ექსპერტები: ამ თემის ლოგიკური გაგრძელება შაბათის აქცია იქნება
მარი ჩიტაია
19.03.2015

 ლარმა დოლართან მიმართებაში ისევ გადააბიჯა კრიტიკულ ზღვარს. ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 2,2 ლარია. ეროვნული ვალუტა რამდენიმე დღის წინ თითქოს ცოტათი გამყარდა, მაგრამ შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიძრა მაქსიმალური წერტილისკენ. სპეციალისტების ნაწილი ლარის მცოცავ რეჟიმში გაუფასურებას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირებს და ამ პროცესში ისევ ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს.

გაჩნდა მოსაზრება, რომ ლარი სპეციალურად უფასურდება, რათა 21 მარტს კურსი იყოს ზენიტში. ამას ფასების ზრდა (რაც უკვე დაწყებულია) და სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება. ნაცმოძრაობას კი მიტინგზე სამანიპულაციო თემა მიეცემა.

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებისა და ფინანსისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეროვნული ვალუტა ხელოვნურად უფასურდება და მისი დევალვაციის მიზეზი პოლიტიკურია. შესაბამისად, უახლოეს რამდენიმე დღეში კურსის სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლებელია. საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის მოსაზიდად გავლენას მოახდენს სწორედ ლარის კურსი, როგორც მთავრობის უნიათობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე შოთა გულბანის აზრით, ლარის კურსზე პოლიტიკური გავლენა დიდია და ყველაზე მკაფიოდ ეს ახლა, ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციის წინ იგრძნობა.

"სავალუტო კურსის სტაბილურობა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და შექმნილ სიტუაციაში პასუხისმგებლობა სწორედ მას აკისრია. სანამ კურსი კრიტიკულ ნიშნულამდე არ ავიდა, სებ-მა ინტერვენცია არ მოახდინა, არ მიმართა ზომას და წონასწორული კურსი ვერ შენარჩუნდა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ხარჯვა, როგორც ეს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა, ეკონომიკისთვის კარგი არ არის. მისი საქციელი ბევრ ეჭვს ბადებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებისადმი ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში. ლარის გაუფასურება ასეთი მასშტაბით არ მოხდებოდა, რომ სებ-ს ინტერვენცია თავის დროზე განეხორციელებინა. 2006-07 წლამდე ლარი 2-2,15-ის ფარგლებში მერყეობდა. 2008 წლიდან მან დაიწყო გამყარება და ტენდენცია საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნდა. დღესდღეობით ლარი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რის შესაძლებლობასაც ეკონომიკა აძლევს", - აცხადებს გულბანი.

მისი თქმით, ლარის გაუფასურება ნაცმოძრაობისთვის კარგი საბაბია, რომ სავალუტო კრიზისით მათთვის შესაფერის მომენტში ისარგებლოს.

"საბოტაჟზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარება სხვა შეფასების საშუალებას არ გვაძლევს. ნაციონალური მოძრაობის წევრები ისე არიან ერთმანეთთან შეკრული, არ გამიჭირდება, ლარის კურსში პოლიტიკური მოტივაცია დავინახო. ყველა მთავრობას ესვრის ტალახს, ამისთვის გაუფასურებული ვალუტა კარგი მიზეზია.

საპარლამენტო ოპოზიციამ სავალუტო კრიზისით კარგად ისარგებლა. "რუსთავი 2"-ზე ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო რგოლს თვალს თუ ადევნებთ, აპოკალიფსურ სურათს დაინახავთ. ამას ლოგიკური გაგრძელება 21 მარტს მოჰყვება. ლარის ვარდნა ოპოზიციისთვის შესაძლებლობაა, რომ დაანახოს მოსახლეობას მთავრობის უუნარობა და არსებული პრობლემა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს", - აცხადებს შოთა გულბანი.

განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი კრიალაშვილის ვარაუდობს, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ლარის მაღალი კურსი შეიძლება შენარჩუნდეს და ამ ფაქტორს მთავარი ოპოზიციური ძალა მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით გამოიყენებს. კერძოდ, ნაციონალური მოძრაობა შეეცდება ამ თემით საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს და შესაბამის რეაქციასაც მიიღებს.

"2014 წლის ბოლოს კურსმა გაუფასურება დაიწყო და ამ პროცესს სპეკულაციურ ფაქტორებს უკავშირებდნენ. ეჭვის საბაბი არსებობდა კიდეც, გზავნილებისა და ექსპორტის მოცულობა არ იყო იმ დონეზე, რომ ლარის მკვეთრი დევალვაცია მომხდარიყო. ამ ეტაპზეც, მართალია, გზავნილები შემცირდა, მაგრამ სანაცვლოდ ინვესტიციების რაოდენობის ზრდა დასტურდება. საქართველო არ არის ისეთი ეკონომიკის ქვეყანა, რომ კურსზე ზემოქმედება ვერ მოვახდინოთ.

21 მარტის აქცია არის კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ დადგენილი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ლარის მაღალი კურსი დაფიქსირდეს. სოციალური უკმაყოფილების გამოსაწვევად ამ ფაქტორს მიზანმიმართულად გამოიყენებენ. არ მეეჭვება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება არასწორად დანახული იმ თემების გამოტანას, რომელზეც საზოგადოება უარყოფითად რეაგირებს. სწორედ ასეთია ლარის კურსი და აქციაზე ამ საკითხს წინა პლანზე წამოწევენ", - აცხადებს ქეთი კრიალაშვილი.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას ნადვილად გააჩნია შესაბამისი ბერკეტი, რაც კურსზე იმოქმედებს.

"კურსზე ზემოქმედება შეიძლება ეროვნული ბანკის გვერდის ავლითაც. სებ-ის გარდა, ამის საშუალება ბევრ ფინანსურ ინსტიტუტსს მოეპოვება. მათ აქვთ რეალური შესაძლებლობა, რომ კურსის ვარდნა ხელოვნურად გამოიწვიონ. არ გამოვრიცხავ, ლარის გაუფასურება რაღაც პერიოდში გაგრძელდეს და ადგილი ჰქონდეს სპეკულაციურ ფაქტორს, თუნდაც იმისთვის, რომ ამით სოციალურ უკმაყოფილებას ზრდას შეუწყონ ხელი", - დასძენს ქეთი კრიალაშვილი.

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსი საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას ასახავს, რაც ოპოზიციისთვის მთავრობის უნიათობის წარმოსაჩენად ყველაზე მყარი არგუმენტია.

"რეალურად ლარის კურსზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მკვეთრადაა დარღვეული. ამ ბოლო დროს ყველაფერში ნაციონალურ მოძრაობა ვადანაშაულებთ და ამ პარტიის წვრებმაც დაიჯერეს, რომ სიტუაციის მართვა შეუძლიათ. ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ლარის კურსს ხელოვნურად აგდებენ, მაგრამ ამ ფაქტს მთავრობის საწინააღმდეეგოდ აუცილებლად მიმართავენ. ცხადია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ნაცმოძრაობა მინიმუმ ხელისუფლების საკრიტიკოდ, მაქსიმუმ - საბრძოლველად გამოიყენებს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×