ლიკა ამირაშვილი
17.03.2015

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით 31 მარტს გამოვა - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, თარიღი პარლამენტს თავად პრეზიდენტმა შესთავაზა. "დღეს შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან და შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში გამოვა 2 კვირის შემდეგ, 31 მარტს. თარიღი პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და მივეცი წინასწარი თანხმობა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

"რეგლამენტი არ ითვალისწინებს, რომ მთავრობა ესწრებოდეს პრეზიდენტის გამოსვლას", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის გამოსვლას ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

მისივე შეფასებით, ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, "განსაკუთრებული არაფერია", თუ მთავრობა პრეზიდენტის მოსასმენად საკანონმდებლო ორგანოში არ მივა.

"ეს არ უნდა იყოს აღქმული რაღაც ტიპის დემარშად", - განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება დებატებს, ვიცე-სპიკერი ვერც დებატების აუცილებლობას ხედავს და განმარტავს, რომ დებატებს არც რეგლამენტი ითვალისწინებს.

"პარლამენტს და მითუმეტეს უმრავლესობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, იქნება ფრაქციების გამოსვლები და ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც პრეზიდენტი ისაუბრებს", - აღნიშნა კობახიძემ.

თქვენი აზრით, აუცილებელია თუ არა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): მართალია, ქვეყანაში ჩვენი კონსტიტუციით აბსოლუტური ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ საპრეზიდენტო ხელისუფლება მაინც არის და, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემა უნდა იყოს. ჩემი აზრით, მთავრობა სხდომას უნდა ესწრებოდეს. თუმცა დღევანდელ სიტუაციაში ეს მაინც პიარს ემსახურება, ვინაიდან მთავრობა შესაბამის კომიტეტებს შეხვდა და იქ სრული მოხსენებები გაკეთდა იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის მხრივ არის შექმნილი.

ვფიქრობ, დროა, ლაპარაკს ყველამ თავი დაანებონ. ეს ეხება ყველას - მინისტრებს, პრეზიდენტს, მოსახლეობას. ყველამ რეალური საქმის კეთება უნდა დავიწყოთ, თორემ მხოლოდ ლაპარაკით საქმე არავის არ გაუკეთებია. მე ეჭვი მექნება იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები - ოპოზიცია იქნება ეს თუ პოზიცია, მხოლოდ საკუთარი თავს პიარს უწევენ, ვიდრე საქმე აკეთებდენ.

 მიშა თავხელიძე  (პოლიტოლოგი): ჩემი აზრით, პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება აუცილებელია, იმიტომ, რომ პრეზიდენტს ხელისუფლების შტოდან პატივი უნდა სცენ. მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონ ბიძინას არ მოსწონს, რომ მარგველაშვილი მიშა სააკაშვილის რეზიდენციაში მუშაობს, საკონსტიტუციო უფლებების საფუძველი ღარიბაშვილმა და მისნაირმა მინისტრებმა არ უნდა შეარყიონ.

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): აუცილებელი ნამდვილად არ არის და ვისაც სურვილი ექნება, დაესწრება, ვისაც არა - არა. ამას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რადგან არ ავალდებულებს, ე.ი. არ არის აუცილებელი, თორემ აუცილებელი რომ იყოს, მაშინ სავალდებულო ნორმაში ჩაწერდნენ.

 

 

 

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): მე ვიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა უნდა დაესწროს. ეს ქვეყანაში ორხელისუფლებიანობას იწვევს. კანონმდებლობითაც, მთავრობის წევრების დასწრება სავალდებულო უნდა იყოს.

 

 

 

 ანა რატიანი  (ტელეწამყვანი): პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა უნდა დაესწროს, იმიტომ, რომ მთავრობა არის აღმასრულებელი ორგანო. მაგრამ თუ პრეზიდენტის გამოსვლა არ გულისხმობს დებატებს და მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლა უნდა მოისმინონ და კომენტარები შემდეგ უნდა გააკეთონ, მაშინ ვთვლი, რომ დასწრება არ არის საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×