
ბათუმის ეპიდემიური სურათი შესაძლოა გახდეს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გადაისინჯოს შეზღუდვების რეჟიმი. ეს საკითხი შემდეგ კვირაში დადგება, მას შემდეგ, რაც სტაბილური გაუმჯობესების სურათი გვექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ოპერატიული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და კვების ობიექტებთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვები ეფექტური იყო და ამან თავისი შედეგი გამოიღო.
„კარგია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა აჭარაში სტაბილიზაციასთან ერთად პანდემიის მაჩვენებლების გაუმჯობესება აღინიშნება და გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა უკვე აღემატება ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას.
ეს არ გვაძლევს ოდნავი მოდუნების საშუალებასაც კი. მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც პრევენციის, ასევე ჰოსპიტალური ქსელის და პირველადი ჯანდაცვის მზაობის კუთხით გრძელდება.
აშკარაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით და კვების ობიექტებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ეფექტური იყო და ამან თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ ვიყენებთ შეზღუდვების შემოღებისა და შემდეგ ეტაპობრივი გაიოლების კუთხით 2-კვირიან ეტაპებს.
ბათუმის ეპიდემიური სურათი შესაძლოა გახდეს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გადაისინჯოს შეზღუდვების რეჟიმი და ამასთან დაკავშირებით შემდეგ კვირაში დადგება საკითხი, მას შემდეგ, რაც სტაბილური გაუმჯობესების სურათი გვექნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.