ბარამიძე ა/ო რეფორმების საერთაშორისო ცენტრის წამყვანი ექსპერტი გახდა
თიკო ოსმანოვა
04.03.2015

 უკრაინაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დასაქმება გრძელდება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე უკრაინის რეფორმების საერთაშორისო ცენტრის წამყვანი ექსპერტი გახდა.

დაუზუსტებელი მონაცემებით, მეგობარ ქვეყანაში დასაქმებულ "ნაციონალთა" რიცხვმა ასს გადააჭარბა.

ბარამიძე ამბობს, რომ ყველა მათგანის მოტივაციაა - უკრაინის დახმარებით საქართველოს დაეხმარონ. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, უკრაინაში დასაქმებული ყოფილი ქართველი მოხელეების რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილის, ლევან ვარშალომიძის, ზურაბ ადეიშვილის, გია გეწაძის და ეკატერინე ზღულაძის შემდეგ სამთავრობო პოსტები მეგობარ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილმა პროკურორმა დავით საყვარელიძემ და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაიკავეს.

რაც შეეხება ბარამიძეს, იგი უკრაინას სამოქალაქო სექტორიდან დაეხმარება და კორუფციასთან ბრძოლისა და პოლიციის რეფორმაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

"კიევში დროდადრო ჩავალ ხოლმე და რასაც აქამდე ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ, უბრალოდ ახლა ამან ფორმალური სახე მიიღო. ეს არ არის სამთავრობო დაწესებულება - არასამთავრობო ორგანიზაციაა.

"ეს ორგანიზაცია ადგილობრივმა რეფორმატორებმა ჩამოაყალიბეს, მუშაობენ კორუფციასთან ბრძოლისა და პოლიციის რეფორმის მიმართულებით. ამ სფეროებში გამოცდილება მაქვს. ექსპერტობა მთხოვეს და სიამოვნებით დავთანხმდი.

"რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ახლა იქ მუშაობენ, ვფიქრობ, საგრძნობი რაოდენობაა იმისათვის, რომ უკრაინის რეფორმების მხარდაჭერა განხორციელდეს. სამთავრობო უწყებებში ვინც არის, ბევრმა მათგანმა უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო. ბევრის სახელი და გვარი გაჟღერდა, თუმცა იქ კიდევ არიან სხვადასხვა უწყებებში ჩართულები ექსპერტებად, მრჩევლებად, რომელთა შესახებ პრესაში არ დაწერილა. ერთი სიტყვით, საკამოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა.

"არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. იქ არიან ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და მათი მოტივაციაა, რომ უკრაინისადმი დახმარებით საქართველოს დაეხმარონ, იმიტომ, რომ დღეს უკრაინა არის ფრონტის წინა ხაზზე და თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენც გავიმარჯვებთ, ხოლო თუ დამარცხდება, ცუდი იქნება საქართველოსთვისაც. მე მგონი, ამას ყველა მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს," - უთხრა "რეზონანსს" ბარამიძემ.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის ხელისუფლებაში 100-ზე მეტი მისი თანაგუნდელი მუშაობს.

"უკრაინაში საკმაოდ ბევრი ქართველი მინისტრი და თანამდებობის პირია დაკავებული რეფორმების გატარებით. მაგალითად, უკრაინის პოლიციის რეფორმას ჩვენი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტას ძალიან ენერგიულად შეუდგა და მას უკრაინის საზოგადოებამაც მხარი დაუჭირა. იუსიტიციის ორგანოების რეფორმით ჩვენი სპეციალისტების დიდი ჯგუფია დაკავებული, ისინი ელექტრონული ტენდერების სისტემას შექმნიან, რათა ყველა ტენდერი და აუქციონი გამჭვირვალე პროცედურებით ჩატარდეს," - განუცხადა რუსულ ტელეკომპანია "დოჟდს" მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის ხელისუფლებაში ყოფილი "ნაციონალების" დანიშვნას ცოტა ხნის შინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და, ნომინალური თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მეგობარი ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ფაქტი ორი ქვეყნის ურთიერთობას საფრთხეს არ შეუქმნის.

"მე და პოროშენკოს მანდატი ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა მოგვცა. ეს გვავალდებულებს, რომ გავამყაროთ მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. რომ არ ვასრულებდეთ ამ ვალდებულებას, ჩვენ კი ვასრულებთ, მაინც ვერ შევძლებდით ქართველებისა და უკრაინელების წაჩხუბებას, ვინაიდან ისტორიული ფესვები და საერთო მიზნები გვაერთიანებს. პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენი სიყვარულისა და მეგობრობიდან, ასევე სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინას ემსახუროს. უკრაინის არჩევანია, როგორ ქართველს მიიწვევს. ჩვენი მეგობრობა უკრაინელებთან არა ინდივიდებზე, არამედ ისტორიულ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დგას," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, გარკვეული დეტალები, ლაფსუსები მშვიდობიან დროს მოგვარდება. "ასეთი საკითხები არ განიხილება, როდესაც მეგობრებს პრობლემები აქვთ", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე კი ამას ქართული დიპლომატიის მარცხად აფასებს, მაგრამ აქვე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უკრაინაში ქართველების დანიშვნაზე იწონებს და ამბობს, რომ ამით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი მომგებიანი ნაბიჯი გადადგა.

"მარგველაშვილი კიევში სტუმარი იყო და მასპინძლების თვალწინ კორექტულობაა საჭირო, რაც პრეზიდენტმა გაითვალისწინა კიდეც. მისი მხრიდან ეს იყო კიდევ ერთი მომგებიანი პოლიტიკური პასაჟი იმისათვის, რომ დაემტკიცებინა თავისი ოპოზიციური როლი. ის, რომ მარგველაშვილი ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებდა, რომ ერთი "წკიპურტი" კიდევ არ გაემეტებინა საკუთარი თანაგუნდელების მისამართით, ეს მოსალოდნელი იყო.

"აქ უჩვეულო არაფერია. მარგველაშვილმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა და რასაც იტყოდა მთელი მსოფლიო საზოგადოება, საქართველოს მმართველი პარტიის გარდა. ინგლისელები, რომლებიც დღეს კიდევ ითვლებიან დემოკრატიის ეტალონად, მიიჩნევენ, რომ უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. ამ პოლიტიკას ისინი დღემდე მიმართავენ. ძალიან არ გაუხარდათ ინგლისელებს, როდესაც საფრანგეთის ტახტზე კიდევ ერთი ნაპოლეონი აღმოჩნდა, მაგრამ ოფიციალური განცხადება იყო, რომ ეს თვითონ ფრანგების საქმეა და ჩვენ არ გვეხება მაშინ, როდესაც რუსეთში ნიკოლოზ პირველი კინაღამ ჭაღებზე ახტა - ეს როგორ მოხდა, რატომ და რისთვისო," - უთხრა ცინცაძემ "რეზონანსს".

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნით პოროშენკომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არაფრად ჩააგდო, რაც კარგი არ არის. მისივე თქმით, პოროშენკოს ამაზე განმარტებაც კი არ გაუკეთებია.

თსუ-ს პროფესორის, კორნელი კაკაჩიას თქმითაც, კიევს ნაკლებად აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში, უკრაინისთვის ახლა მთავარია იმ რეფორმების გატარება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანაში გაატარა.

"დღეს უკრაინა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მნიშვნელობას კარგავს, თუ ვის დანიშნავენ თანამდებობაზე. მათთვის ფუფუნებაა იმაზე ფიქრი, იძებნება თუ რა დანაშაული აქვს ჩადენილი ამა თუ იმ პიროვნებას. ყველაზე მთავარი, რაც ახლა კიევს ყოფილი ხელისუფლებისგან სჭირდება, ეს არის იმ რეფორმების გამოცდილება, რომლებიც საქართველოში მეტ-ნაკლებად წარმატებით განხორციელდა - 2003-დან 2007 წლამდე. ეს რეფორმები საერთაშორისო მასშტაბით არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, კიევს ნაკლებად აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში," - გვითხრა კაკაჩიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გაბუტვის პოზიცია არ უნდა დაიკავოს და ძველებურად უნდა გააგრძელოს ურთიერთობა მეგობარ ქვეყანასთან.

"უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოს ხელისუფლებამ შიდაპარტიული დაპირისპირება და სახელმწიფოებრივი ურთიერთობა ერთმანეთში არ უნდა აურიოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაინიშნება თანამდებობაზე. სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები უნდა განვითარდეს. "ოცნების" გაბუტვის პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობებს არ წაადგება," - განაცხადა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×