ია აბულაშვილი
19.03.2015

 "საზოგადოება 2030" ნაწილობრივ შეიძლება გახდეს "ქართული ოცნების" ე.წ. კადრების სამჭედლოც და გარკვეულწილად იმ ინტელექტუალური დეფიციტის შემავსებელიც, რაც აშკარად იგრძნობა პარტიასა და სახელისუფლებო სტრუქტურებში," - აცხადებს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": რა მოლოდინი გაქვთ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით?

ზაალ ანჯაფარიძე: მახსოვს, ასეთივე კითხვა დამისვით "ნაციონალების" წინა აქციის წინაც და გიპასუხეთ, რომ მისი მშვიდობიანი თუ დესტრუქციული ხასიათი ბევრად იქნებოდა დამოკიდებული შიდა და გარე ფაქტორებზე. ამ შემთხვევაშიც ასეა. განსხვავება ის არის, რომ წინა აქციებზე გაცხადებული მიზანი იყო საზოგადოების მობილიზება კონკრეტული პრობლემების ირგვლივ და მაშინ აქციები ერთი დღით შემოიფარგლა. ამჟამად კი "ნაციონალების" გაცხადებული მიზანი მთავრობის გადაყენებაა, რაც ერთ დღეში ვერ მიიღწევა. "ნაცმოძრაობას", ბუნებრივია, არ სურს რომ ამ აქციაზეც, მაპატიეთ ჟარგონისათვის, ისევე "გაფარჩაკდეს" როგორც წინა მიტინგებზე და მიზნის მიუღწევლად დაიშალოს.

ცხადია, რომ მთავრობა მათი შეძახილებით არ გადადგება. შესაბამისად, მიტინგიც ალბათ ერთი დღით არ შემოიფარგლება. "ნაცმოძრაობა" კი ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერზე უკან არ იხევს და ეს ჩვენ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მომზადებული ჰქონდეთ სხვადასხვა სცენარი, მათ შორის ძალიან დესტრუქციულიც. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მობილიზებული ჰყავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათი მხარდამჭერები. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ხალხი მივა აქციაზე, რამდენად მოტივირებული იქნებიან, გაჰყვნენ "ნაციონალებს" ბოლომდე, თუკი მათ რადიკალურ მეთოდებს მიმართეს.

თუმცა არსებობს ერთი დიდი "მაგრამ". საზოგადოების უმრავლესობისათვის, ხელისუფლებისადმი გარკვეული იმედგაცრუების მიუხედავად, "ნაცმოძრაობა" კვლავ რჩება კატეგორიულად მიუღებელ ძალად და, თუ აქცია დესტრუქციულ კალაპოტში გადავიდა და მორიგი რევოლუციის მცდელობას დაემსგავსა, დიდი ალბათობით საზოგადოების ეს ნაწილი გულხელდაკრეფილი არ შეხვდება ამას. არ არის გამორიცხული სერიოზული ძალადობრივი დაპირისპირებაც და შესაძლოა ეს იყოს "ნაცმოძრაობის" დასასრულის დასაწყისიც კი. წესით, "ნაცმოძრაობაში" ამას უნდა ხვდებოდნენ. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტმა იმუშაოს და ეს აქცია იქცეს მხოლოდ იმის დემონსტრირებად, რომ "ნაცმოძრაობა" პოლიტიკურ რუკაზე არსებობს, ჰყავს მხარდამჭერებიც და შეუძლია ხელისუფლება შეაფუცხუნოს. ასე რომ, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც და მათ მხარდამჭერებსაც.

"რ": თუ დესტრუქციული პროცესები განვითარდა, ხომ არ გახდება ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მაპროვოცირებელი ფაქტორი?

ზ.ა: ზოგადად არ არის გამორიცხული, რომ ეს მოხდეს, თუმცა კონსტიტუციური მექანიზმებით ამის განხორციელება მაინც რთულად მეჩვენება.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებს ამ პროცესებში ქვეყნის პრეზიდენტი. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესში შედიოდეს. თუკი ეს მაინც მოხდა, არ მგონია, რომ "ნაცმოძრაობამ" პარლამენტში იგივე რაოდენობის დეპუტაცია გაიყვანოს. ვადამდელი არჩევნები იმ პარტიების ინტერესშია, რომლებიც ამჟამად არიან მოძლიერებულნი.

"რ": პოლიტიკურ არენაზე ახალი ჯგუფები გამოდიან. საზოგადოება "ივერიამ" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა; "ნაციონალები" ისედაც წინასაარჩევნო რეჟიმში არიან მუდმივად, ისევე როგორც ალასანიას პარტიაც, "ოცნებაში" წინასაარჩევნოდ პარტიული რიგების განახლებაზე საუბრობენ; დაიწყო დებატები საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე წინასაარჩევნო სამზადისი უკვე იგრძნობა. როგორ შეაფასებდით პოლიტიკური მოთამაშეების შანსს?

