ლიკა ამირაშვილი
04.03.2015

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები გათვალისწინებული აღარ არის. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

კანონპროექტის ავტორებმა და კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე გაიზიარეს. ახლანდელი რედაქციით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფო ორგანოებს მხოლოდ სათანადო რეკომენდაციებით მიმართოს.

კანონპროექტის ავტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი ავთანდილ არაბული აცხადებს, რომ სანქციები მედიასთან მიმართებაში არც თავიდან იგეგმებოდა. მისი თქმით, ასეთი ცნობები არასწორი ინტერპრეტაციის გამო გავრცელდა. ამბობს, რომ სანქციები გარე აბრებსა და ბილბორდებს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იყო სახელმწიფო ენის დაკნინებულ მდგომარეობაში ჩაყენება.

თქვენი აზრით, სახელწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის უნდა იყოს თუ არა გათვალისწინებული ჯარიმა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): მე მაგალითად ჯარიმების გაუქმების წინააღმდეგი ვარ. ვინც ეს გააკეთა, რა მიზნით გააკეთა? მოტივაცია არ მესმის. ისედაც ქართული ენის სასტიკი დაბინძურება ხდება. ბილბორდების გარდა, მოუსმინეთ როგორ ლაპარაკობენ, თუნდაც ჟურნალისტები. ადამიანები გამართულად ქართულად ვეღარ ლაპარაკობენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ასე თუ გაგრძელდა, ენა საკუთარ იერსახეს და მისთვის დამახასიათებელ თვისებებს თანდათან დაკარგავს.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): როგორც ჩანს ეს მთავრობა იმისათვის მოვიდა, რომ ყველაფერ ქართულს ებრძოლოს. ეს ერთი ნიშანია იმისა, რომ ეს მთავრობა პატრიოტულ სვლებს არ აკეთებს. როგორც ძველი კანონი ითვალისწინებდა, ისე უნდა იყოს. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა. ახალ მთავრობას ასეთი არაპატრიოტული აზრი საიდან გაუჩნდა, არ ვიცი.

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): საერთოდ მიმაჩნია, რომ ქართული ენის დაცვა ყველა სფეროში სახელწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს. ჩვენთან, როგორც მახსოვს, არსებობდა ენის პალატა, ეს პალატაც მოიშალა. უცხო სიტყვების გამოყენება რაღაცით ხომ უნდა განისაზღვროს? ქართული ენა აუცილებლად უნდა იყოს დაცული, მაგრამ სხვა საკითხია, ეს ჯარიმის სახით უნდა განისაზღვროს, თუ სხვა რეგულაციით.

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): საერთოდ მე ჯარიმების სასტიკი წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ კარგი იქნებოდა, რომ ქართველების თვითშეგნება და ეროვნული ღირსების გრძნობა იმ დონეზე იყოს, ჯარიმა არ იყოს საჭირო. რა თქმა უნდა ქართული წარწერა უნდა იყოს. არც უნდა სჭირდებოდეს ქართველს ამის მითითება. მირჩევნია ეს ყველაფერი (ადამიანების) შეგნების ამაღლების ხარჯზე მოხდეს.

 

 გია ანჩაბაძე  (მსახიობი): არ ვიცი, ეს რითია გამოწვეული. საერთოდ რატომ უნდა იყოს ქართული ნორმების დარღვევით ბილბორდები, არ ვიცი. შეიძლება უბრალოდ ჯარიმები ეფექტური არ იყოს და საჭიროა სხვა სახის კონტროლი?!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×