მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა. დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები.
მათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებზე მოქალაქეთა განცხადებები ათასობითაა, რომელიც პროკურატურის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს: "ეს პოლიტიკური ნებაა და სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან 2012 წლის ოქტომბრამდე ძალიან ბევრ ადამიანს ჩამოართვეს ქონება. ძალიან ბევრი ადამიანი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.
როგორც გახსოვთ, ამაზე მეც ბევრს ვმუშაობდი, სხვა მოდელი მქონდა შემუშავებული, თუმცა ეს მაშინ ვერ იქნა გაზიარებული, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ეს მოხდეს სხვა ფორმით და ეს ფორმა არის პროკურატურის ორგანოებში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ამ კვირაში გამართავს სპეციალურ ღონისძიებას თავისი გეგმების შესახებ", - განაცხადა წულუკიანმა.
თქვენი აზრით, მოხდება თუ არა საქმეების რეალური გამოძიება და დეპარტამენტის მუშაობას ექნება თუ არა შედეგი? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ავთანდილ დემეტრაშვილი (კონსტიტუციონალისტი): "სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა სამართლიანი და სწორია, ამ საკითხის დაყენება ალბათ გამართლებულია. პროკურატურა ამ ყველაფრის გამოძიებას მოკლე დროში რამდენად შეძლებს, ეს რთული საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი დეპარტამენტის შექმნა გამართლებულია, თუმცა კარგი იქნებოდა, ვიღაცას სამოქალაქო შერიგებაზეც ეფიქრა.
გია მაისაშვილი ("ლიდერთა სკოლის" დირექტორი): "იმდენი დრო დაიკარგა, რომ ახლა ამ ყველაფრის ობიექტურად გამოძიება ძალიან ძნელია, პროკურატურას ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი ექნება. დღევანდელი ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია, თუმცა შეუძლებელი არაფერია, მაგრამ მაინც ძალიან რთულია.
თედო დუნდუა (ისტორიკოსი): "თუ მართლა უნდათ საქმეების გამოძიება, ცოტა უნდა დააჩქარონ და არავითარი დეპარტამენტის შექმნა საჭირო არ იყო. პროკურატურა ისედაც უზარმაზარი უწყებაა და სჯობს, საქმეებს მიხედონ. 2012 წლიდან უმარავი საქმეა გამოსაძიებელი და განსაკუთრებით ხშირია ისეთი საქმეები, სადაც ხალხს ქონება დააწერეს.
სპეციალური დეპარტამენტი რას ნიშნავს, რა საჭიროა? პროკურატურა იმის მაქნისია, რომ საქმეები გამოიძიოს, ეს დეპარტამენტი თუ ვერ შექმნეს, ისე ვერ გააკეთებენ? იმიტომ შექმნეს, რომ ბიუროკრატია კიდევ უფრო გაიზარდოს და ახალი ხალხი მიიღონ?
თუ ეს დეპარტამენტი რაღაცას აძლიერებს და საუკეთესო ძალების კონცენტრაციას ახდენს, მისაღებია, მაგრამ თუ იმისთვის არის, რომ პროკურატურას ხალხი კიდევ დაემატოს, მე მგონი, გამართლებული არაა.
მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ნათესავი, რომელთაც სახელმწიფო სამსახურში მოსვლა ვერ შეძლეს, ახლა-ახალ რაღაცებს იგონებენ, რომ უფრო მეტი ხალხი დაასაქმონ, სხვა აზრი მე მგონი, ამაში არ არსებობს.
ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შედეგი ჰქონდეს, იმიტომ, რომ ძალიან კარგად მახსოვს, 2012 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ პროკურატურასთან რამხელა რიგები იდგა. ხალხი საჩივრებით მოდიოდა, ახლა მე მგონი, რიგში არავინ დგას, იმიტომ, რომ ხალხს იმედი გაუწბილდა.
ამას პროკურატურა გამოიძიებს თუ სპეციალურად შექმნილი დეპარტამენტი, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ საქმე დაიძრას და ქონება წართმეულმა ხალხმა, ტყუილად დაპატიმრებულმა ადამიანებმა, რომელთაც კომპენსაცია ეკუთვნით, სამართალი ნახონ.
გარდა მატერიალურისა, მათ პირველ რიგში მორალური კომპენსაცია ეკუთვნით. ეს რაც შეიძლება დროზე და თანმიმდევრულად უნდა გაკეთდეს, რომ ხალხში რაღაცა იმედი მაინც ჩაისახოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე