სამი დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანების მსურველებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ, გუშინ კი საქართველოსათვის ასევე საეჭვო გახდა მაისში, რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე შეთავაზების მიღებაც.
ყოველ შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ არის.
"რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით პოზიტიურ ანგარიშს ტექნიკური საკითხების დასრულებასთან დაკავშირებით, რაც არის ევროკომისიის კომპეტენცია", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
ეს კი მაშინ, როდესაც მთავრობა უკვე ერთი წელია მუდმივად იძლევა იმედს, რომ რიგის სამიტზე საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთავაზებას მიიღებს.
მთავრობის წევრების განცხადებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილს და როგორ პოლიტიკურ შეფასებას მიიღებს ქვეყანა.
უფრო მეტიც, ის, რომ ქვეყანა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილს და კარგი პოლიტიკური შეფასებასაც მივიღეთ გასულ წელს ბრიუსელში და მივიღებთ წელსაც, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ ვიზის ლიბერალიზაციასთან არის კავშირში სავიზო რეგულაციების გამკაცრება და "ჩინელები და ირანელები რომ შევავიწროვეთ და შემოვუშვით ვინც კეთილმოსურნეა, სწორედ ამიტომ ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას".ეს "რაღაც ტიპის წარმატება" კი მმართველი ძალის მხრიდან უკვე რამდენიმე თვეა ვიზის ლიბერალიზაციის მიღებად ანონსდება.
"რეზონანსთან" საუბრისას ოპტიმისტურ მოლოდინზე საუბრობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრი თინა ხიდაშელი და არასწორი, პესიმისტური მოლოდინის ტირაჟირებაში, მათ შორის რუსული სურვილების კალკირებაშიც კი, მედიას ადანაშაულებს.
"არ ვიცი, ბერუჩაშვილმა რა თქვა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ჩემი მოლოდინი ასეთი არ არის. მე რიგის სამიტიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდები. გუშინ ჟურნალისტებისგან მოგერინის პრესკონფერენცია ისეთი ვერსიით მოვისმინე, რომ არ გამიკვირდება, ბერუჩაშვილის პრესკონფერენციასაც ამ ვერსიით მთავაზობდეთ. თავად არ მომისმენია, შესაბამისად რასაც მეუბნებით, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აცხადებს ხიდაშელი.
მისი თქმით, ხუთშაბათს მედიაში ევროკომისრების იოჰანეს ჰარისა და ფედერიკა მოგერინის პრესკონფერენციის შესახებ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ნიუსის კალკა გავრცელდა, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა იმასთან, რაც სინამდვილეში პრესკონფერენციაზე ითქვა.
"ეს პრესკონფერენცია ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო თავად ენახა. თუმცა, საქართველოში როგორც წესი ჟურნალისტებს ეს ეზარებათ და ურჩევნიათ ქვეყანაში კრემლის პროპაგანდა გაავრცელონ", - განმარტა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, არც ის არის სწორი, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიერ "სადღაც სოფელში" საკუთარ ამომრჩეველთან შიდა მოხმარებისთვის ნალაპარაკევს ტირაჟირებს მედია.
"ოლანდმა - მსურველებს ნატო-ზე უარი უნდა ეთქვათო - სოფელში საკუთარ ამომრჩეველთან ილაპარაკა. ამაზე დაყრდნობით მეუბნებით, ხომ? ნატო-ს ძალიან ბევრი ქვეყნიდან ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა რომ თქვა - ნატო-ს გაფართოებას არ ველოდებით უახლოეს მომავალშიო, როგორც ჩანს, ამას ეძახით თქვენ ნატო-ზე უარს, მე კი ასე არ ვუყურებ და ასე არ ვფიქრობ.
"მე და თქვენ სხვადასხვა ხედვები გვაქვს პოლიტიკოსების მიერ სოფლებში საკუთარ ამორჩეველთან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ისე, ქვეყნისთვის ჩემი ოპტიმიზმი გაცილებთ უმჯობესია, ვიდრე რუსული პროპაგანდის კალკირება. გუშინ და დღეს ერთმანეთის მიყოლებით, მთელი დღე კრემლის პროპაგანდა იყო ტელევიზიაში, რადიოსა და პრესაში," - აღნიშნავს ხიდაშელი
იმის შეხსენებაზე, რომ არც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ოფიციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება ყოფილა ოპტიმისტური - დღეს და ხვალ ნატოში არ შევდივართო, ხიდაშელის პასუხი იყო: "დიახ, დღეს და ხვალ რომ ნატო-ში მიგვიღებდნენ, ამაზე არასდროს გვილაპარაკია."
"ნატო-ში რომ მიგვიღონ, ამისთვის გარკვეული ეტაპი გვაქვს გასავლელი და იმ ეტაპზეა საუბარი და არა დღეს და ხვალ მიღებაზე - ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენ ვლაპარაკობთ მაპ-ზე, როგორც ღონისძიებაზე, ნაბიჯზე, რომლის მინიჭებაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საქართველოსთან მიმართებაში. მიღებაზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმ აუცილებელი ნაბიჯის დაჩქარებაზე, რომელიც ამ პროცესისათვის სავალდებულოა.
"არ ვთვლი, რომ რუსული პროპაგანდა გაიმეორა აბაშიძემ. დღეს აბაშიძეზე ცუდის თქმა მოდაშია და ამაში ვერ აგყვებით... ჟურნალისტები კი საქართველოში ძალიან ბევრ რამეს იმსახურებენ, ჩემი აზრით. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია ჟურნალისტების განათლების დონის შემხედვარე. თქვენ არ გიცნობთ და თქვენზე ბუნებრივია, ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვისაც ვიცნობ, იმაზე ვლაპარაკობ," - დასძენს ხიდაშელი.
საგარეო მიმართულებით არსებულ პრობლემებში ჟურნალისტების ბრალს ვერ ხედავს, ხელისუფლების პრობლემაზე კი ამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი.
მისი თქმით, ის, რომ მაისში შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეთავაზება ვერ მივიღოთ, ეს ცუდი სიურპრიზია და ცალსახად ამ ხელისუფლების სერიოზული პრობლემაა, რადგან საერთაშორისო კონიუნქტურის გარდა შიდა ფაქტორებითაც - პარტნიორ ქვეყნებთან ნაკლები კომუნიკაციით და შიდა კინკლაობით არის გამოწვეული.
"ჩემს ყოფილ კოლეგებს ადრეც მოვუწოდებდი, რომ მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მათთან ერთად შემუშავებულიყო ის აუცილებელი ნაბიჯები, რომ საქართველო სიურპრიზების წინაშე არ აღმოჩენილიყო. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ერთიანი პოზიციით გასულიყო საერთაშორისო არენაზე, ეს დრო პრეზიდენტთან კინკლაობას, თავდაცვის მინისტრის მოხსნას და შიდა პოლიტიკურ თემებს გადააყოლა. ეს კი ნორმალური ევროპული პოლიტიკური პოცესებიდან შორსაა.
"ამას რა თქმა უნდა საერთაშორისო კონიუნქტურა დაემატა, მაგრამ ისე არ გამოგვივიდეს, როგორც ეს ლარის გაუფასურების შემთხვევაში მოხდა - როდესაც მთავრობამ თავიდან უბრალოდ უარი თქვა ეღიარებინა, რომ ეს პროცესი გარე ფაქტორების გარდა, შიდა ფაქტორებითაც იყო გამოწვეული. გარე და შიდა ფაქტორებმა და ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ ნატო-სა და ევროკავშირში წევრ ქვეყნებს მისცა საბაბი, რომ ის პროცესები, რომლითაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საქართველო, ამ ეტაპზე დაეპაუზებინათ.
"ეს სამწუხაროა და არ არის ის მოლოდინი, რასაც მთავრობა თვეებია გვიქმნიდა, რომ რაღაც რამოდენიმე თვის სამუშაოა დარჩენილი და საქარველოს უვიზო მიმოსვლა ექნებაო," - აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, ჯერ მთავრობა ჩვენ გვეუბნებოდა, რომ რაღაც ტექნიკური დეტალები ზუსტდებოდა, შემდგომში მოვისმინეთ, რომ ევროპის კონკრეტული ქვეყნები შესაძლოა დაინტერესებულიყვნენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი დაბლოკონ. შემდგომში მოვისინეთ, რომ არის კიდევ სხვა ფაქტორები. რეალურად, მთავრობისაგან ერთიანი გზავნილი არ ყოფილა და ზუსტად ეს იწვევს ბევრ კითხვას.
"მინდა დაგარწმუნოთ, ამაზე მსჯელობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ სიურპრიზის რეჟიმში ვგებულობთ იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ქალბატონი წულუკიანი კი საზოგადოების დაცინვის რეჟიმში გადავიდა. მისი განცხადება საზოგადოების დაცინვაა და მისგან მსგავსი საუბარი არაკორექტული იყო. რეალურად ვხედავთ, რომ შედეგი საქართველოსთვის არასასურველია და როგორც იუსტიციის მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არიან პასუხისმგებლები ამ პროცესის წარუმატებლად წარმართვაზე ან საზოგადოებასთან არაგულწრფელ კომუნიკაციაზე. მხოლოდ გარე ფაქტორებზე გადაბრალება, უბრალოდ არასწორია და ქართული საზოგადოება ამაზე სწორ დასკვნებს გამოიტანს," - დასძენს მაჭავარიანი.
თსუ-ს პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული ობიექტური რეალობა - გეოპოლიტიკური კონტექსტი და უკრაინის სიტუაცია და თუკი ვიზის ლიბერალიზაციის შეთავაზება არ მოხდება, ეს ხელისუფლების ბრალი ნაკლებადაა - ხელისუფლებას რაც უნდა გაეკეთებინა, ვითარებას დიდად ვერ შეცვლიდა. თუმცა, იქვე დასძენს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას მეტის გაკეთება არ შეეძლო.
"თავიდან ყველამ ვიცოდით და ფრთხილი სკეპტიციზმით ვაფასებდი, რიგის სამიტამდე რამდენად მოესწრებოდა ვიზის ლობერალიზაციისათვის მეორე ეტაპის დასრულება. პირველი ეტაპი შედარებით ადვილი იყო, მაგრამ ამ ვალდებულებების იმპლემენტაციას ხშირ შემთხვევაში წლები სჭირდება. ეს იცოდნენ თბილისშიც და ბრიუსელშიც.
"აქიდან გამომდინარე გაუგებარი იყო ხელისუფლების ოპტიმიზმი. გათვლა იმაზე კეთდებოდა, რომ უკრაინის სიტუაციიდან გამომდინარე, ევროკავშირი მკაცრი შემფასებელი არ იქნება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებსო. თუმცა, მაშინაც ნათელი იყო, რომ საუკეთესო შემთხევაშიც კი, თუკი რიგის სამიტზე ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა, მის რეალურად იმპლემენტაციაზე საუბარი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყებოდა და ეს ვიზის ლიბერალიზაცია ჩვენს მოქალაქეებს წელს არ შეეხებოდათ. ახლა კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუგებარი გახდა", - მიიჩნევს კაკაჩია.
მისი თქმით, გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ საქართველოსთვის გამონაკლისი დაიშვას, ხელისუფლებას რაღაც განსაკუთრებული შედეგები უნდა ეჩვენებინა. ჩვენ კი არ ვიცით, რა შედეგები დადო საქართველოს ხელისუფლებამ.
"ევროკავშირიდან ჩამოსულია კომისია და უახლოეს ხანში, დაახლოებით 10 დღეში დაიდება შედეგები და ამის მიხედვით შეფასდება, რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების ქმედებები, თუნდაც წულუკიანის განცხადება, თუ სხვა და რომელ ნაწილებში გვაქვს ჩამორჩენა. აქამდე იყო რიტორიკა, რომ მოლდოვა არის პირველი და საქართველო მეორე. შექმნილ სიტუაციაში ეს არ კმარა. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფლაგმანი უნდა გახდეს, რომ რიგის სამიტზე წარმატებას მივაღწიოთ. თუმცა, კიდევ დავძენ, რომ ეს მარტო ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული.
"თუ საქართველომ ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო, ეს რუსეთის წინაშე პრობლემას აყენებს, საქართველოს ევროინტეგრაციის სწრაფვის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ რჩება, გარდა ხისტი მოქმედებისა.
"იოჰანეს ჰანის განცხადებას თუ დავაკვირდებით, იგრძნობა ტონი, რომელიც დიდ ალბათობით გათვლილია დაამშვიდონ რუსეთი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ გააგრძელოს. ასევე ითქვა ის, რომ უნდა გადახედონ სამეზობლო ინიციატივას.
"ამ განცხადებიდან ჩანდა, რომ ევროკავშირს არ სურს რუსეთთან პირდაპირ გეოპოლიტიკურ კონფრონტაციაში შესვლა. ოლანდის განცხადებაც რომ ახლა გახმოვანდა, ამაშიც არის რაღაც აზრი და თან ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის საზავო ხელშეკრულება დაიდო," - აცხადებს კაკაჩია და დასძენს: - "ხელისუფლების მოლოდინი თავიდანვე გადაჭარბებული იყო, რეალურად ძალიან ცოტა დრო იყო მეორე ეტაპისთვის დარჩენილი. თუმცა, ვნახოთ, კომისია რა ანგარიშს დადებს".