"სავიზო რეგულაციებში თვითშემოქმედება ჩანს და ევროკავშირი არაფერ შუაშია"
თაკო მათეშვილი
11.03.2015

 ევროკავშირის მოთხოვნა თუ თვითშემოქმედება - იუსტიციის მინისტრის განცხადება და ზოგადად, სავიზო რეგულაციები კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ მოექცა. მიზეზი კი წულუკიანის ის ფრაზა გახდა, სადაც ამბობს, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამ და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის შეზღუდვამ ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში გარკვეული წარმატებები მოგვიტანა.

მინისტრს მაშინვე არაერთი სპეციალისტი დაუპირისპირდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წულუკიანი ავრცელებს მცდარ წარმოდგენას, თითქოს გარკვეული ქვეყნებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საწინდარია.

მათი თქმით, არც ასოცირების შეთანხმება და არც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას არ მოითხოვს და აქცენტს მხოლოდ მის მოწესრიგებაზე აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ამაზე საუბარი არც ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშია.

წულუკიანი VS ირანის საელჩო და არასამთავრობოები

ყველაფერი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადებით დაიწყო.

"1 სექტემბერს, როცა ეს (საიმიგრაციო) რეფორმა შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია 2014 წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების... შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას... მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან, რაც მთავარია, ინვესტორია," - თქვა იუსტიციის მინისტრმა.ნათქვამმა 10 არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტი გამოიწვია, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ წულუკიანის სიტყვები ამ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისადმი ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ და რასისტულ დამოკიდებულებას შეიცავდა. მათი აზრით, მინისტრი ამ ადამიანებს საქართველოს არაკეთილმოსურნეებთან აიგივებს, რომლებიც ქვეყანაში არ უნდა დაიშვებოდნენ. გარდა ამისა, მათი თქმით, განცხადება ხელს უწყობს ევროპის შესახებ უმართებულო და სტერეოტიპული წარმოდგენების გაღრმავებასაც.

წულუკიანის სიტყვებს "არამეგობრული" უწოდეს ირანის საელჩოშიც, სადაც აღნიშნეს, რომ ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად.

"ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა," - ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში.

შედეგად, იუსტიციის სამინისტროს წულუკიანის ნათქვამის განმარტება მოუწია და პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ თან ახლავს მთელი რიგი, მათ შორის მასშტაბური, რეფორმების გატარების აუცილებლობა.

მათი თქმით, ამ რეფორმების რიცხვშია საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებაც იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღონ. ამ და სხვა საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ და წარმატებით დაიხურა წინა წლის ოქტომბერში.

"გატარებულმა ცვლილებებმა, რომლებიც სრულიად ახალი წესების შემოღებას გულისხმობდა, ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის, ისევე როგორც ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, პრაქტიკული უხერხულობები წარმოშვა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ არსებობს დიდი რეფორმა, რომელსაც თან არ ახლავს პირველ ეტაპზე სირთულეები," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რას ითხოვს ევროკავშირი?

"რეზონანსი" დაინტერესდა, ითხოვს თუ არა ევროკავშირთან დაახლოება, ან თუნდაც რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმის შესაძლო მიღება საქართველოსგან "მსხვერპლს" სავიზო პოლიტიკის გამკაცრების სახით.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მსგავსი მოთხოვნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში არ ფიგურირებს. დოკუმენტში მხოლოდ მიგრაციის მართვაზეა საუბარი და აქვე ჩამოთვლილია ის ღონისძიებებიც, რაც ქვეყანამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა გასწიოს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დაინტერესდა იმით, თუ რომელ საერთაშორისო აქტებს ან/და ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს ემყარებოდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრება და საკუთარ გვერდზე მოკვლევის შედეგებიც გაასაჯაროვეს.

"აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად საქართველოს მთავრობას დაეკისრა ვალდებულება კონკრეტული სფეროების რეფორმირებისა მათ შორის მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ავალდებულებს საქართველოს მთავრობას, გაამკაცროს სავიზო რეჟიმი, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან ერთად დღის წესრიგში დგება შესაბამისი ზომების მიღება, საქართველოში არალეგალური მიგრაციის აღკვეთა და ზოგადად საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება.

"შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების პრეამბულაში ხაზგასმულია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა, ხოლო მე-16 მუხლი ახსენებს საქართველოს მთავრობას მის ვალდებულებას, უზრუნველყოს "საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმების სრული იმპლემენტაცია," - ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.

იუსტიციის მინისტრს გამოეხმაურა ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერიც.

"რაკი ეს "საამაყო რეფორმა" ევროკავშირს დაბრალდა, უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში ევროკავშირი საქართველოსგან საერთოდ არ ითხოვდა არც ერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის დაწესებას," - განაცხადა მან.

