"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში, პრემიერ-მინისტრისთვის იტალიაში დეკემბერში განხორციელებული შესყიდვების საფუძველზე 181 ათასი ლარის რბილი ავეჯის შეძენა განხორციელდა მაშინ, როცა პარალელურად ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე აკეთებდა განცხადებებს.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ანალოგიური ბრალდებები მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან არაერთი იყო.
თქვენი შეფასებით, ბიუჯეტის ხარჯებს, რომელი ხელისუფლება ხარჯავდა უფრო მეტად უყაირათოდ, წინა თუ ახლანდელი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
თამარ ჩარკვიანი (პუბლიცისტი): წინა მთავრობის დროს იმდენი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მიმდინარეობდა, რომ რაღაცნაირად ამ კუთხით შედარება არ შემიძლია. ზოგადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებამ საერთოდ არაფერი არ უნდა იყიდოს, თუმცა ეს ნამეტანია - ავეჯის შესყიდვა, პრემიები, ჯიპები. ხალხი ძალიან ღიზიანდება, რის ავეჯის შესყიდვა, როდესაც ადამიანებს შიმშილით სული ძვრებათ. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, გონზე მოვიდნენ. ინგლისის მაგალითი უნდა ავიღოთ, მათმა პრემიერმა განაცხადა, რომ მე უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც ჩემს ქვეყანას უჭირს და ულხინს.
ლადო ვარდოსანიძე (ურბანისტ-არქიტექტორი): საერთოდ რა შესადარებელია. რად უნდათ ეს ძვირადღირებული ავეჯი და ა.შ. ბიუჯეტი, ქვეყანა, ხალხი ისეთ დღეშია, რომ ასე არ შეიძლება. ჩემი აზრი ასეთია, პირველი პირები პატარა ავტომობილებზე უნდა გადასხნდნენ და დემონსტრაციულად ასე უნდა იარონ. დაცვამ ჯიპებით უნდა იაროს, თავად პირველი პირები კი პატარა მანქანებით უნდა გადაადგილდებოდნენ. ეს საკუთარი ხალხის მიმართ ერთგულების დემონსტრირება იქნება.
ქეთი ბექაური (იურისტი): მე მგონი, ამაზე დაფიქრება არც არის საჭირო. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლება უფრო უყაირათოდ ხარჯავდა, თუნდაც წინ პრეზიდენტის მიერ ბოინგის ყიდვა რად ღირს. ალბათ ეს ყველაფერს ერთად გადაწონის. თუნდაც მასაჟისტის ჩამოყვანა ავიღოთ. ასევე წინა ხელისუფლების და მთავრობის წევრების უცხოური ვოიაჟები, როგორც დაგეგმილი, ასევე დაუგეგმავი, რომლის შესახებაც ქართულმა საზოგადოებამ არც იცის.
ძალიან სასაცილოა მათი მხრიდან საზოგადოების წაქეზების მცდელობა, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ იმიტომ, რომ ხალხმა ყველაფერი კარგად იცის და შედარების უნარიც აქვს. დღეს უყაირათო ხარჯვებთან დაკავშირებით არაფერი საგანგაშო არ ხდება.
დოდო ხურცილავა თეატრმცოდნე): მე ჩახედული არ ვარ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი. ეს ადამიანები მინის ხიდებს, შადრევნებს და პრეზიდენტისთვის მილიარდიან სასახლეებს არ აშენებენ. ერთი წელიც არ გასულა, რაც ნარმანია მოვიდა და ეს კაცი ცდილობს, რომ საქმე გააკეთოს. ყველგან, სადაც გამივლია, ცდილობენ ორმოები ამოავსონ.
არ შემიძლია ამაზე ყურადღება არ გავამახვილო: მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს სინათლის გადასახდი 200-280 ლარი მომდიოდა, ახლა კი 65 ლარი. ნამდვილად არ ვიცი, ტარიფებია დაკლებული თუ რა ხდება.
ამ საკითხში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ისეთ რაღაცებში არ ხარჯავენ, როგორიცაა: ცოლი ვენაში წაიყვანო დასასვენებლად.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე