"ამ ცნობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი არ გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომები მივიღეთ"
ვახტანგ შამუგია
07.03.2015

 უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია. მხარეები მეტ-ნაკლებად იცავენ სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინის სამთავრობო ჯარების მხარდამხარ მებრძოლ ქართველთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, ომის განახლების შემთხვევაში, ისინი კვლავ გეგმავენ უკრაინაში ჩასვლას.

რა მდგომარეობაა რეალურად დონბასში და რა პირობებში უწევთ ბრძოლა ქართველ მოხალისეებს - ამის შესახებ "რეზონანსს" უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ესაუბრა.

მამუკა მამულაშვილი: ქართული ლეგიონი 2014 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც დონბასში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მიზანი, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარდაჭერა იყო. ამ ეტაპზე მისი პირადი შემადგენლობის ზუსტი რაოდენობის დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ის მცირერიცხოვანია, მაგრამ დაკომპლექტებულია გამოცდილი მებრძოლებით, რომლებიც თავის მოვალეობას კარგად ასრულებენ.

"რეზონანსი": რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში? რჩებიან თუ არა იქ კვლავ ქართველი მოხალისეები?

მ.მ.: ამ ეტაპზე კონფლიქტი არააქტიურ ფაზაშია, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები სრულად შეჩერებული არ არის. ადგილ-ადგილ ხდება სამთავრობო ჯარების პოზიციების ნაღმმტყორცნებით დაბომბვა, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადმოსროლა და ა.შ.

მოწინააღმდეგე სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ზედაპირულად ასრულებს. ტექნიკის ნაწილს მარხავენ, ან სპეციალურ სამალავებში მალავენ. ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებლებს მუშაობაში ხელს უშლიან და მონიტორინგის სრულფასოვანი განხორციელების საშუალებას არ აძლევენ.

რაც შეეხება ქართველ მოხალისეებს, დიახ, ისინი ამ ეტაპზე კვლავ რჩებიან კონფლიქტის ზონაში. ნაწილი, მათ შორის მეც, ჯერჯერობით საქართველოში დავბრუნდით, თუმცა, თუ კონფლიქტი კვლავ განახლდა, რაც მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან, ჩვენ უკრაინაში დავბრუნდებით.

"რ": გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქართველი მოხალისე დაშავდა, როგორია მათი მდგომარეობა ამჟამად?

მ.მ.: დონეცკის აეროპორტისათვის მიმდინარე ბრძოლებისას რამდენიმე მებრძოლო დაშავდა, დაბომბვისას დამწვრობები მიიღეს, თუმცა, ახლა ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ. ზოგიერთს კანტუზია ან სხვა სახის პატარ-პატარა ჭრილობები ჰქონდა მიღებული, თუმცა, მძიმედ დაშავებული არ გვყოლია.

"რ": თქვენ აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებშიც იღებდით მონაწილეობას. რა მსგავსებაა ამ კონფლიქტსა და უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს შორის?

მ.მ.: გამომდინარე იქიდან, რომ რუსულ ჯარსა და სპეცსამსახურებს დიდი პროგრესი არ განუცდიათ, ამ ორ კონფლიქტს შორის ძალიან ბევრი მსგავსებაა. მოსკოვი აქაც ცრუ ხელშეკრულებების გაფორმებით ცდილობს დროის მოგებასა და ძალების მოკრებას, რათა გადამწყვეტი იერიში წამოიწყოს. ზუსტად ასე იყო აფხაზეთშიც, როდესაც რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებით ქართველებს გააყვანინა ტექნიკა, სეპარატისტებს კი - არა. შედეგად, დაიკარგა სოხუმი. ამასთან, აქაც ე.წ. მეამბოხეები სარგებლობენ რუსეთის სრული მხარდაჭერით.

"რ": რაში გამოიხატება რუსების მხრიდან სეპარატისტთა მხარდაჭერა?

მ.მ.: აბსოლუტურად ყველაფერში. სეპარატისტები რუსეთიდან იღებენ მძიმე ტექნიკას, საარტილერიო დანადგარებს, საბრძოლო მასალებს, იარაღს და რაც მთავარია, ცოცხალ ძალას. ესენი არიან ეთნიკურად რუსები, რუსეთის არმიის მოქმედი ან ყოფილი ჯარისკაცები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. ისინი მეამბოხეების მხარეს იბრძვიან. ეს ფაქტორები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სეპარატისტთა სამხედრო წარმატებებს.

"რ": რამდენადაც ცნობილია, ქართველები სეპარატისტთა მხარესაც იბრძვიან. თუ გქონიათ მათთან შეხება?

მ.მ.: მე მათ ქართველებად ვერ აღვიქვამ. ისინი იქ უკრაინის სამთავრობო ჯარებს ებრძვიან და ამაში გასამრჯელოსაც იღებენ. რამდენადაც ვიცი, საბრძოლო მოქმედებებისას ორი მათგანი დაიღუპა კიდეც.

მათთან არანაირი შეხება არ გვქონია. ერთ-ერთი ქართველი ივნისში დონეცკში უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მისი შემდეგი ბედი ჩემთვის უცნობია. ასეთ ხალხს უშიშროებას აბარებენ და იქ ხდება მათი დაკითხვა.

"რ": საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის სოციალური გარანტია თუ გაქვთ მიღებული?

მ.მ.: არანაირი, პირიქით, ისინი ყოველგვარად ცდილობენ იმას, რომ ხელი შეგვიშალონ. ეს გამოიხატება იმ უპასუხისმგებლო განცხადებებით, რაც მათი მხრიდან გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენი თანამებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი დაიღუპა. ამასთან, დაიწყეს საუბარი კანონპროექტზე, რომელიც საზღვარგარეთ მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს ეხებოდა. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვგულისხმობდნენ, მაგრამ თავად ეს ფაქტი იყო ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველი.

"რ": გავრცელდა ცნობები, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა ქართველი მოხალისეების ლიკვიდაციაზე ფულადი ჯილდო დააწესეს, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

მ.მ.: დიახ, ამის შესახებ ნამდვილად გავრცელდა ინფორმაცია. ამ ცნობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი არ გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომები მივიღეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დეტალური ინფორმაცია ჩვენი დისლოკაციის ადგილზე, აქტივობასა თუ რაოდენობაზე არ გავასაჯაროოთ.

"რ": როგორ გგონიათ, რამდენად რეალურია საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე და დაბრუნდებით თუ არა იქ ამ შემთხვევაში?

მ.მ.: რა თქმა უნდა, ამის ალბათობა დიდია. ეს სახელმწიფო არ ცნობს არანაირ ხელშეკრულებასა თუ წესს. გამორიცხული არაფერია. თუ კონფლიქტი გაღვივდა, დავბრუნდებით იქ. ამასთან, უკრაინულ მხარეს დღეს სჭირდება სამხედრო ინსტრუქტორები. საქართველოს აქვს ამის რესურსი. ჩვენი არმიის ბევრი ყოფილი სამხედრო პირი, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ცოდნა და გამოცდილება აქვს, მზად არის იქ წასასვლელად.

"რ": სამომავლოდ, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვთ?

მ.მ.: გავაგრძელებ იმ საქმიანობას, რასაც ომამდე ვეწეოდი. უკრაინაში დარჩენას და უკრაინის მოქალაქეობის მიღებას არცერთი ჩვენგანი არ აპირებს. იქ ჩვენ არანაირი მატერიალური დაინტერესება არ გვაქვს და არავინ არაფერს გვიხდის. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე, როგორც ეს 1990-იან წლებში მათ გააკეთეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×