საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ "ნატო ჩვენი გზა არ არის". მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს და შესაძლოა, ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, რადგან ექსპორტის მეტი საშუალება გვექნება.
"მზად არც ამისთვის ვართ. თუმცა, თუ იქ უფრო კარგი პირობები იქნება, თუ მძლავრი ქვეყანა ვიქნებით და საკუთარ ინტერესებს დავიცავთ, შეიძლება ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, რადგან ექსპორტის მეტი საშუალება გვექნება. როგორ გგონიათ, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში ნატო უფრო დაგვეხმარება თუ რუსეთი?" - განაცხადა თოფაძემ.
მისი თქმით, ნატოს პოლიტიკის გამო ბევრი სახელმწიფო "გაუბედურდა" მათ შორის ერაყი, ლიბია, ეგვიპტე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუ ამ სახელმწიფოების გზას დავადგებით, საქართველოში იმაზე უარესი მოხდება, რაც უკრაინაში მოხდა.
ეთანხმებით თუ არა გოგი თოფაძის ამ მოსაზრებებს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თედო დუნდუა (ისტორიკოსი): "როგორ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება. ჩვენ გვაქვს პროდასავლური ორიენტაცია, მაგრამ ამავე დროს მეზობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვინდა. ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის სახით უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში. აბსოლუტური არასწორი განცხადებაა.
"საბოლოო ჯამში ალბათ გაიმარჯვებს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და განხორციელდება რუსეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა. ეს გეგმა იყო ამ საუკუნის დასაწყისშიც, მაგრამ რატომღაც შეცვალეს იმით, რომ გერმანიამ ენერგომატარებლების დიდი რაოდენობით შეძენა დაიწყო, რასაც რუსეთის სამრეწველო პოტენციალის რეანიმირება მოჰყვა."
იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი): "ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს უმთავრესი. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენ გარკვეულწილად პოლიტიკური ელიტის მსხვერპლნი ვართ. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ უახლოეს დროში ნატოში ვერ შევალთ. ქვეყნის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. თუ ქვეყნის ინტერესებისთვის კარგი იქნება, ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეთ. "უნდა გადავრჩეთ და არ უნდა ვიყოთ ისე, რომ ერთი მესამედი გაქცეული იყოს და ერთი მესამედი კი გასაქცევად ემზადებოდეს. ასეთ ქვეყანას ჩვენ მამა ღმერთი არ გვაპატიებს. აქედან გამომდინარე, მე ვაფასებ ასე, ეს არის პრაგმატული და ბიზმესმენი ადამიანის სიტყვები, რომელიც ფიქრობს და ამობს, რომ უკეთესი იქნება ევრაზიულ კავშირში შესვლა. მე ორივესაც შევათავსებდი, თუ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. მთავარია, ქვეყნისთვის რა არის მნიშვნელოვანი და არა დღევანდელი პოლიტიკოსისათვის."
ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): "ნატოსთან დაკავშირებით მართლა ყველა ენაზე გვითხრეს, რომ ჯერჯერობით კი არა, საერთოდ პერსპექტივა არ გაქვთო. გვითხრეს ინგლისურად, გერმანულად, ბოლოს ფრანგულადაც გვითხრეს. ჩვენ მაინც გამწარებული ვიმეორებთ, რომ მაინცდამაინც ნატოში მივდივართ. რას ეფუძნება ჩვენი იმედები, ჩემთვის გაუგებარია. ყველა ამბობს, რომ უახლოეს ხანებში ნატო გაფართოებას არ გეგმავს. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს ხანებში ვერ გავხდებით ნატოს წევრი. "რაც შეეხება მეორე ვარიანტს ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით, მემგონი, კიდევ უნდა გავიდეს დრო, მოგვარდეს ურთიერთობები და თუ საქართველოსთვის მომგებიანი იქნება... "მე არ ვიცი, ჯერჯერობით ძნელია ამის გადაწყვეტით თქმა. მე მგონი, ევროკავშირში რომ ვიყოთ, ჯობია, მაგრამ დრო გვიჩვენებს. ხელისუფლებამ ხალხთან ერთად უფრო რაციონალურად უნდა იფიქროს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს."
გია ბუღაძე (ფერმწერი): "სრულიად არ მიკვრის, რაც მან თქვა, რადგან სრულიად არ მალავდა თავის ინტერესებს. მან ის თქვა, რასაც ყოველთვის ამბობდა. ახლა თამამად ამბობს, რადგან იცის, რომ დაუსჯელობის სინდრომია. ეჭვი შეაქვს ქართველების გადარჩენის მოტივში. ჩემთვის გოგი თოფაძეს ახალი არაფერი არ უთქვამს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე