
პირველ რიგში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით, მშობლებს ინფორმაციას სამომავლოდ მიაწვდის და შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმაში ეს ყველაფერი კონკრეტული თარიღებით იქნება წარმოდგენილი.
„პირველ რიგში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და ჩვენი დღის წესრიგში დგას, უფრო დეტალურად და კონკრეტულად არსებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, შემდეგ კვირას ვისაუბრებ.
ვიცი, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლებისა და ბაღების განახლებას და ამ მიმართულებით, შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმაში ეს ყველაფერი კონკრეტული თარიღებით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ეპიდემიის მართვასთან ერთად გვესმის, რომ ეს შეზღუდვები, როგორც ყოფით, ასევე ეკონომიკურ დისკომფორტს უქმნის უამრავ მოქალაქეს, ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ არსებულ ეპიდვითარებას", - განაცხადა რიჟვაძემ.