საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვარს ვერ ამართლებს, მისი "ქადაგება" არ შეესაბამება მის თანამდებობას და სტატუსს. გუშინდელ ბრიფინგზე გიორგი ქადაგიძის სიტყვას ქვეყნის მთავარი ბანკირის არგუმენტირებულ გამოსვლასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
როგორც ჩანს, სებ-ის პრეზიდენტს მეთოდი დაუძველდა. ასე ხდებოდა ადრე, მაგალითად, 5 წლის წინ ან უფრო ადრე - 15 წლის წინ, ან კიდევ უფრო ადრე, 30 წლის წინათ, როდესაც ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე მავანი "გალსტუკიანი" თანამდებობის პირი "დამაჯერებლად საუბრობდა" და ყველა რწმუნდებოდა მის ურყევ პოზიციაში. უკაცრავად, ახლა ხალხი ასე მარტივად აღარ "ბოლდება". იმისათვის, რომ შენი სიმართლე დაამტკიცო, მყარი ალიბია საჭირო, რომელიც ეროვნული ბანკის შემთხვევაში, მინიმუმ, სტატისტიკური მონაცემების ანალიზში გამოიხატება.
ბატონ ქადაგიძეს კი თავისი პოზიციის გასამტკიცებლად, პრაქტიკულად, არც ერთი მაჩვენებელი არ მოუყვანია და მხოლოდ ზოგადად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკის კრახზე. ამიტომ კიდევ ერთხელ გავირჯებით და მოვიყვანთ ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც საპირისპიროს მეტყველებს.
შარშან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,7% შეადგინა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელი ევროპის მასშტაბით; უცხოურმა ინვესტიციებმა ბოლო 6 წლის რეკორდი მოხსნა (დაახლოებით 1,2 მლრდ დოლარი); ვიზიტორების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა (მათ შორის, დეკემბერში მკვეთრად); ექსპორტი უმნიშვნელოდ, სულ 47 მლნ დოლარით შემცირდა (2014 წელს 2,861 მლრდ დოლარი), თუმცა, 2012 წელთან შედარებით, 486 მლნ დოლარით გაიზარდა; ასეთივე მონაცემებია ფულად გზავნილებშიც (2014 წელს 1,440 მლრდ დოლარი), რომელიც მთელი წლის განმავლობაში 37 მლნ დოლარით შემცირდა, თუმცა, 2012 წელთან შედარებით, 106 მლნ დოლარით გაიზარდა.
როგორც ვხედავთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სამაგიეროდ, განსაკუთრებული ვითარებაა ლარისა და დოლარის თანაფარდობას შორის. 2013 წლის 1-ლი იანვრიდან მოყოლებული, 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, მიმოქცევაში მყოფი ეროვნული ვალუტის მოცულობა 713 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო დოლარის მასა 235 მილიონით შემცირდა. ამ დროს სებ-მა 2014 წლის 31 დეკემბერს, უქმე დღეების წინ 650 მლნ ლარის რეფინანსირების სესხი გასცა. ეს პოლიტიკა იანვარ-თებერვალში გააგრძელა უფრო დიდი მოცულობით. მაგალითად, როდესაც ქვეყანაში სავალუტო პანიკა დაიწყო (17-27 თებერვალს), ეროვნულმა ბანკმა ორჯერ 700-700 მლნ ლარის (700 მლნ-ზე მეტი ლარის ისტორიაში არასდროს გაცემულა) რეფინანსირების სესხი გასცა, აქედან ბოლო 26 თებერვალს.
ბატონი ქადაგიძე ამას ეკონომიკის სტიმულირებით ხსნის. ამ დროს კი სწრაფად იზრდება ლარის გაუფასურებით მიღებული ეკონომიკური ზარალის მასშტაბიც. თუ 2003 წელს ლარის აშშ დოლართან ერთი პუნქტით დაცემა ყოველი შინამეურნეობის რეალური შემოსავლების მოცულობას 1 თვეში, საშუალოდ, 0.85 ლარით ამცირებდა, ამჟამად უკვე - 5 ლარზე მეტით. თუ 2003 წელს ლარის ერთი პროცენტული პუნქტით გაუფასურება იმპორტის გაძვირებას მხოლოდ 10 მილიონი ლარით იწვევდა, ამჟამად უკვე 90 მლნ ლარით. მოსახლეობის მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული სამომხმარებლო და იპოთეკით დატვირთული 2.5 მლრდ ლარზე მეტი კრედიტის მხოლოდ მომსახურებაზე 2015 წლის თებერვალში (მთელ წელზე გადაანგარიშებით), შარშანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონი ლარით მეტი იქნება გადასახდელი. ეს არის ბრუნვაში ლარის მასის გაზრდით გამოწვეული ეკონომიკის სტიმულირების შედეგი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარი 37%-ით გაუფასურდა. კიდევ ერთი ასეთი დარტყმა და ქვეყანას ეკონომიკა საერთოდ აღარ ექნება. ჩვენთან ხომ იგი ჯერაც ჩანასახოვან მდგომარეობაშია და ვალუტის სტაბილურობა ეკონომიკის ბედს თითქმის მთლიანად განსაზღვრავს. ეს კარგად იცის მთავრობამ და მით უფრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ამიტომ ლარის კურსზე და ხალხის ნერვებზე თამაში შეიძლება ნებისმიერს ძვირად დაუჯდეს.
და ბოლოს გიორგი ქადაგიძემ რამდენჯერმე გაკვრით ახსენა გამოთქმა "შეკვეთილი სტატიები" და "საეჭვო რეპუტაციის ექსპერტები". როგორც ყოველთვის მან ამ შემთხვევაშიც აარიდა თავი დაკონკრეტებას - არც "გაყიდული" მედიასაშუალებები მიუთითა, არც ე.წ. ექსპერტები და არც "დამკვეთები". სებ-ის პრეზიდენტი კვლავ ზოგადი განცხადებით შეეცადა ფონს გასვლას.
ჩვენ კი დაუფარავად ვამბობთ, რომ პრესა სწორედაც რომ ასრულებს დაკვეთას, ოღონდ ხალხის დაკვეთას. იგი მუდმივად აშუქებს იმას, რაც მარად კოჭლი ეკონომიკის მქონე საქართველოს მოსახლეობას დღენიადაგ აწუხებს. დიახ, ეს ხალხის დაკვეთაა, იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღე შიშით შესცქერიან სავალუტო აბრებს, რომლებიც უკვე წლებია ჯიბეცარიელნი და ვალით დამძიმებულნი დადიან, რომლებმაც მთელი ცხოვრება ლუკმაპურის ძებნაში გაატარეს და რომელთაც ყოველი არჩევნების წინ უსინდისოდ ატყუებს ყველა პოლიტიკური ძალა.
ე.ი. (ეს ისე...) "დაწოლისას, დაძინებამდე, არის ერთი რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით" (გურამ დოჩანაშვილი).
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე