ვახტანგ შამუგია
09.03.2015

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ათობით მოქალაქე მონაწილეობს. თუმცა, მოხალისეთა რიცხვი, რომლებსაც იქ წასვლა სურთ, ბევრად მეტია. შაბათს ვერის პარკში მათ დონბასში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი შეხვდა.

7 მარტს ჩატარებული შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. მამულაშვილის თქმით, მას უკრაინაში მოხალისეებად წასვლის მსურველები ხშირად სწერენ სოციალურ ქსელებში. მაღალი ინტერესის გამო მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება, რომელზეც ათობით ადამიანი მივიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ისინი ვერის პარკში არ მივიდნენ.

უკრაინაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში წასვლის სურვილი შეხვედრაზე მოსულმა თითქმის ყველა პირმა გამოთქვა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები. მათ ნაწილს მდიდარი საბრძოლო გამოცდილება აქვს.

მსურველთა რიგებში 1990-იან წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებებისა და აგვისტოს ომის ვეტერანები, ავღანეთსა და ერაყში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართული არმიის ყოფილი ჯარისკაცები და ოფიცრები იყვნენ. მათ მზადყოფნა გამოთქვეს უკრაინაში წასასვლელად და თავიანთი სამხედრო ცოდნისა და გამოცდილების ადგილობრივი მეომრებისათვის გასაზიარებლად.

"მე პირადად არტილერისტი ვარ. ქართულ არმიაში 25 წელი ვიმსახურე. აფხაზეთში ვიომე, აგვისტოს ომშიც ვიყავი. ამ პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. მინდა, რომ უკრაინაში წავიდე და ეს ცოდნა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ გამოვიყენო. თუ რუსები იქ არ შეჩერდნენ და დიდი დანაკარგები არ ნახეს, გათამამდებიან და უფრო დიდი ამბიციები გაუჩნდებათ. ამიტომაც მე პირადად მზად ვარ, რომ დღესვე ჩავიდე იქ საბრძოლველად", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბარში შეხვედრაზე მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც უარი განაცხადა, საკუთარი ვინაობა დაესახელებინა.

აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა შორის ბევრი ახალგაზრდაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი სამხედრო გამოცდილება არ აქვთ, კონფლიქტის ზონაში წასვლის სურვილი მათაც გამოთქვეს.

"აგვისტოს ომის დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი. სახლიდან გავიპარეთ მე და ჩემი ორი ძმაკაცი. ომში წასვლა გვინდოდა, მაგრამ მამაჩემმა უკან დაგვაბრუნა.

"ძალიან მინდა, რომ ჩვენი მტრის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩემი წვლილი შევიტანო. ახლა საქართველოს ბედი იქ წყდება, თუ უკრაინა დამარცხდა, რუსეთი მთლიანად ჩვენსკენ გადმოერთვება. ამიტომ ახლა პატრიოტების ადგილი იქ, უკრაინაშია", - თქვა გიორგი გოჩიტაშვილმა.

მისივე თქმით, საბრძოლო გამოცდილების არქონას მოტივაციის მაღალი დონე გადაწონის.

მამუკა მამულაშვილმა შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში არსებული ვითარება გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. ის ამ ეტაპზე უკრაინაში მოხალისეთა ახალი ნაკადის ჩასვლის საჭიროებას ვერ ხედავს.

"ახლა იქ კონფლიქტის აქტიური ფაზა არ მიმდინარეობს, მხოლოდ დროდადრო აქვს მოწინააღმდეგის მხრიდან ადგილი მცირე პროვოკაციებს. შესაბამისად, ახლა იქ ამდენი ადამიანის ჩასვლა არ არის მიზანშეწონილი. უკრაინას ადამიანური რესურსების მხრივ ამ ეტაპზე პრობლემები არ აქვს", - თქვა მამულაშვილმა შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკრაინულ არმიას ყველაზე მეტად სამხედრო ინსტრუქტორები ესაჭიროება, რადგანაც საჭიროა ახალწვეულების გაწვრთნა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა საინჟინრო და სადაზვერვო საქმის სპეციალისტებზე, აგრეთვე პირებზე, რომლებსაც აქვთ საბჭოთა წარმოების ჯავშანტექნიკის ექსპლუატაციის გამოცდილება. მან მოუწოდა შეკრებილებს, რომ თვითნებურად, "ქართულ ლეგიონთან" შეთანხმების გარეშე იქ არავინ ჩავიდეს, რადგანც ამან მათ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას.

"განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იქ ჩვენ არავინ არანაირ გასამრჯელოს არ გვაძლევს, გზის ფულსა და იქ ყოფნის ხარჯებს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით. ხშირად არის, რომ შეთანხმების გარეშე საქართველოდან ჩამოსული მოხალისეების დაბინავება-უკან გამოშვების ხარჯების გაღება ჩვენ გვიწევს, რაც ძალიან რულია.

"ახლაც რამდენიმე ქართველი მოხალისე ჩვენი თხოვნით კიევის საპატრიარქოს ჰყავს დროებით შეფარებული, მანამ, სანამ მათ უკან დასაბრუნებელ თანხებს არ მოვიძიებთ. არც უკრაინის და არც საქართველოს მთავრობა ფინანსურ ანაზღაურებას არ გვიწევს, ამიტომ ნურავის ნუ ჰგონია, რომ ჩვენ იქ რაიმე მატერიალური დაინტერესების გამო ვართ.

"დღესდღეობით თქვენ საქართველოს აქ უფრო სჭირდებით. აქაც რთული მდგომარეობაა. საქართველო იქ წარმოდგენილია "ქართული ლეგიონის" სახით, ამ ეტაპზე ეს საკმარისია", - აღნიშნა მამულაშვილმა.

"ქართული ლეგიონის" მეთაური ქართულ პრესაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული პირები 21 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე პროვოკაციის მოწყობას აპირებენ.

"ეს არის სრული დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც ვინმე სამხერდო ექსპერტმა, ტრისტან წითელაშვილმა გაავრცელა, რომელიც არც კი ვიცი, ვინაა. სამწუხაროა, რომ მაღალჩინოსნები ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით აკეთებენ განცხადებებს. თანაც, მე საქართველოს რამდენიმე დღეში ვტოვებ და 21 მარტს აქ არ ვიქნები", - თქვა შეხვედრაზე მყოფ ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მამულაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×