თაია არდოტელი
12.03.2015

"ჩვენ ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ, ჩვენ ვმუშაობთ პრინციპულად, შედეგებზე ორიენტირებულად. მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში მეტი ეკონომიკური საინვესტიციო პროექტი განვახორციელოთ, რათა ამით ეკონომიკურ განვითარებას შევუწყოთ ხელი და დასაქმებული ადამიანების სოციალური კეთილდღეობა გავზარდოთ", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრების წარდგენისას.

დავით ნარმანიამ დღეს თბილისის ვიცე-მერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, მერის მოადგილედ ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა ჯაჭვლიანი, ხოლო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი გურგენიძე დანიშნა.

თქვენი აზრით, რამ განაპირობა დედაქალაქის მთავრობის მაღალჩინოსნების ცვლილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ქეთი ბექაური  (იურისტი): თვითონ მერიის სამსახური ცოცხალი ორგანიზმია და აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. საზოგადოება ამ ცვლილებამ არ უნდა შეაშინოს. როგორც ვიცი, ლექვინაძე თავისი დარგის გამორჩეული სპეციალისტია. დედაქალაქის ინფრასტრუქტურა განსავითარებელია, ძალიან ბევრია გასაკეთებელი და დედაქალაქი უნდა გარდაიქმნას.

მთავარია, საქმე გაკეთდეს. ის ადამიანები, რომლებიც მერმა დაასახელა, ახალი სახეებია, საზოგადოებაში კითხვებს არ აჩენს, მათი წარსული დალაქავებული არ არის, ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა დავაცადოთ და ვნახოთ, როგორ ივარგებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებისას.

 გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): მივესალმები ცდას, თუ ეს გაუმჯობესებისაკენ იქნება მიმართული. უკეთესი კადრების შერჩევა თუ მოხდება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. შეიძლება ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენა არც არის და მართლაც რაღაც ისეთი მოხდა, მაგრამ თუ ცვლილება იმიტომ ხდება, რომ საერთო ჯამში კოლექტივმა უკეთესად იმუშაოს, ეს მოსაწონია.

 

 

 

 ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი): სამწუხაროდ, ცხადია, რომ მერიასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი უარყოფითია ცნობილი, ვიდრე დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ ახლად დანიშნულია დედაქალაქის მთავრობა, როგორც ჩანს, გარკვეული გადაადგილებები, ახალი სისხლი საჭირო იყო.

ზუსტი დასკვნების გაკეთება კი უახლოესი კვირების განმავლობაში იქნება შესაძლებელი. თუმცა ყველა შემთხვევაში მივესალმები, რომ რაღაც სიახლეა. მით უმეტეს, როგორც ჩემთვის ცნობილია, ქუმსიშვილი და ლექვინაძე მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

 

 გია მაისაშვილი (ლიდერთა სკოლის დირექტორი, ეკონომისტი):  აშკარაა, რომ დედაქალაქის მერი და საერთოდ ხელისუფლება ვერ ფუნქციონირებს. ეკონომიკური, ფსიქოლოგიური განცდა საზოგადოებაში უარესდება, პრესინგი მათზე იზრდება და ამ პრესინგზე რეაქციაა ეს, რომ რაღაცით უნდა მოხდეს რეაგირება.

ეს არ არის მიზანმიმართულ სამოქმედო სტრატეგიაზე აწყობილი ცვლილება, ეს ქაოტური რეაგირებაა, უბრალოდ, რაღაცა უნდა მოხდეს, რაღაცაზე რეაგირება უნდა გააკეთონ.

არ არის სტრატეგიული ხედვა, თუ რისთვისაა ეს თანამდებობა, რა უნდა გააკეთოს, რა მთავარი ამოცანის შესრულებას აპირებს მერია. რეალურად ასეთი ცვლილებით არანაირი შედეგი არ მიიღწევა.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ცვლილებები მისასალმებელია. ვფიქრობ, ცოტა გამოფხიზლება იქნება საჭირო, ცოტა სიკეთე უნდა წამოვიდეს ამ ორგანიზაციიდან. თვითონ დავით ნარმანია მშვიდი, კეთილი პიროვნებაა და გვერდით ასევე კეთილი ხალხი უნდა ჰყავდეს. კანდიდატებს რაც შეეხება, როგორც ვიცი, ქუმსიშვილს ყველა დადებითად ახასიათებს, ლექვინაძეც ძალიან ნორმალური ახალგაზრდაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×