დოლარის ოფიციალური კურსი 2.16 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა და 28 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.1654 ლარად იქნება შესაძლებელი. გიორგი ქადაგიძემ ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრა ის უმოქმედობაში დაადანაშაულა.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ეროვნული ბანკის დირექტორმა "ეროვნულ ბანკზე თავდასხმის მყისიერად შეწყვეტისკენ" მოუწოდა.
"ახლა არ არის გადაბრალების, განტევების ვაცის ძებნის დრო. ახლა არის სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გამოძებნის და განხორციელების დრო, რომლის მიზანიც უნდა იყოს სავალუტო შემოდინებების გაზრდა იმ წყაროებიდან, რომლებზეც ჩვენ გვაქვს გავლენა. ეს საბოლოოდ გამოიწვევს ლარის კურსის გამყარებას და შვებას მისცემს მოქალაქეებს, ვისაც მნიშვნელოვნად დაუმძიმდა სესხის ტვირთი", - აღნიშნა ქადაგიძემ.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა საქართველოს მოქალაქეებზე ლარის კურსის ცვალებადობამ ძალიან იმოქმედა და მათ ბევრი პრობლემა შეუქმნა.
როგორ აისახა ლარის კურსის დაცემა თქვენზე და თქვენი ოჯახის მდგომარეობაზე? - ამ კითხით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გიგი თევზაძე (დოცენტი, პროფესორი):"როგორც მოსახლეობის უმრავლესობას, სესხი, რომელიც მაქვს დოლარში, გამიძვირდა და ცხადია, ამის გამო შემექმნა დიდი პრობლემები."
ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი, მწერალი):"ეს პროცესი არ გაგრძელებულა იმდენი ხანი, რომ კატასტროფულად ასახულიყო ვინმეზე. კი, რა თქმა უნდა, რაღაც დისკომფორტი არის, მესმის, ჩემს ოჯახსაც დოლარში აქვს სესხი გამოტანილი, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს არის ამხელა ამბის ატეხვის საბაბი, რომელიც იმ ადამიანებმა გამოიწვიეს რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა იყოს ცუდ მდგომარეობაში."
გიორგი ყიფშიძე (მსახიობი)"მთლიანობაში რომ კოშმარია, რად უნდა მაგას ლაპარაკი. მე თუ მკითხავ, რომ ამბობენ - ლარი ჯანსაღია და ცოცხალი ორგანიზმიაო - ეს არის თავის გამართლების თემა და მეტი არაფერი."
გივი სიხარულიძე (მსახიობი, პოეტი):"შეიძლება მე და ჩემს ოჯახს დიდი პრობლემები არ შეგვქმნია, მაგრამ მე ვფიქრობ იმ გაღატაკებულ და გაუბედურებულ ხალხზე, რომელსაც ამხელა სესხები აქვს ბანკიდან გამოტანილი და ამდენი ხალხი გამათხოვრდა ამ პროცესების გამო. ის ორი თეთრი უშველის ჩვენს მოსახლეობას?!"
გრიგოლ გაგნიძე (იურისტი):"როგორც მოსახლეობის უმავლესობაზე, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახზეც აისახა ლარის გაუფასურება და იმედია დარეგულირდება ყველაფერი."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე