"ვიცნობ კვირიკაშვილს და მიკვირს, რომ ასეთი რეგრესი განიცადა"
ელზა წიკლაური
03.03.2015

 შემცირებული ექსპორტის, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად მთავრობას კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა ჯერ არ წარმოუდგენია. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ დაიწყება მასობრივი პრივატიზაცია, მოხდება ექსპორტის წახალისება და შემოიჭერენ ქამრებს. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ანტიკრიზისულ გეგმას მთავრობა მალე გამოაქვეყნებს, რაც უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ეს გეგმა ჯერ მზად არ აქვთ.

არადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფუნდამენტური ეკონომიკური პარამეტრების უარყოფითი ცვლილების ფონზე, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ანტიკრიზისული გეგმა აქამდე უნდა შეემუშავებინა.

შემცირებული ექსპორტი

ლარის დევალვაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბოლო პერიოდში ექსპორტის შემცირება სახელდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საგარეო ბაზარი არაა სრულფასოვნად დივერსიფიცირებული და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის დანაკლისს ვერ ავსებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ექსპორტმა 2 908 499,0 ათასი დოლარი შეადგინა, აქედან დსთ-ს ქვეყნებში 1 620 929,3 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, ევროკავშირის ქვეყნებში - 607 891,3 ათასი დოლარის, დანარჩენ ქვეყნებში კი - 679 678,4 ათასი დოლარის.

2014 წელს ექსპორტმა 2 861 191,0 ათასი დოლარი შეადგინა, აქედან დსთ-ს ქვეყნებში 1 465 469,7 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა. შედარებით გაიზარდა ქართული პროდუქციის გადაზიდვა ევროკავშირსა და სხვა დანარჩენ ქვეყნებში, თუმცა ამან საერთო მაჩვენებელზე დადებითი გავლენა მაინც ვერ მოახდინა.

რაც შეეხება 2015 წლის იანვარს, შარშანდელთან შედარებით წელს ექსპორტი 30%-ით შემცირდა. მართალია, ევროკავშირში გატანილი პროდუქციის წილი გაიზარდა, თუმცა ევროპული ბაზრის გახსნამ საერთო სურათი მაინც ვერ შეცვალა.

სამაგიეროდ, ბოლო ორი წელია მატულობს იმპორტი და უარყოფითი სალდო. წელს იანვარში უარყოთიფმა სალდომ უკვე 55%-ს მიაღწია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ქვეყანაში იმპორტმა 8 025 715,4 ათასი დოლარი შეადგინა, 2014 წელს კი - 8 596 286,4 ათასი დოლარი.

პრობლემის მოგვარებას მთავრობამ ექსპორტის წახალისებით აპირებს. "წამახალისებელი" ინსტიტუტი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს. როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, იგი საპარტნიორო ფონდის ბაზაზე დაიწყებს მუშაობას. ასევე დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით.

განახევრებული მშპ

ბოლო თვეებში მცირდება მშპ-ს მაჩვენებელიც. 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3,3%-ით გაიზარდა, 2014 წელს ნაცვლად დაგეგმილი 5%-ისა, ზრდა 4,7% იყო. წელსაც, 5%-იანი საამაყო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე განახევრდა და როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები აცხადებენ, 2-2.5%-ის ფარგლებში იქნება. მთავრობა რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვას აპირებს, პრემიერმა ღარიბაშვილმაც დაადასტურა.

საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჯერჯერობით არ შეუცვლიათ. ამ დროისთვის "ევრობანკი" ქვეყანას ისევ 4.2%-იან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებს. 5%-იან პროგნოზში ჯერ ცვლილება არ შეუტანია მსოფლიო ბანკი. ამ ორგანიზაციებს ახალი პროგნოზი არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ უახლოეს მომავალში ორივე მათგანი ახალ რეალობაზე მორგებულ პროგნოზს წარმოადგენს.

რაც შეეხება სავალუტო ფონდს, მისი მისია უკვე საქართველოში იმყოფება. რამდენიმე დღის განმავლობაში იგი დეტალურად შეისწავლის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და ქვეყნის დატოვებამდე, სავარაუდოდ, პირველად პროგნოზსაც გააკეთებს.

გაჭედილი მცირე ბიზნესი

ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არც დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილა და არც ღარიბთა რაოდენობა შემცირებულა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებული იყო 550 885 ადამიანი, 2014 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით კი 520 217 ადამიანი შეადგინა. "საქსტატს" წლის საბოლოო მონაცემი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც სპეციალისტები პროგნოზირებენ, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა წილი 2013 წლის საერთო მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში არც მათი რიცხვი შემცირებულა მნიშვნელოვნად. სოციალური მომსხურების სააგენტოს ბაზაში 2013 წელს რეგისტრირებული იყო 1 651 639 ადამიანი, საარსებო შემწეობას კი - 453 857 ადამიანი იღებდა. 2014 წელს რეგისტრირებულთა რაოდენობამ, ანუ იმ ადამიანების რიცხვმა, ვისაც თავი ყველაზე გაჭირვებული ჰგონია 1 627 278 შეადგინა, საარსებო შემწეობას კი შარშან 421 357 ადამიანი იღებდა.

არაფერი კეთდება არც მცირე მეწარმეობის მხარდასაფერად. არადა, როგორც მცირე მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე აცხადებს, მცირე მეწარმეობის გარეშე ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება.

"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 30-მდე ოფიციალური წერილი მაინც გვაქვს მომზადებული, სადაც ვითხოვთ, რომ აღდგეს 2006 წელს ნოღაიდელის მიერ გაუქმებული კანონი მცირე მეწარმეობის შესახებ. დღემდე ვერაფერს მივაღწიეთ. უკვე 3 ბიუჯეტი მიიღეს, მაგრამ ერთი ლარიც კი არ ჩადეს, რომ მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი ამოქმედდეს.

როდესაც მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელს და მსოფლიო მშპ-ს 80%-ის "მფლობელ" მცირე მეწარმეობას ქვეყანა გამოაცხადებს კანონგარეშედ და არაფრით დააფინანსებს, ეს არის ამ ქვეყნის დაქცევა. ქვეყანას, რომელსაც არ აქვს მცირე მეწარმეობა, არ აქვს მომავალი", - დასძინა საკანდელიძემ.

დიდი პრივატიზაცია და ქამრების შემოჭერა

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას კი მთავრობა დიდი პრივატიზაციით და ქამრების შემოჭერით აპირებს. როგორც მთავრობაში ამბობენ, პრივატიზაციის პროცესი ძალიან სწრაფად დაიწყება და მალეც დასრულდება, შესაბამისად, გაზაფხულზე ლარი შედარებით გამყარდება.

"ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხა, მარტო ამ ობიექტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას. ამას გარდა, გვექნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

შემოიჭერენ ქამრებსაც, მაგრამ, როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, არა ხელფასების, პრემიებისა და კადრების შემცირების ხარჯზე. თუ რა ხარჯებს გულისხმობდა მთავარი ფინანსისტი "სხვა ხარჯებში", უახლოეს მომავალში გაირკვევა.

"ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი" პაატა შეშელიძე ამბობს, რომ პრივატიზაცია და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტის მომტანი თუ ის რეალურად განხორციელდება და თანხა ბიუროკრატიას კი არა, ბიზნესს მოხმარდება.

"ქამრების შემოჭერა, ანუ ხარჯების შემცირება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ აქ უნდა დავსვათ კითხვა თუ სად წავა ეს დაზოგილი, ფული, დაუბრუნდება მეწარმეს, მოხმარდება ახალ, მორიგ პოპულისტურ წარმოწყებას, როგორიცაა დახმარებისა და სუბსიდიების დარიგება. მთავარია, რომ ის ფული, რომელიც დაიზოგება, წავიდეს კერძო სექტორისკენ, თორემ ერთ ადგილზე შემოიჭერენ ქამარს და მეორეზე მოუშვებენ. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი გამოსავალი არ იქნება. მთავარია, ფული დარჩეს კერძო სექტორს, რომელმაც ის გამოიმუშავა.

მნიშვნელოვანია პრივატიზაციაც, მაგრამ აქ არის ერთი საფრთხე, რომელიც წინა მთავრობამ ძალიან ბოროტად გამოიყენა და უკან დაგვხია. პრივატიზაციიდან შემოსავალი შედიოდა სახელმწიფო ბიუჯეტში და მთავრობა კი ამ ფულს გაზრდილი ამბიციების დასაკმაყოფილბლად იყენებდა. ამიტომ თუ პრივატიზაციიდან შემოსული ფული ისევ ბიუროკრატიული აპარატის გაძლიერებას მოხმარდა, არაფერი გამოვა. ამით, ფაქტობრივად, მწარმოებლურ სექტორს წავართმევთ ფულს და მოვახმართ ბიუროკრატიას, რომელიც არაფრის მაქნისია. სად წავა ეს ფული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას შეშელიძემ.

"კარგია პრივატიზაცია, გაიყიდება ობიექტები, მივიღებთ ერთჯერად ფულს, შეჭამს ამას იმპორტი, მერე რა? თუ გეგმა არ ითვალისწინებს იმპორტჩანაცვლებითი წარმოების განვითარების იმ სფეროებში, სადაც საქართველოს შესანიშნავი რესურსი აქვს (გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია) მაშინ, რაც უნდა გააკეთო და რაც უნდა გაყიდო, არაფერი გამოვა. წარმოების, იმპორტანაცვლების, დოლარის ბრუნვაში აკრძალვის გარეშე, ლარისადმი პატივისცემის გაჩენის, ფულის ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური აქტივობის გარეშე მთავრობის გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად არაეფექტური. მე კი ჯერჯერობით ვერ ვხედავ რაიმე პროგრამას, რომელიც სიტუაციას შეცვლის", - განაცხადა ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ.

უუნარო ეკონომიკური გუნდი

ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სპეციალისტები მთავრობას და განსაკუთრებით ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს აკისრებენ.

დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ერთნაირად პასუხისმგებლები არიან. საქართველოს ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ის არის პრიმიტიული, მას სავალუტო შემოდინების სტაბილური წყარო არ გააჩნია, რომ შეეძლოს განვითარება და დააკმაყოფილოს ის მოთხოვნა ვალუტაზე, რომელიც იმპორტს სჭირდება. მთელი ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული, შესაბამისი რესურსი კი ქვეყანას არ გააჩნია.

"2 წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც თითქოსდა უკეთესი მდგომარეობა იყო, ძალიან ხისტი ფორმით მივუთითებდი მთავრობას, რომ ქართულ ეკონომიკაში იყო უდიდესი ფუნდამენტური პრობლემა, რომელსაც გადაწყვეტა სჭირდებოდა. სამწუხაროდ, მთავრობა არ იყო ყურადღებით და არ იღებდა სიგნალს. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად იყო. ყველაფერი კარგად საქართველოში არასდროს ყოფილა. შედეგი მივიღეთ ის, რაც გვაქვს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორხელიძემ.

მისივე თქმით, როგორც კი ახალი მთავრობა შეიკრიბა, მას ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა მაშინვე უნდა დაეწყო: "მთავრობამ ისე დაიწყო საქმიანობა, უარყო ქვეყნის განვითარების კონცეფცია და კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის კომპლექსური ხედვა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ვაკეთებდით. ალტერნატივა არაფერი შემოუთავაზებიათ. ვამბობდი, რომ ქვეყანაში არის სისტემური კრიზისი და მისი დაძლევა ჩვეულებრივი მეთოდებით, ცალკეული ღონისძიებებით შეუძლებელი იყო.

ამ ყველაფერში კი დამნაშავე არის არა რომელიმე ცალკე აღებული მინისტრი, არამედ მთლიანად მთავრობა. კონსტიტუციით პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მისი გადაწყვეტილების გარეშე არც ერთ სამინისტროს არ გააჩნია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება. რაკი ისე გამოვიდა, რომ მთავრობას არ ჰქონდა დამტკიცებული კრიზისისდან გამოსვლის შესაბამისი გეგმა, არ ჰქონდა განვითარების სტარატეგია, კონსტიტუციით ეს პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს მთავრობის ხელმძღვანელს, როგორც წინა ხელმძღვანელს, ასევე ახლანდელს. რაკი დავალება გაცემული არ გაქვს და არ შეგიძლია თქვა, რომ რომელმა მინისტრმა რა არ გააკეთა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის მთავრობაზე და მის მეთაურზე", - აცხადებს გიორხელიძე.

პაატა შეშელიძის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, უბრალოდ, ვერ უმკლავდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მათ ჰგონიათ, რომ რასაც აკეთებენ სწორია, არადა, აშკარადა შეცდომებს უშვებენ.

"მესამე წელია მუშაობენ, თუმცა წარმატების გარეშე. მუდმივად კრიზისული სიტუაციაა. შარშანაც დევალვაცია იყო, ახლაც ასეა; შარშანაც ბიუჯეტის პრობლოემა იყო, წელსაც ბიუჯეტის პრობლემაა; მშპ-შია ჩავარდნა შარშანაც და წელსაც. გამოდის, რომ რაც უნდა აკეთონ, ისევ იქნებიან, ცვლილება არ იქნება? კვირიკაშვილს სხვებთან შედარებით სიტუაცია ესმის, მაგრამ არ არის თავისუფალი და არ შეუძლია საკუთარი ინიციატივის გამოვლენა. მე ვიცნობ ამ ადამიანს და მიკვირს, რომ ასეთი რეგრესი განიცადა. მას შეეძლო საქმე გაეკეთებინა, მაგრამ მიკვირს, ასეთი რა გაუჭირდა, რომ შავზე თეთრს ამბობს და თეთრზე - შავს. პირიქით შემიძლია ვთქვა ხადურზე, რომელსაც ბევრი რამ არ ესმის.

თუმცა საბოლოო ჯამში, იმაში რაც დღეს ეკონომიკაში ხდება, მთლიანად პასუხისმგებელი ეკონომიკური გუნდია. აქედან გამომდინარე, რაღაც შუა რგოლზე ჯოხი ვერ გადატყდება. პრემიერ-მინისტრი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და სანამ ეს რგოლი არ შეიცვლება ძირეული ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს", - დასძინა შეშელიძემ.

ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსანი და იურისტი ლევან ალაფიშვილი პარლამენტსა და მთავრობას ერთად აკისრებს.

"არ არსებობს ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ გადაწყვეტილებებით, რაც ახლა გახმაურდა, ხანძარს ჩააქრობენ, მაგრამ მთავარი ეს კი არა, მისი პრევენციაა. გარდა საგარეო ფაქტორებისა, გადახედონ 2014 წლის ივლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებულ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე 154 მლნ დამტკიდა ბიუჯეტის დასახმარებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულამდე ქვეყნის ეკონომიკას, ბიუჯეტს უკვე რაღაც სჭირდა. მდგომარეობის გამოსწორებაზე არ იზრუნეს და მივედით იმ შედეგამდე, რაც ახლა გვაქვს. ამაზე პასუხისმგებლობა კი ეკისრება როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს", - განაცხადა ალაფიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×