"მცირე არეულობით "ოცნებაც" და "ნაცმოძრაობაც" ერთმანეთის წისქვილზე ასხამენ წყალს"
თაია არდოტელი
17.03.2015

 რა სცენარით განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, მოსალოდნელია თუ არა მასობრივი არეულობა, არის თუ არა დესტაბილიზაციის საფრთხე, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ძალადობრივი ქმედებები. საზოგადოების ნაწილი შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია და მიიჩნევს, რომ მასობრივი არეულობაა მოსალოდნელი.

"რეალურად ქვეყანაში არანაირი დესტაბილიზაციის საშიშროება არ არსებობს. შესაძლოა, "ნაციონალურ მოძრაობას" სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ამის რესურსი - არც შიდა მხარდამჭერების და არც უცხოელი მხარდამჭერების სახით არ გააჩნია.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვადასხვა მანიპულაციით გარკვეული რაოდენობის ხალხის მობილიზიება რომ შეძლოს და აქციებზე გამოიყვანოს, უცხოური მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს ეს კი ამ ეტაპზე თითქმის გამორცხულია, რადგან ძალიან მეეჭვება, უკრაინაში რუსეთთან ომში ჩაფლულ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდეს.

 "დასავლეთი დღეს თავის ქმედებებში ისეთი უსუსური და უმწეოა, როგორც არასდროს, ამიტომაც ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას" არც უცხოეთიდან და არც ქვეყნის შიგნით არავის მხარდაჭერა არ აქვს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარემ, ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ.ბოლო დღეებში დასავლეთ საქართველოში მომხდარი არეულობები, ზუგდიდში, ფოთსა და ხობში არასრულწლოვანებისათვის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი ფილმის ჩვენება, ზუგდიდში მაღალჩინოსნების სახლთან აქციების გამართვა, სისხლიანი დაპირისპირება, ხელკეტების, ქვებისა და კვერცხების სროლა, დაშავებული ადამიანები - ეს ის მოვლენებია, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

"ქვეყანაში კარგი არაფერი ხდება. ამ აქციებით, დაპირისპირებით, ძალადობით, ხელისუფლება ცდილობს, მათ მიმართ უკმაყოფილოდ განწყობილი მოსახლეობის ყურადღება ისეთ გვერდით მოვლენებზე გადაიტანოს, როგორიც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ხალხის აგრესიის კვლავ აგორებაა. რაშიც ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობაც" ეხმარება.

"შეიძლება ითქვას, ეს ორი ძალა ერთმანეთს აცოცხლებს. სიამის ტყუპებივით არიან, როგორც ერთი ვერ იარსებებს მეორის გარეშე, ისე მეორე ვერ იარსებებს პირველის გარეშე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარემ, ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ორივე ძალის, როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" ინტერსებში შედის. ხელისუფლება ცდილობს, მის წინააღმდეგ მიმართული ხალხის სოციალური უკმაყოფილების მუხტი გადაფაროს და კარგად მანიპულირებს საზოგადოებაში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გამჯდარი შიშის, უკმაყოფილებისა და მიუღებლობის განცდით.

"ეს აქციები თავისით რომ არ იმართება, მგონი, თვალსაჩინოა. პირდაპირ თუ ირიბად, აქ ხელისუფლების ინტერესი იკვეთება. არა იმიტომ რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებისთვის რეალურ საშიშროებას წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას უნდა, საზოგადოებაში დაგროვილი უარყოფითი დამოკიდებულება სხვა პოლიტიკურ ძალაზე გადაამისამართოს, ეს პოლიტიკური ძალა კი - "ნაციონალური მოძრაობაა".

 "შესაძლოა გააზრებულად არა, თუმცა ირიბად "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" ერთმანეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ხალხის უკმაყოფილება და ამით "ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურებას უწყობს ხელს, "ნაციონალური მოძრაობა" კი ამ აქციებით და დაპირისპირებით ხელისუფლებას მოსახლეობის ყურადღების გადატანაში უწყობს ხელს", - აცხადებს ლაგაზიძე.

როგორც პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, დღეს ქართული ოცნება ცდილობს, თავისი უუნარობა ვიღაცას დააბრალოს. ზოგადად ეს ძალები, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ, ერთმანერთს კვებავენ და ასაზრდოებენ.

"ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა, რომ თავისი წარუმატებლობა, თავისზე უარეს პოლიტიკურ ძალას გადააბრალოს და ხალხს უთხრას - "აი, ხომ გახსოვთ, გასული 9 წელი რა იყო, ხომ არ გინდათ, ისევ იგივე დაბრუნდეს, ამისათვის ჩვენ გვერდით უნდა იყოთ".

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" წინ წამოწევას უწყობს ხელს, ცდილობს, მასზე იმაზე მეტი ისაუბროს, ვიდრე თავის გაკეთებულ საქმეებზე. ის 9 წელი ყველას კარგად გვახსოვს. მაგრამ დღეს "მაინტერესებს, "ქართული ოცნება", რომელიც ხელისუფლებაშია, რას აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს, არსებული სიდუხჭირიდან გამოიყვანოს, მოსახლეობა დასაქმებული იყოს, რას აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუარესების ნაცვლად გაუდვილდეთ?!.

"ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში საქმე კარგად არ მიდის, კარგი მოლოდინი არავის აქვს და ყველა პესიმისტურად არის განწყობილი მომავლის თვალსაზრისით. თუ ქვეყანაში რამე დესტაბილიზაცია მოხდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. რადგან ხელისუფლება იმისთვისაა ხელისუფლება, რომ არანაირი დესტაბილიზაცია არ დაუშვას", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×