ია აბულაშვილი
04.03.2015

 ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკურ "ინფრასტრუქტურაში", "რეზონანსი" გია ხუხაშვილს ესაუბრა.

"რეზონანსი": ექსპერტთა აზრით, დღეს ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ პოლიტიკური ძალები ვადამდელი არჩევნებისთვის უფრო ემზადებიან, ვიდრე 2016 წლისთვის. თქვენც ასე ფიქრობთ?

გია ხუხაშვილი: დღეს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება ვადამდელი არჩევნები აწყობდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არცერთი არ არის მზად ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა აიღოს. პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით "ქართული ოცნებისთვის" შეიძლება მომგებიანია ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მაგრამ ეს იყო ერთი თვის წინ. დღეს ლართან დაკავშირებული პერიპეტიების ფონზე მათთვისაც სარისკო იქნება. იმ რისკების და გამოწვევების ფონზე, რაც უახლოეს პერიოდში გველოდება, ვფიქრობ, ასჯერ გაზომვა და კარგად დაფიქრება სჭირდებათ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ასეთი გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივადაც არ იქნება სწორი იმიტომ, რომ დღეს არ გვყავს პოლიტიკური გუნდი, რომელიც შეძლებს სახელმწიფოს განვითარებაში რეალური გარდატეხის შეტანას. 2016 წლისთვისაც ვერ ვხედავ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს და ამ გამოწვევებს უპასუხებს. ასეთი ძალა ჯერ ფორმირებული არ არის და იმედია, 2 წელიწადში ამ კუთხით რაღაც შეიცვლება. ასე რომ, ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ინფრასტრუქტურაში.

"რ": თქვენი აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რომელი პოლიტიკური ძალა შეიძლება მოვიდეს უმრავლესობაში?

გ.ხ: თუ დღევანდელი კონიუნქტურა შენარჩუნდა, ეს იქნება "ქართული ოცნება" არა იმიტომ, რომ მისი მოღვაწეობით ვინმე კმაყოფილია და მას ხმას მისცემენ, არამედ უალტერნატივობიდან გამომდინარე. ასეთ ვითარებაში ადმინისტრაციული და სხვა რესურსი არის გადამწყვეტი. ეს არის ცუდი სცენარი, განვითარების თვალსაზრისით. უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ არის პრივილეგია და ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. როცა ხელისუფლება ვერ პასუხობს ამ პასუხისმგებლობას, ეს სახელმწიფობრივადაც პრობლემურია. თუ რაღაც რადიკალურად არ შეიცვალა, "ქართული ოცნება" განწირულია გამარჯვებისთვის; ან მარტო ან კოალიციაში ვინმესთან ერთად, მცირე რადიკალური ფრთის წარმომადგენლებთან. მეორე პოლუსზე კი დაგვრჩება ისევ "ნაციონალური მოძრაობა".

"რ": ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის შემთხვევაშიც? თუნდაც ალასანია ვერ შეძლებს ამ ნიშის შევსებას?

გ.ხ: თუ ასეთი ორპოლუსიანი დარჩა ქართული პოლიტიკა, არაფერი შეიცვლება და ალბათ ასეთი დარჩება რაღაც პერიოდში. ეს არის თამაში. ეს ორი ძალა - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" - მუდმივად ერთმანეთს აძლიერებს ერთმანეთზე ხელის გაშვერით. ხელისუფლებას რომ ვეუბნებით, საჭიროა რეალური ცვლილებები, ამ თემას აიტაცებს "ნაცმოძრაობა" და ყველაფერი მათ შორის ესკალაციის ფონზე მიმდინარეობას, რაც ხელს უშლის პოლიტიკურ განვითარებას ქვეყანაში. ეს თამაში ბევრჯერ გვინახავს ამ ქვეყანაში და იგივეა დღესაც. რაც შეეხება ალასანიას შესაძლებლობებს, პირდაპირ გეტყვით, რომ სკეპტიკურად ვუყურებ. მოლოდინი ამ ძალასთან დაკავშირებით ვირტუალური და არარეალურია.

"რ": გამოდის, რომ ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალისთვის სივრცე არ რჩება?

გ.ხ: თუ ხელისუფლება თავის თავში იპოვის რესურსს წინა პლანზე წამოსწიოს, ქვემოდან ამოიყვანოს ახალი პოლიტიკური ელიტა, კარგად მომზადებული, ერთიანი იდეოლოგიური პლატფორმით, სწორი გრძელვადიანი ხედვით, ან გარეთ დარჩენილი პარტიებიდან თუ რაღაც მოზაიკა შეიქმნება, მაშინ არის შანსი, მაგრამ ძალიან მცირე დრო რჩება არჩევნებამდე. იმის ნაცვლად, რომ ამაზე ხელისუფლებამ სერიოზულად იფიქროს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, როგორც ვხედავთ, ახალი პოლიტიკური ელიტის შესაქმნელად რესურსს "ფეისბუკის" აქტიურ მომხმარებლებში და "საზრიანთა კლუბში" ეძებს...

საზოგადოებაში პოლიტიკური საყრდენი უკვე დაკარგული აქვს. როდესაც საზოგადოების 70% არ ახდენს თვითიდენტიფიკაციას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, არც ხელისუფლებასთან და არც ოპოზიციასთან, ეს დრამატული სიტუაციაა. ეს ნიშნავს, რომ ხალხი აპათიურია არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ სახელმწიფოს მიმართ; იკარგება ეროვნული ენერგია, სახელმწიფოებრივი ენერგია. ამის შედეგს ვხედავთ სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში, სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ჭრილში. აპათიური მდგომარეობა არის ყველაზე დიდი ხიფათი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×