამოიყენოს. გარდა ამისა, ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება ბაქოში შეიძლება მტრულ ნაბიჯად აღიქვან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×