ლიკა ამირაშვილი
18.03.2015

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაჩენილი ტენდენცია შემაშფოთებელია და დასავლური ღირებულებების მქონე კოალიციის წევრებმა ცხადი პოზიციონირება უნდა გააკეთონ.

ასე გამოეხმაურა ალასანია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებებს ნატო-სთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება თავად თოფაძის განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით, ეს ბუნებრივია, ახალი არ არის, ჩვენ როდესაც კოალიციის ნაწილი ვიყავით, მათთან საუბარი გვქონდა. მე ვთვლი, რომ ეს ტენდენცია, რომელიც კოალიციაში უკვე გაჩნდა, შემაშფოთებელია," - განაცხადა ალასანიამ.

თქვენი აზრით, მართლა არსებობს თუ არა შეშფოთების მიზეზი მმართველი კოალიციის დამოკიდებულების გამო დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი  (ასტროლოგი): ალასანიამ შემაშფოთებელი რატომ არ უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ ნატოში არავის არ მიიღებენ!? ანუ ეს არ არის შემაშფოთებელი და რასაც ის ხედავს საქართველოში, მხოლოდ ის არის შემაშფოთებელი? ძალიან გამკვირვებია. მე მინდა შევახსენო ბატონ ირაკლი ალასანიას, ვურჩიო და ვთხოვო, თითოეული თავისი სიტყვა და გამოსვლა აწონ-დაწონოს, იმიტომ, რომ ყოველივე ეს შემდეგ ისევ მას შემოუტრიალდება. რაც შეეხება ნატოს, ძალიან ეჭვი მეპარება, ნატოში შევიდეთ და თუ ეს მაინც მოხდა, ძალიან დიდი ხსნის შემდეგ იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ უახლოეს წლებში ნატოში შესვლა კი არა, მასთან მიახლოებაც არ იქნება.

 მერაბ კოკოჩაშვილი  (რეჟისორი): მე ასეთი შეგრძნება არ მაქვს, რომ შემაშფოთებელი ტენდენციაა. ვფიქრობ, საქართველოში ძველებურად დასავლეთისკენ ლტოლვა ძალიან ძლიერია. რაც შეეხება თოფაძის მოსაზრებას, ეს აზრი მას დიდი ხანია ჰქონდა, ეს ამბავი ახალი არ არის. ყველა ეპოქაში საქართველო დასავლეთისკენ, პროგრესისკენ მიისწრფვოდა. არ შეიძლება შეიცვალოს.

 

 

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ჩემი აზრით, აშკარად ჩანს, რომ ეს ტენდენცია შეინიშნება. დღეს საქართველოს ნელ-თბილი ნაბიჯები სჭირდება. საერთოდ, ქართველებს ყველაფერი ჩქარა უნდათ - შესვლაც, გამოსვლაც ყველაფერი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საქართველოს დღეს სჭირდება სიფრთხილე, საღი აზრი და ნორმალური დიპლომატია იმიტომ, რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ანუ, როგორც შევატყვე, ერთი ძალა მიგვაქანებს ერთ მხარეს, მეორე - მეორე მხარეს, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს მესამე ძალა, რომელიც უარესს გაგვიკეთებს. იმიტომ, რომ საქართველო არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობაში. ერთი არასწორი ნაბიჯი ყველასთვის დამღუპველი აღმოჩნდება.

 გია მაისაშვილი ("ლიდერთა სკოლის" დირექტორი): თოფაძის ეს გამონათქვამი ჩემთვის შემაშფოთებელია, მაგრამ რამდენად გამოხატავს მთავრობის პოზიციას, არ ვიცი. მთავარი განცხადება შემაშფოთებელი კი არა, გამაოგნებელია, ეს არის საშინელება. ქვეყნისთვის ძალიან ცუდი განცხადებაა და ამას ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია სჭირდება.

 

 

 

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მომღერალი): ალასანია, როგორც პიროვნება, ძალიან მომწონდა - ძალიან ჭკვიანი და აზრიანი პოლიტიკოსია, მაგრამ, აი, თოფაძის ეს ნათქვამი, რომ ვცდილობდეთ, რუსეთთან და ყველასთან საერთო ენა გამოვნახოთ, ეს ჩემთვის ნათელია. აშშ-ის მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, მაგრამ ნატოში ვერ შევდივართ და ვიღაცასთან ხომ უნდა ვიყოთ?!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×