ირაკლი მენაღარიშვილი: "ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებულად ფხიზლად და ფრთხილად უნდა იყოს"
თაკო მათეშვილი
13.03.2015

 "ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს მომავალს რუსეთთან ალიანსში ხედავენ, თავიანთ მოსაზრებას ბოლო პერიოდში უფრო თამამად აცხადებენ. ეს კი პრორუსული ძალების გააქტიურებაზე მეტყველებს - ამგვარ მოსაზრებას აფიქსირებენ "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო ურთიერთობის სპეციალისტები და აქვე იმასაც დასძენენ, რომ ამის მიზეზი რეგიონში მიმდინარე პროცესებია.

გარდა ამისა, მათი აზრით, საქართველოში პრორუსულ ძალებს ხელს რუსეთიდან უწყობენ.

ზემოხსენებული ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, ოპოზიციის აზრით, უმრავლესობის წევრების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებებიც და დასძენენ, რომ ხელისუფლების საგარეო კურსი უკვე ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.

განცხადებამ, რომელიც გოგი თოფაძემ 2 დღის წინათ გააკეთა, დიდი ხმაური გამოიწვია, ვინაიდან იგი ამბობდა, რომ ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და რომ ალიანსისგან არც ერთ ქვეყანას არ უხეირია.

მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლება ყოველდღიურად უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს საგარეო კურსი დასავლურია, მაშინ როცა, მათივე თქმით, ძალისმხევას არ იშურებენ ევროკავშირთან და ნატოსთან დასაახლოებლად, გუნდის ერთ-ერთი წევრი ალიანსისადმი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს და აცხადებს, რომ მის მოსაზრებას უმრავლესობაში ბევრი იზიარებს.

"კარგად მოგეხსენებათ, რა ხდება სირიაში, ერაყში, ეგვიპტეში, ამოხოცეს ერთმანეთი. არც ჩვენი ჩრდილო მეზობელია მაინცადამაინც დემოკრატიული და საფრთხე მისგანაც შეიძლება წამოვიდეს. ამიტომ, არც ერთი სამხედრო ბლოკი არ მინდა. ჩემი პოზიცია ესაა და შეეგუეთ. თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ ნატო საქართველოსათვის ერთადერთი და უალტერნატივო უნდა იყოს, ჩვენ მაგ გუნდს არ ვეკუთვნით."მინდა მეორე სკითხიც დავსვა - ვინმე გვიღებს ნატოში? ბოლო პერიოდში ობამამაც განაცხადა და საფრანგეთის პრეზიდენტმაც, რომ საქართველოს არ მიიღებენ. ხან მაპი მოიგონეს და ხან - რა. ეს დელიკატურად თავიდან მოცილებაა. ხალხს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეთ - ნატოში არ გვიღებენ. სხვა ყველაფერი პოლიტიკური სიცრუეა!" - განაცხადა თოფაძემ "რეზონანსთან" ინტერვიუში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ მთავრობას საგარეო კურსი საერთოდ არ გააჩნია. თუ დღეს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს ნატოში არაფერი გვესაქმებაო, ეს მისი აზრით ორ რამეს ნიშნავს - ან კოალიციაც იზიარებს თოფაძის მოსაზრებას, ან მასში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ლიდერის მოსაზრებას სხვა წევრებისათვის არავითარი ფასი არ აქვს. გოგუაძე ფიქრობს, რომ ორივე სიტუაცია სავალალოა.

 მისივე აზრით, ბოლო დროს საქართველოში არსებული რეალობა მიუთითებს იმაზე, რომ პრორუსი ძალების გავლენა იზრდება და არც ისაა გამორიცხული, რომ მალე პროდასავლური ძალებიც კი დაჩრდილოს.

"როცა ოპოზიციაში წავედით, მაშინვე ვთქვით, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე დაემუქრა. იმის მერე იყო რამდენიმე სრულიად წარმოუდგენელი განცხადება პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ნატოში ინტეგრაციისაკენ მიმართული ნამდვილად არ იყო. ამასობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ დუმს და მთელი უბედურება ისაა, რომ ვინ რაზე აქგებს პასუხს და ამ ქვეყანას რა კურის აქვს აღებული, გაუგებარია.

"პრორუსული ძალები კი მძლავრობენ. არაერთი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციაა შექმნილი და მსგავსი განცხადებებით ეს პროცესი წახალისებულია. ჩვენთვის დღესაც აქტუალურია კითხვა - ხომ არ ემუქრება საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე?," - აცხადებს გოგუაძე.

პრორუს ძალებს, უმრავლესობის წევრ ანი მიროტაძის აზრით მხოლოდ ხელისუფლების უმოქმედობა წაახალისებს და ასევე ის, თუ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს გვერდით არ იქნება. ამ წუთში კი, იგი ვერც ერთ საშიშრობას ხედავს და ვერც მეორეს.

თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ სასურველია მთავრობამ უფრო იაქტიუროს და საქართვლოს შესახებ საუბარი, ყველა იმ ადგილას, სადაც პოლიტიკური საკითხები წყდება, ბევრად ხშირად ისმოდეს. მისი აზრით, მთავარი ესაა და ჩვენი მთავარი მიზანი - გავხდეთ ევროატლანტიკური გაერთიანების ერთ-ერთი წევრი, სწორედ ამით მიიღწევა.

"მე პირადად, ისე არ ვფიქრობ, როგორც გოგი თოფაძე. მიმაჩნია, რომ საქართველოს ერთადერთი სწორი გზა არის სვლა ევროპისაკენ. არ ვიცი, ვინ ეთანხმება მას უმრავლესობაში, თუმცა ვიცი ძალიან ბევრი ჩემი კოლეგის პოზიცია, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი უალტერნატივოა", - აცხადებს მიროტაძე.

შეშფოთების საფუძველი ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ჯერ არ გვაქვს. თოფაძის განცხადებები არ უკვირს და ამბობს, რომ ამგვარი მიდგომა მას არც ადრე დაუმალავს.

არ გამორიცხავს, რომ მის მსგავსად საქართველოში კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, თუმცა, მისი აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ან ხელისუფლება ამ აზრს მხარს უჭერს. ამიტომ მიიჩნევს, რომ ეს განცხადება სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ქართული ოცნება" საკმაოდ ეკლექტური კოალიციაა. მასში განსხვავებული მოსაზრების მქონე პოლიტიკური ძალებია გაერთიანებული. მოდით, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების დასრულებამდე ამბობდნენ, რომ იგი ადრე თუ გვიან დაიშლებოდა და ეს არანორმალურად არავის ეჩვენებოდა. ასე რომ, ამგვარი აზრი იქ შესაძლოა სხვებსაც ჰქონდეთ, თუმცა ეს არც საერთო სურათს ცვლის და არც ქვეყნის კურსს.

"რაც შეეხება რუსულ გავლენას, უდავოა, რომ ის პოლიტიკური ძალები თუ ფიგურები, რომლებიც საქართველოს მომავალს რუსეთთან ალიანსში ხედავენ, თავიანთ მოსაზრებას ბოლო პერიოდში უფრო თამამად აცხადებენ.

"ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რაც რეგიონში ხდება და, რა თქმა უნდა, ამგვარ პროცესებს ხელს რუსეთიდანაც უწყობენ. ადამიანი ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო. ამიტომაც უნდა იყოს დღეს ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებულად ფხიზლად და ფრთხილად", - აცხადებს მენაღარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×