21 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს. ეს გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობამ" რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩაშლის შემდგომ მიიღო და აქცია დააანონსა.
პარტია მთავრობას უნიათობაში ადანაშაულებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებს ერთად გააპროტესტონ მთავრობის უმოქმედობა. მათი თქმით, აქციის მიზანია, საზოგადოებამ პარტიასთან ერთად მთავრობის გადადგომა მოითხოვოს, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად "ნაცმოძრაობას" საკუთარი რეიტინგის შემოწმება სურს.
თქვენი აზრით, რამდენი ხალხი მივა აქციაზე და გაიზარდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი? - ამ კითხვით საზოგადოების წევრებს მივმართეთ.
ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი):"ალბათ გახსოვთ, რომ გასული წლის 15 ნოემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკმაოდ მასშტაბური აქცია გამართა. სხვადასხვა მონაცემებით, პარლამენტის წინ 30 000-იდან 50 000-ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. მაშინ "ნაცები" რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას აპროტესტებდნენ, მათ კი საზოგადოებაც შეუერთდა. ამიტომ მგონია, რომ 21 მარტსაც დაახლოებით იმავე რაოდენობის ხალხი მივა აქციაზე.
"მოგეხსენებათ, "ნაცმოძრაობას" სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, შესაბამისად ხალხის ნაკლებობა ამ აქციაზე არ იქნება. რაც შეეხება რეიტინს, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნება" "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს, რეალურად "ნაცმოძრაბა" მაინც მთავარ ოპოზიციურ პარტიად რჩება, ამიტომ არ მგონია, რომ მათი რეიტინგი შემცირებული ან გაზრდილი იყოს."
ია ანთაძე (ჟურნალისტი):"რამდენი ადამიანი მივა აქციაზე, ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელი იქნება. ამ აქციით "ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ ნახავს და შეამოწმებს საკუთარ რეიტინგს. ცხადია, ყველა პარტიას და განსაკუთრებით ოპოზიციას სჭირდება ხოლმე საზოგადოების განწყობის გადახედვა, ასეთი აქციები კი არის იმის საშუალება, რომ ნახონ კონკრეტულ მომენტში როგორი განწყობაა მათ მიმართ. ამიტომ ეს ერთგვარი რისკიცაა.
"რამდენი ადამიანი მივა აქციაზე, ამას მხოლოდ "ნაცმოძრაობა" არ უყურებს, ამას ნახავს საქართველოს მოსახლეობაც. ვნახოთ, მოვა 21 მარტიც და ჩვენც მათთან ერთად ვნახავთ, როგორია დღეს "ნაცმოძრაობის" რეიტინგი."
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): "ჩვენ ვნახეთ როგორი იყო 15 ნოემბრის აქცია და მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძრაობამ" ეს აქცია ერთი თვით ადრე დააანონსა და ამასთან ერთად რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანა ფინანსური ორგანიზებით შეძლო, აქცია დიდად ეფექტური არ აღმოჩნდა.
"ნაცმოძრაობა" ყოველთვის ცდილობს ისეთი თემებით აპელირებას, რომელმაც შეიძლება ხალხი გარეთ გამოიყვანოს. მათ შორის ისეთი ხალხიც, როგორებიც მათი მხარდამჭერები არ არიან.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის პარტიები, რომლებიც ოპოზიციაში არიან, აქციაზე "ნაცმოძრაობასთან" ერთად არ გამოვლენ და საკუთარ შრომას წყალში არ ჩაყრიან. აქ საქმე ის კი არაა, რამდენი ადამიანი გამოვა აქციაზე და როგორია მათი რეიტინგი, აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ "ნაცმოძრაობა" პირდაპირი და ძალადობრივი მოწოდებით გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს, რაც უკანონობაა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კონსტიტუციის ფარგლებს სცდება."
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი):"ბოლო აქციას თუ გავიხსენებთ, ხალხის ნაკლებობა არ ყოფილა, თუმცა ეს იმიტომ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი. მე პირადად არ ველოდები, რომ მათი რეიტინგი გაიზრდება და მგონია, რომ 21 მარტს იმდენივე ადამიანი გამოვა გარეთ, რამდენიც 15 ნოემბრის აქციაზე იყო. შესაძლოა ძალიან მცირედით გაიზარდოს, მაგრამ არა შესამჩნევად."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე