"ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისივე თქმით, ევროპამ უკრაინის მაგალითზე საფრთხეებთან გამკლავება უნდა ისწავლოს.
დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი ერთ-ერთია იმ კრიზისებს შორის, რაც ევროპის უსაფრხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ამიტომაც ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა იმოქმედონ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, სანქციები, როგორც რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ელემენტი, ძალაში რჩება, თუმცა სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით კონკრეტული კონსენსუსი მიღწეული არ არის.
"ამ მიმართულებით მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც დღეს განსაკუთრებულ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ მიუხედავად ამისა აგრძელებს თავის ევროპულ და ევროატლანტიკურ სვლას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანნი და თანმიმდევრულნი იმ არჩევანში, რომ მხარი დაუჭირონ ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ იმ ქვეყნებს, რომელთაც გააკეთეს თავისი არჩევანი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარის, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საქნციების გამკაცრების მოწინააღმდეგე ქვეყნების სიაში შედის: საფრანგეთი, გერმანია, იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.
"თუ ჩვენ საფრანგეთის ახლანდელი და ყოფილი პრეზიდენტების განცხადებებს გავითვალისწინებთ, იოლი მისახვედრია, რომ ალბათ საფრანგეთი არის ამ სანქციების მოწინააღმდეგე ერთ-ერთი წევრი ქვეყანა. ასევე, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ იტალიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოსკოვში, რომელსაც დიდი შეშფოთება მოჰყვა და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში იტალიის პრემიერების პოზიციების დაახლოება რუსეთთან თვალსაჩინოა.
"ასევე, გერმანიაში ამ სანქციების გაფართოებას ძალიან გავლენიანი ბიზნეს და პოლიტიკური წრეებიც ეწინააღმდეგებიან, აღარაფერს ვამბობ ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის იგივე საბერძნეთი და ა.შ." - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
მისივე თქმით, ის ძირითადი მიზეზი, რატომაც ვერ თანხმდებიან ევროპის ქვეყნები სანქციების ახალ ტალღაზე, არის ის, რომ უკრაინაში რუსეთსა და ამერიკას შორის ევროპისთვის ბრძოლა მიმდინარეობს: "ეს არ არის მარტო უკრაინისთვის ბრძოლა, ეს არის ევროპისთვის ბრძოლა, იმიტომ, რომ ამერიკის გავლენა ევროპაში, ევროკავშირში, ნატოში სულ უფრო სუსტდება.
"ამერიკის გავლენის შესუსტების პარალელურად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის გავლენის ზრდა სულ უფრო საგრძნობია. ჰიბრიდული ომი, რომელზეც უკვე თვეებია მსოფლიო ღიად საუბრობს, მიმდინარეობს არა მარტო საქართველოსნაირ ქვეყნებში, არამედ ევროპის შუაგულშიც და უპირველესად, რუსული იდეოლოგიის მიერ საინფორმაციო სივრცის დაპყრობასა და ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების პირდაპირ მოსყიდვას ითვალისწინებს, რისი შედეგიც არის ის სურათი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ.
"ევროპა დიდი ხანია აღარ არის ისეთი ერთიანი, როგორიც იყო, დავუშვათ, ათი წლის წინ. გასაგებია, რომ არსებობს ობიექტური ფაქტორები და ეკონომიკაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უკუეფექტი, რომელიც ევროპის ქვეყნებს ბუმერანგივით, ნაწილობრივ მაინც უბრუნდება, ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე რუსეთის მხრიდან დაწესებულია ემბარგო, მაგრამ ევროპის დღევანდელი ლიდერების აბოსლუტურ უხერხემლობას ეს არ ამართლებს.
"საკუთარ ქვეყანაში წააგო საინფორმაციო ომი რუსეთთან, ეს იმის წინაპირობაა, რომ სხვა ტიპის ომშიც შესაძლოა დაუთმო რუსეთს, იმიტომ, რომ აქ საუბარია ელემენტარულ საინფორმაციო სტრატეგიაზე. მთავარია, როგორ წარმოაჩენენ ევროპის ლიდერები დღეს რუსეთთან ურთიერთობას საკუთარი მოსახლეობის თვალში", - ამბობს ლაგაზიძე.
როგორც ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, თუ ევროპის ქვეყნების ლიდერები შეძლებენ საკუთარ მოსახლეობას რუსეთი დაანახონ არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური საფრთხე, არამედ როგორც მათი სიცოცხლისთვის პირდაპირი საფრთხე, ასეთ შემთხვევაში, ევროპის ქვეყნის ამომრჩეველი დაფიქრდება, სანამ არჩევანს გააკეთებს.
"როგორც ჩანს, ხალხს გასაგებად არავინ ეუბნება, რომ შეიძლება დღეს რუსეთის სანქციების გამო სოციალურ-ეკონომიკურად გიჭირდეს, მაგრამ ხვალ თუ ამ სანქციებმა შედეგი არ გამოიღო, შეიძლება ევროპის შუაგულში რუსეთის სამხედრო აგრესია პირდაპირ იხილო.
"თუ ამ სურათს ნათლად არ დაანახებენ, მაშინ ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელები იძულებულები იქნებიან საკუთარი მოსახლეობის განწყობას ჩაყვნენ, მოსახლეობის განწყობა კი ასეთია - ათწლეული ნებიერი ყოფისგან განებივრებულ ევროპას, უბრალოდ არ სურს დაინახოს საკუთარი ქვეყნებისა და საკუთარი სიცოცხლისთვის პირდაპირი საფრთხე, იმ რეალობის მიღმა, რაც უკრაინაშია.
"ევროპის ქვეყნების ლიდერები ვერ ან არ ახერხებენ გასაგებად აუხსნან საკუთარ მოსახლეობას, რომ რუსეთი არამარტო უკრაინისთვის არის საფრთხე, არამედ მათთვისაც, ისეთივე დოზით, რა დოზითაც უკრაინისთვის", - ამბობს ლაგაზიძე.
მისივე თქმით, თუკი რუსეთი დაინახავს, რომ ევროპის ქვეყნების ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის გავლენიან ნაწილზე გამარჯვება მოიპოვა და ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის მისი იდეოლოგია დამაჯერებელია, სხვა ტიპის გავლენების გაფართოებაზე უკან აღარ დაიხევს.
"ეს ნებისმიერი იმპერიის დამახასიათებელი თვისებაა. რეალურად, დღეს უკრაინაში ევროპისთვის მიმდინარე ომს, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, აგებს. ვნახოთ როგორი იქნება ხვალინდელი რეალობა.
ბერლინის კედლის დანგრევიდან სულ რაღაც 25 წელიწადში, ამერიკა ევროპისთვის ომს აგებს და ეს საქართველოსნაირ ქვეყნებს შეიძლება ძალიან დიდ ტრაგედიად შემოგვიბრუნდეს", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.