მოსაზრებას ეთანხმება ფონდ "ღია საზოგადოება - სქართველოს" ვეროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და აღნიშნავს, რომ სავიზო საკითხების მოწესრიგება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული. თუმცა, ამ დოკუმენტში არაა საუბარი იმზე, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმი ჩინეთს, ირანს, ერაყს ან სირიას უნდა გაუმკაცროს. მოწესრიგება კი, მისი აზრით, ნამდვილად საჭირო იყო, ვინაიდან ერთიანი სისტემა და მიდგომა არ არსებობდა.

"არ მგონია, რომ საქართველომ ზოგიერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებით ევროპის თვალში ქულები დაიწერა. ჩემი აზრით, ეს გაუაზრებელი გადაწყვეტილება და განცხადება იყო," - აღნიშნავს იგი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, ევროკავშირი მიგრაციული პროცესების მართვას და გამართულ სისტემას გვთხოვს, მაგრამ ის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ აყენებს. მითუმეტეს, იგი სულაც არ გვთხოვს, რომ მისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვისაც კონკრეტული შეზღუდვები შემოსულიყო და მათი საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადები შემცირებულიყო. შესაბამისად, ფიქრობს, რომ კანონში, ამ სავიზო რეგულაციებში თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი და ევროკავშირი აქ არაფერ შუაშია.

"აქ საუბარი იმაზეა, რომ მიგრაციის პოლიტიკა ზოგადად უნდა დავარეგულიროთ. უნდა გვქონდეს ეფექტური მექანიზმები, რათა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველო სატრანზიტო გზად არ იქნეს გამოყენებული. ასევე, მიგრაციული პროცესები მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს, რათა სახელმწიფომ იცოდეს, თუ ვინ შემოვიდა და ვინ გავიდა, რამდენი ხნით და რა მიზნით შემოდიან და ა.შ.

"თუმცა ევროკავშირს ჩვენთვის არასოდეს მოუთხოვია ბინადრობაზე უარის თქმის საფუძველი ყოფილიყო ის, რომ ადამიანი ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ასეთი რაღაც არც ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს. ამ შემთხვევაში, ამ ადამიანს ქვეყანაში უბრალოდ არ უშვებ. ხოლო თუკი უშვებ და აქ ცხოვრობს, მერე უარის თქმა ამ მიზეზით არსად არ ხდება," - აღნიშნავს გიგაური.

ვიზებში დაკარგულები

საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა არსებობდა (საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადა, ვიზის აღების საშუალება სასაზღვრო პუნქტზე და ა.შ.). პირველი სექტემბრიდან კი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა და საქართველოში შემომსვლელთათვის საჭირო სავიზო პროცედურებსა და ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები შეიცვალა.

კონკრეტულად შეიცვალა ის, რომ 118 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა აღარ შეუძლია; საქართველოს ვიზა უკვე არა სახელმწიფო საზღვარზე, არამედ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გაიცემა; მოკლევადიანი ვიზა შესაძლოა იყოს ერთჯერადი, 30 დღემდე მოქმედების ვადით; ევროკავშირის, ნატოს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნებულ იქნა ერთადერთი ცვლილებით - ამ კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ექნებათ, საქართველოში უვიზოდ დაყონ არაუმეტეს 90 დღისა 180-დღიან პერიოდში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით და ა.შ.

ცვლილებებმა პრობლემები შეუქმნეს საქართველოში შემოსვლის მსურველ და აქ მცხოვრებ უცხოელებს. განსაკუთრებით კი სტუდენტებს, რომელთაც სასწავლო ვიზის მიუხედავად, 90 დღეში ერთხელ სამშობლოში დაბრუნება და ვიზის გახანგრძლივება უხდებათ.

თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს თავისი საკონსულო წარმომადგენლობა არ ჰყავს. შესაბამისად, სტუდენტებს თუ სხვა პროფესიის ადამიანებს პროცედურის გასავლელად სხვა ქვეყანაში წასვლა უწევთ და იმ ქვეყანაში შესასვლელად კიდევ ცალკე ვიზა სჭირდებათ.

ესმათი ახალგაზრდა ეგვიპტელია, რომელიც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. პრობლემაზე საკუთარი და მეგობრების სახელით გვესაუბრა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

"ცვლილებების შედეგად პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის ის გართულდა, რომ როდესაც ვიზის ვადა გადის, იძულებული ვხდებით, ჩვენს ქვეყანაში დავბრუნდეთ და ახალი ვიზა ავიღოთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან ვიზის მისაღევად 10-დღიანი მოცდაა საჭირო. გამოდის, რომ სწავლის დაახლოებით 2 კვირით გაცდენა გვიწევს.

"თანაც, სტუდენტები ვართ, უცხო ქვეყანაში რომ ვსწავლობთ, ჩვენს ოჯახებს ისედაც საკმაოდ დიდი ხარჯის გაღება უწევთ და სამ თვეში ერთხელ ვიზის გასაგრძელებლად სამშობლოში დაბრუნება კიდევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. მესმის, რომ საქართველოს მთავრობა სავიზო პოლიტიკის მოწესრიგებას ცდილობს, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა შეიძლებოდეს პროცედურების გავლა აქ, საქართველოშივე. ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნებოდა," - ამბობს ეგვიპტელი სტუდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×