პრეზიდენტის მიერ დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც გუშინ უნდა გამართულიყო, კვორუმის არასებობის გამო ჩაიშალა. სხდომასზე მხოლოდ 31 დეპუტატი მივიდა - "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, დასანანია, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ შედგა.
"რიგგარეშე სხდომის მოწვევით პრეზიდენტმა პატივი სცა ერთი მხრივ, ქართული საზოგადოების ინტერესს სავალუტო კრიზისისადმი, ხოლო მეორე მხრივ, პარლამენტს, როგორც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. დასანანია, რომ აღნიშნული რიგგარეშე სხდომა არ შედგა", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ პარლამენტის ჩაშლილ სხდომას სამარცხვინო ფაქტი უწოდა.
"სამარცხვინოა ის, რომ არ აღმოჩნდა უმრავლესობის არცერთი დეპუტატი, რომელსაც გაახსენდებოდა თუნდაც თავისი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი დანაპირები, რომ ჩვენ შევქმნით სახელმწიფოს, სადაც ინსტიტუტები მართავენ და ინსტიტუტებს ექნებათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
თქვენი აზრით, სწორად მოიქცა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა, როდასაც სხდომას არ დაესწრო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
მერაბ სეფაშვილი მომღერალი): "მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას აუცილებლად უნდა დასწრებოდა, რადგანაც თემა - ლარის კურსის გაუფასურება - საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა და კარგი იქნებოდა მოგვესმინა, მის გასამყარებლად რა ღონესა და ხერხს მიამრთავენ."
გია ბუღაძე (ფერმწერი): "აუცილებალდ უნდა მისულიყო უმრავლესობა საპარლამენტო რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად. მაგრამ რომ არ მივიდოდნენ, ეს ისედაც ცნობილი იყო.
"მათი ქცევა საკმაოდ ბანალურ პოლიტიკურ თამაშს ჰგავს. აქ თამაში მიდის საკუთარი ძალების მოსინჯვაზე და ამას საკუთარი ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ. ეს არ არის სერიოზული დამოკიდებულება და ქვეყანას არასერიოზული ხალხი მართავს. ამ საქციელით მათ პრეზიდენტი საკმაოდ შეურაცხმყოფელ სიტუაციაში ჩააგდეს."
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "დღეს საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში არ უნდა მისულიყო, რადგანაც დაწყებულია სასესიო პლენარული სხდომები, სადაც იხილავენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. კომიტეტების მიერ დაიწყო ასევე სხდომები ლართან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საჭირო აღარ იყო რაიმე ზედმეტი სხდომის გამართვა."
გიგი თევზაძე (ილიას უნივერსიტეტის რექტორი): "მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მისულიყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ელემენტარულად პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის მაინც უნდა ეცათ პატივი."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე