რეზონანსი
09.10.2020

სისხლის სამართლის იურისტი მირიან ნიკოლაძე საქრთველოს საზღრის აზერბაიჯანული მხარისთვის უკანონოდ გადაცემის საკითხს სოციალურ ქსელში განიხილავს. ნიკოლაძე აკონკრეტებს თუ რა უქმნის, ამ საქმეში გაუგებრობას და რა ნაწილია გარკვეული.

მისივე თქმით, შესაძლებელი იყო რომ სადაო მონაკვეთის გადაცემაზე მკვლევარს ხელი არ მოეწერა და პროცესი განგრძობადობას მისცემოდა.

„ამ დარგის სპეციალისტისთვის სრულიად გაუმართლებელია, ადამიანთა ბრალეულობაზე ან უდანაშაულობაზე ისაუბრო მაშინ, როდესაც წარმოდგენა არ გაქვს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ეყრდნობი საყოველთაოდ ცნობილ ინფორმაციას, როგორ დამაჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს იგი.

შესაბამისად, საკითხს ასე ვუყურებ:

„რა არის გასაგები და რა გაუგებარი ამ დიდ ეპოპეაში“

გასაგებია:

რაც ბრძანა ბატონმა ი. მელაშვილმა-რომ ჩხრეკის შედეგად და ქართველი ბიზნესმენის წყალობით მოპოვებული რუკა იყო სრულიად უვარგისი აზერბაიჯანულ მხარესთან სასაუბროდ, ვინაიდან იგი აცდენილი იყო რეალურ გეოგრაფიულ მოცემულობას. რადგან მხარეები რუკების წარმოდგენისას ჯერ უტარებენ ექსპერტიზებს ამ რუკებს, ხოლო შემდეგ იყენებენ არგუმენტად, იმდენად ნათელი იყო ამ რუკის „უვარგისობა“, რომ მეორე მხარის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისთანავე აღმოვჩნდებოდით უხერხულ მდგომარეობაში, ამიტომ იქნა იგი დაწუნებული.

გასაგებია:

პროკურატურის შემდეგი არგუმენტები:

1. 1938 წლის რუკა კი არ იყო „უვარგისი“, არამედ კომისიის მიერ გამოყენებული 80-იანი წლების რუკა, რომელიც საერთოდ აცდენილი იყო გეოგრაფიულ რეალობას;

2. 1996 წელს ორმხრივი კომისია შეთანხმდა, რომ საკითხის გარკვეისას გამოიყენებდა მხოლოდ 1938 წლის რუკებს, რის გამოც ქართული მხარის მიერ 80-იანი წლების რუკის გამოყენება იყო დანაშაული;

3. 1995 წლის კომისიის სხდომის ოქმშიც (რომელშიც მონაწილობა მიუღია ერთ-ერთ ბრალდებულს) გარკვევით ჩაიწერა, რომ 80-იან წლებში შედეგენილი რუკები იყო დამახინჯებული, რომ გარეჯის კომპლექსი რჩებოდა საქართველოს საზღვრებს მიღმა და კატეგორიული უარი უნდა გვეთქვა მის გამოყენებაზეო, რის მიუხედევადაც მაინც გამოიყენესო;

გასაგებია:

ის ქვეყანა ქვეყანა არაა, თავისი საზღვრების საკითხს რომ არკვევს სხვა სახელმწიფოსთან და ერთი პროფესიონალი კარტოგრაფი არ ჰყავს მნიშვნელოვან კომისიაში და მიწათმომწყობებს აიძულებს დასკვნების წერას.

ვერ გავიგე:

კარგი, ვთქვათ 1936 წლის რუკა იყო დასაწუნი და 80-იანი წლების სანაქებო, როდესაც ხედავ, რომ შენი ქვეყნის სულიერი და კულტურული ძეგლი შენივე დასკვნით უნდა გადაეცეს მეორე მხარეს, რა პრობლემაა, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის მასშტაბურ პროცესში ეს ერთი (და შენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის) მონაკვეთი დატოვო ღიად, არ მოაწერო ამაზე ხელი და მიჰყვე პროცესის განგრძობადობას, მაშინ როდესაც უამრავ ქვეყანას შორის დღემდე არაა დაზუსტებული საზღვრები, რის გამოც არც ომი მომხდარა, არც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილა და არც მეზობლებს მოუძულებიათ ერთმანეთი?

ამას ვერ მივხვდი და მომკალით....“ - წერს იურისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×