
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად გაიზრდება, შესაძლოა ნებისმიერი დიდი სივრცე საავადმყოფოდ გადაკეთდეს.
მისი თქმით, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და თუ საავადმყოფოებს აღარ ექნებათ ახალი პაციენტების მიღების რესურსი, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება.
"ძალიან დიდი რაოდენობით პაციენტი თუ დაგროვდა, საავადმყოფოებში უბრალოდ ადგილი აღარ იქნება და როგორც ხდება სხვა ქვეყნებში, შესაძლოა დიდი სივრცეები, დიდი დარბაზები დაიკეტოს და საავადმყოფოებად გადაკეთდეს. ეს ასე ხდება მთელს მსოფლიოში", - განუცხადა Report.ge-ს კულუმბეგოვმა.
ექიმის თქმითვე, ეს ნაბიჯი უკიდურესი ზომა იქნება, რადგან საქართველოში საკმარისი რაოდენობის საავადმყოფოა.
"არ მგონია დამატებითი შენობების საჭიროება დადგეს. საწოლფონდი ზოგადად დიდი გვაქვს ქვეყანაში. იმაზე მეტი საავადმყოფოა საქართველოში ვიდრე მშვიდობიანობის დროს გვჭირდება", - ამბობს ექიმი.