
არ მგონია ან მიხეილ სააკაშვილი იყოს პრობლემა, ან ივერი მელაშვილი ან დღევანდელი ხელისუფლება, ალბათ, უფრო საქმისადმი ადამიანების უგულობა. როცა რაღაცის თავი არ გაქვს, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებ, იქ არ უნდა იმუშაო, - ასე აფასებს ჟურნალისტებთან საუბრისას ბოდბელი ეპისკოპოსი დავით გარეჯის საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, გარეჯის საკითხში ჩახედულია და ზოგადად ამ საკითხის მიმართ ინფორმაციას "ადრეც" ფლობდა. კითხვაზე, აპირებს თუ არა საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს ის ინფორმაცია, რაც იცოდა, მაუფე იაკობის თქმით, საგამოძიებო უწყებასთან პირადად არავითარი შეხება არ აქვს.
„მე თემები ადრე ვიცოდი. ალბათ, სჯობს, დაველოდოთ. ყველამ იცოდა... ქალბატონი კარტოგრაფიაში ძალიან ძლიერია და ბატონი ივერი სამინისტროში იყო და თავის საქმის პროფესიონალი იყო - რუკებს რომლებსაც იქ იყენებდნენ, კაზუსი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ის ჩვენი იყო, მაგრამ ზუსტად ის რუკები, რომლებიც გამოიყენებოდა ამ საკითხში, ბუნდოვანი იყო, ამიტომ სიტუაციას რომ შეხედო, როგორია - მივიდა აზერბაიჯანი და იქ დადგა. როდესაც არ ეუბნები, რომ სადავოა, ის იქამდე მივიდა", - განაცხადა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ მელაშვილი და ილოჩოვა პროფესიონალები არიან, თუმცა მათი განზრახვის შესახებ არ იცის.
"განზრახვაც არ ვიცი. ვერ იმას დავაბრალებ ადამიანს და ვერც იმას ვიტყვი, რომ ფრთიანი ანგელოზები არიან... ვფიქრობ, როგორც ლაპარაკობენ, რაღაცები აქვთ", - აღნიშნა მან.