"ლაფანყურის სპეცოპერაცია, როგორც ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მონათლა, დანაშაულებათა უზარმაზარი რაოდენობა იყო. ყველაფერი, რაც ვრცელდებოდა, პოლიტიკური სიცრუე გახლდათ", - ასე აფასებს ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს წევრი სოსო ცისკარიშვილი 3 წლის წინანდელ მოვლენებს.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მიმართ არსებულ ეჭვებზე საუბრობს, რასაც ამ საქმის დღემდე გამოუძიებლობა ბადებს. თუმცა, თუ რა მოხდა რეალურად ლაფანყურში, ვის მიერ მოხდა იმ სცენარის შემუშავება ან განხორციელება, რასაც ვუყურებდით 2012 წლის აგვისტოში, ვერ აკონკრეტებს.
"შეიცვალა შს მინისტრი, კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, მაგრამ არავის ეყო გამბედაობა, რომ ეს გამოძიება ბოლომდე მიეყვანა. ფაქტია, ახალ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლების მიმართ რაიმე ტიპის უკმაყოფილება რომ ჰქონოდა, ყველაზე მომგებიანი სწორედ იმ ვერაგობის გამომჟღავნება იქნებოდა, რომელსაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჰქონდა ადგილი. თუმცა, არავის არაფერი გაუკეთებია. ხოლო როდესაც ცდილობ დამნაშავე ჯგუფს მხილების ნაცვლად საფრთხე არ შეექმნას, ამას დანაშაულის თანამზრახველობა ჰქვია, რაც ასევე დასჯადია," - აცხადებს ცისკარიშვილი.
ცნობისათვის, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია, თითქოს უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები საქართველოში ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ, არასწორია. უცნობია, როგორ და როდის შემოვიდნენ შეიარაღებული ჯგუფის წევრები ქვეყანაში და დატოვეს თუ არა გადარჩენილმა ჯგუფის წევრებმა ან როდის დატოვეს საქართველოს საზღვრები.
გაუგებარია, რატომ განსხვავდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების რაოდენობის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია (11 პირის შესახებ) ამჟამად არსებული მონაცემებისგან (7 პირი).
სოსო ცისკარიშვილი: ჯერ კიდევ 2013 წლის ანგარიშიდან გამომდინარე, როდესაც ომბუდსმენი ითხოვდა, რომ პარლამენტს გამოეძიებინა ეს საქმე, რომელსაც შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებდა, პარლამენტმა საქმის გამოძიება პროკურატურას გადაუმისამართა, რომელმაც 2-3 კვირაში ისევ კონტრდაზვერვას დაუბრუნა და დღემდე იქ არის ეს თემა დალუქული.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმე ამდენი დაღუპული ადამიანის სიკვდილის მიზეზის დასადგენად დღესაც არ არის აღძრული. ამ შემთხვევაში ვერც ექსგუმაცია ჩატარდებოდა, მაშინ როგორ გამოსცა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბრძანება ექსგუმაციის შესახებ. საინტერესოა ისიც, რომ ექსგუმაცია ჩატარდა, მაგრამ გრიფი საიდუმლო დაედო და მისი შედეგი არავისთვის არ არის ცნობილი.
იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ცნობილი შედეგები და რატომ არის საერთოდ გაჩერებული გამოძიება, ერთ-ერთი სოლიდური ასაკის პანკისელის მიერ ჩემთვის მოწოდებულ ინფორმაციას დავეყრდნობი, რომ ყველა ცხედარი, რომლის ექსგუმაციაც ჩატარდა, აღწერილია და სრულიად გამაოგნებელი დასკვნაა.
ყველა ცხედარზე მხოლოდ ერთი ტყვიის კვალია, რაც წარმოუდგენელია, ბრძოლის პროცესში მომხდარიყო, მითუმეტეს, რომ სადაც ეს ბრძოლა გაიმართა, უამრავი ტყვიაა გასროლილი.
მითუმეტეს დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ 3 ქართველი მოხელიდან, ვინც იმ დღეს დაიღუპა, ერთ-ერთის ოჯახში შსს-ს დასკვნა მიიტანეს, სადაც ეწერა, რომ ამ ადამიანის გარდაცვალება გამოწვეული იყო სხეულზე მრავალი სისხლმდენი ჭრილობის გამო.
ფაქტია, რომ ქვეყანაში შემოყვანილი ჯგუფის წევრებმა, რომელთაც იმედი ამოეწურათ, რომ ჩრდილო კავკასიაში გადაიყვანდნენ, თავად გადაწყვიტეს დამოუკიდებლად საზღვარზე გადასვლა. პანკისის მოსახლეობისთვის მტკივნეულია, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს იმ ადამიანების დაწინაურება ხდება, ვინც თითქოს ჩრდილო კავკასიიდან შემოსულ დაღუპულებს (რომელთაც დივერსანტების სტატუსი უსაფუძვლოდ მიაკუთვნეს, სინამდვილეში მოწვეული იყვნენ საქართველოში და თურქეთის საზღვრიდან შემოვიდნენ) ხვდებოდნენ, აბინავებდნენ, მერე კი გადარჩენილები გააცილეს.
"მ.კ.": ვის გულისხმობთ? ვინ ხელმღვანელობდა ამ პირთა საქართველოში შემოყვანას?
ს.ც.: ზუმბაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ევროპაში მცხოვრები ჩრდილოკავკასიელების ჩამოტყუებას საქართველოში. ამ პროცესში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ მერაბიშვილის მოადგილე ლორთქიფანიძე, ასევე ანტიტერორისტული სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელი. მათ მიერ შემოტყუებული 100-ზე მეტი ახალგაზრდა, იმ პირობით, რომ შეიარაღდებოდნენ, წვრთნებს გაივლიდნენ, რის შემდეგაც უსაფრთხოდ გადაიყვანდნენ ჩრილო კავკასიაში ჯიჰადისათვის, სინამდვილეში ხაფანგში აღმოჩნდა, ოღონდ ვის თავში დაიბადა ეს პროექტი, ამაზე არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლება არ საუბრობს.
ჩვენ სანდო ინფორმაცია მივიღეთ პანკისის მოსახლეობისგანაც, რომლებიც თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ, როგორ დასეირნობდნენ შეიარაღებული ჩრდილოკავკასიელები პანკისის ხეობაში ხან შსს-ს და ხან თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტით. ეს ახალგაზრდები მიამიტურად აჰყვნენ პროვოკაციას, რაც შსს-მ მოაწყო.
მათ მისცეს საცხოვრებელი ბინები თბილისში. ასეთი მისამართები დადგენილია. აღნიშნული ინფორმაცია იმ პერიოდში "ქართული ოცნების" მხრიდანაც ვრცელდებოდა, დღეს კი ვერ ნახავთ ვერავის, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას რომ აკეთებდეს.
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, მაგრამ თუ ყოველი ხელისუფლება ეცდება, რომ ფეხები დაუგრძელოს, მაშინ საზოგადოება ვერ ენდობა ასეთ ხელისუფლებას.
დიდი ალბათობით, ორივე ხელისუფლება მსხვერპლია და სიმართლის გაჟღერებისთვის ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, რადგან, ჩემი აზრით, ასეთი ვერაგული სცენარი ქვეყნის გარეთ იყო დაგეგმილი. საკითხი მხოლოდ იმაშია, რატომ დათანხმდა ყოფილი ხელისუფლება ასეთი უბედურების განხორციელებას.
"მ.კ.": გარე ძალებში რუსეთს და მასთან კავშირს გულისხმობთ?
ს.ც.: როგორც კი დაკონკრეტებას დავიწყებთ ამა თუ იმ მოქმედი თუ შემსრულებელი პირისას, რომლის დიდი წვლილიც არის ამ გაუგებრობაში, წავაწყდებით საწინააღმდეგოდ განწყობილი სუბიექტებისგან საწინააღმდეგო მტკიცებულებებს. ნებისმიერი საზღვარგარეთის მიმართულებით გაგზავნილი ბრალდება მეორეხარისხოვანია, როდესაც შენი თანამემამულეები საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ცრუობენ.
"მ.კ.": აღნიშნული საქმის ამ დრომდე არგამოძიებას უკავშირებთ თუ არა პოლიტიკური ნების არქონას ქვეყანაში?
ს.ც.: ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულზე დუმილის უფლებას იყენებენ. დიდი ალბათობით, ეს არ არის მათი გადაწყვეტილება. ისინი მართლაც მზაობაში იყვნენ, რომ ეს ყველაფერი გამოძიებულიყო, მაგრამ მათ სურვილი გაუქრათ. ჩემი მოსაზრებით, გამოჩნდა ძალა, რომელმაც მათ საქმის გამოძიება აუკრძალა.
ეს საქმე რომ გახსნილიყო, არანაირი კითხვა არ გაჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დემოკრატიული შუქურა იყო სააკაშვილი და როდესაც ახალი ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს, აქ უკვე არსებობს მესამე წერტილი, რომელიც ორივე ხელისუფლების მიერ გასათვალისწინებელია.