"ამას დიდი ხანია ვამბობ და ნურავინ ფიქრობს, რომ პოზიციას შევიცვლი"
თაკო მათეშვილი
12.03.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ამბობს, რომ ნატო-სთან დაახლოებით საქართველოს უამრავი პრობლემა შეექმნება. მისი აზრით, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ალიანსთან ურთიერთობით მოგებული დარჩა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ნატო-ს ქმედებებიდან გამომდინარე კი ასკვნის, რომ მის გვერდით დადგომა აღარავის უნდა.

მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლება ყოველდღიურად უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს საგარეო კურსი დასავლურია, მაშინ როცა მათივე თქმით, ძალისმხევას არ იშურებენ ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დასაახლოებლად, გუნდის ერთ-ერთი წევრი ამ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების მიმართ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს და აცხადებს, რომ მის მოსაზრებას უმრავლესობაში ბევრი იზიარებს.

თოფაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს ნატო-ში გაწევრიანება არ სურს და ამბობს, რომ ამას რეფერენდუმი დაადასტურებს.

გოგო თოფაძე: 1996 წლიდან ნატო-ზე ვლაპარაკობთ. მითხარით, რა მოგწონთ მასში?

"რეზონანსი": მოსაზრებას, რომ ჩვენისათანა პატარა ქვეყნისთვის მსგავსი მფარველის თუ მხარდამჭერის ყოლა აუცილებელია, არ ეთანხმებით?

გ.თ: ჩვენი პატარა საქართველო სხვადასხვა ეთნიკური და პოლიტიკური რეალობის მქონე ქვეყნებითაა გარშემორტყმული. არც ერთ სამხედრო ბლოკში არ მინდა ვიყო, არც ერთი მათგანი არ მხიბლავს. ახლო აღმოსავლეთი გადაგვეკიდება.

კარგად მოგეხსენებათ, რა ხდება სირიაში, ერაყში, ეგვიპტეში - ამოხოცეს ერთმანეთი. არც ჩვენი ჩრდილო მეზობელია მაინცადამაინც დემოკრატიული და საფრთხეც მისგანაც შეიძლება წამოვიდეს. ამიტომ, არც ერთი სამხედრო ბლოკი არ მინდა. ჩემი პოზიცია ესაა და შეეგუეთ. საქართველოს მოსახლეობის 80% ასე ფიქრობს. თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ ნატო საქართველოსათვის ერთადერთი და უალტერნატივო იყოს, ჩვენ მაგ გუნდს არ ვეკუთვნით.

"რ": თქვენი აზრით, ჩვენისთანა პატარა ქვეყანამ, ასეთ სამეზობლოში როგორ უნდა გაიტანოს თავი დამოუკიდებლად?

გ.თ: რომელი უფრო აგრესიულია - ჩრდილოელი თუ ოკეანსგაღმელი? მოდით, გავიხსენოთ, რა უქნა იუგოსლავიას თქვენმა ნატომ. შუაგულ ევროპაში ქვეყანა შუაზე გახლიჩა. აღარფერს ვამბობ ერაყზე, სირიაზე.

გარდა ამისა, კარგად ვხდევთ, რას აკეთებს უკრაინაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. თქვენ რა გგონიათ, თუ რუსეთთან ვიქნებით, რუსეთი დაგვიცავს და თუ ამერიკასთან - ამერიკა? ვიყოთ ნეიტრალური, ფეხზე დამდგარი ქვეყანა, ამას ჩვენი ეკონომიკური განვითარებით მივაღწიოთ. მაინცადამაინც სამხედრო ბლოკში რა უნდა გავაკეთოთ?

რომ იძახიან, ჩვენთან ნატოს ჯარების საწვრთნელი ბაზა გავხსნათ და მებრძოლები ახლო აღმოსავლეთში აქედან გავუშვათო, ამას დაფიქრება არ უნდა? აქ მომზადებული ხალხი იქ რომ გავუშვათ, წარმოიდგინეთ, რამხელა აგრესია წამოვა. მთელ არაბეთს და მუსულმანურ სამყაროს გადავიკიდებთ. ამას ქართველი კაცი არ უნდა ფიქრობდეს. მე ჩემი პოზიცია მაქვს და ნურავის გგონიათ, რომ შემეცვლება. დარწმუნებული ვარ, თქვენი გაზეთი ამას არ დაბეჭდავს.

"რ": მთავრობა, რომელსაც თქვენც წარმოადგენთ, როგორც თავადვე აცხადებენ, ნატო-სთან დასაახლოებლად ძალ-ღონეს არ იშურებს. თქვენი აზრით, ტყუილად ირჯებიან?

გ.თ: როგორ გეკადრებათ. ეს მთავრობა ტყუილს არ ამბობს. მთავრობაც ასე ფიქრობს, როგორც ჩვენი ოპონენტების ნაწილი.

მინდა მეორე საკითხიც დავსვა - ვინმე გვიღებს ნატო-ში? ბოლო პერიოდში ობამამაც განაცხადა და საფრანგეთის პრეზიდენტმაც, რომ საქართველოს არ მიიღებენ. ჩვენი ყოფილი ხელისუფლება რომ დაბრუნდეს, რომლის მმართველობის ლაიტმოტივიც ნატო იყო, მიგვიღებენ? სააკაშვილის გუნდს ეს ხომ ძალიან უნდოდა. 10 წელი ხომ ამას ცდილობდნენ, მაგრამ მიგვიღეს?

ხან მაპი მოიგონეს და ხან რა. ეს დელიკატურად თავიდან მოცილებაა. ხალხს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეთ - ნატოში არ გვიღებენ. სხვა ყველაფერი სიცრუეა! პოლიტიკური სიცრუე! ვიცი, მაინც არ დაბეჭდავთ ამ სტატიას.

"რ": უნდა შეწყვიტოს მთავრობამ ამ კუთხით მუშაობა?

გ.თ: თქვენ როგორ გგონიათ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება რუსეთთან ჩხუბით უფრო ადვილი მისაღწევია თუ მოლაპარაკებით? ვინმეს ჰგონია, რომ ნატო მათ დაბრუნებაში დაგვეხმარება და რუსეთს გადაიკიდებს? ეს ხომ საკითხის არასერიოზული განხილვაა. ამას სულ სხვა მიდგომა სჭირდება.

ჩვენი წინაპრები რუსებს ეომებოდნენ თუ ცდილობდნენ, რომ მოფერებოდნენ და შეჰგუებოდნენ? თქვენ გვეუბნებით, ეჩხუბეთო. ნატო-ს მოიყვან - რუსი გადაგივლის, რუსეთს ჩაეხუტები - ნატო დაგაზიანებს. ერთიც აგრესორია და მეორეც. თუმცა, იმის შემდეგ, რაც ნატო-მ ბოლო 20 წელიწადში გააკეთა, არ მგონია რომელიმე ქვეყანა მის გვერდით დადგომას ფიქრობდეს.

"რ": უმრავლესობაში ბევრი გეთანხმებათ? არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მოსაზრებას იზიარებენ?

გ.თ: ჩაატარეთ რეფერენდუმი და ნახავთ, რამდენი გადმოვა ჩვენს აზრზე, რამდენი გაიზიარებს ამ პოზიციას. მე ამას ჩემი თანაგუნდელების სახელით დიდი ხანია ვამბობ და ნურავინ ფიქრობს, რომ პოზიციას შევიცვლი. გუნდური თამაშის წესები ძალიან კარგად ვიცი და ისიც კარგად ვიცი, თუ როგორ მოვედით ხელისუფლებაში, მაგრამ ჩემი აზრი ყველგან მექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×