ზ.ა: პოლიტიკურ არენაზე ახალი ჯგუფების და სახეების გამოსვლას პოზიტიურად ვუყურებ, რადგანაც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი სახეების აშკარა შიმშილია და, სამედიცინო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ახალი სისხლის გადასხმის პირდაპირი ჩვენება არსებობს. ჩემი ღრმა რწმენით, "ძველი სახეების" უმრავლესობამ თავის დრო კარგა ხანია მოჭამა, რადგანაც საზოგადოებამ მათგან პოლიტიკაში შემოტანილი რაიმე პოზიტივი ვერ ნახა, ზიანი კი რამდენიც გნებავთ.

საზოგადოება "ივერიის" ლიდერშიფი უმეტესწილად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებია, თუმცა იქ თავმოყრილია სერიოზული ინტელექტუალური გუნდიც. მათ შანსზე საუბარი რთულია, რადგანაც ჯერ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა არ დაუწყიათ. "ნაციონალებისათვის" არჩევნებამდე იმ 15-20% ელექტორატის შენარჩუნებაც კი წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც მათი ელექტორატი შეიძლება გადანაწილდეს ასპარეზზე გამოსულ ლიბერალურ და პროდასავლურ ჯგუფებზე, ავიღოთ იგივე "ივერია" თუ "თავისუფალი დემოკრატები", შესაძლოა "რესპუბლიკელებიც", თუ არჩევნებამდე კოალიციიდან გავიდნენ.

ალასანიას და მისი პარტიის ლიდერებს აშკარად ეტყობათ პოლიტიკური ნარცისიზმის ნიშნები, რაც, ჩემი აზრით, მათ კარგ სამსახურს არ გაუწევს. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მზარდი გავლენა, რომლებიც ეროვნულ-პატრიოტულ ბაზისზე აგებენ თავიანთ საარჩევნო სტრატეგიას, ამ მხრივ გამოვყოფდი ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობას" და ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსს", რომლებმაც შეძლეს მეტნაკლებად სტაბილური ელექტორატის მოპოვება. "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჯერ კიდევ მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, თუმცა არა ადრინდელი ძალით. მასზე მუშაობს ასევე სახელისუფლებო რესურსი და ქმედითი ოპოზიციის არარსებობა. ახალი სახეების შემოყვანა დაწყებულია, მაგრამ აქ მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. არჩევნებამდე საკმაო დროა და პარტიებისა თუ ლიდერების რეიტინგი შეიძლება გარემოებათა ზეგავლენით არაერთხელ შეიცვალოს.

"რ": ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება ითქვას, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი რესურსით ჩაება, ამჟამად საზოგადოება 20/30-თან ერთად და სატელევიზიო თოქშოუებით. გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ ივანიშვილს ექსპერტთა ახალი სახეებით "ძველი ექსპერტების" არენიდან განდევნა სურს. თქვენი აზრით, რატომ შეიქმნა "საზოგადოება - 20/30" და რით არის გამოწვეული ივანიშვილის გააქტიურება?

ზ.ა: 20/30-ის პირველ თოქშოუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ნაცმოძრაობა" და "რუსთავი 2" პოლიტიკურ და ინფორმაციულ დღის წესრიგს ქმნიან და ახერხებენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აყოლიებას. ეს ფაქტიურად იყო იმის აღიარება, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ მიმართულებით მარცხი განიცადა, რადგანაც 2 წლის მანძილზე ამ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ შეტევას ვერაფერი ქმედითი ვერ დაუპირისპირა. საზოგადოება 20/30-ის ერთ-ერთი ფუნქციაც, ჩემის აზრით, ერთგვარი საპირწონეს შექმნაა.

თუმცა ჩემთვის უცნაურია, რომ "საზოგადოება 20/30" კულუარულ ვითარებაში შეიქმნა, არ მომხდარა მისი წევრების წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის. წარმოიდგინეთ, საზოგადოებას, რომლიც შექმნაც კარგა ხნის წინ დაანონსდა, საკუთარი ვებგვერდიც კი არ აქვს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი მისიის, მანდატის, პროგრამისა და წესდებისა, და წევრების ბიოგრაფიების გაცნობა. ხალხმა ხომ უნდა იცოდეს, თუ ვინ აპირებს ობიექტური ინფორმაციის და ანალიზის ვაკუუმის შევსებას?! რატომღაც მგონია, რომ "საზოგადოება 20/30" ნაწილობრივ შეიძლება გახდეს "ქართული ოცნების" ე.წ. კადრების სამჭედლოც და გარკვეულწილად იმ ინტელექტუალური დეფიციტის შემავსებელიც, რაც აშკარად იგრძნობა პარტიაშიც და სახელისუფლებო სტრუქტურებშიც.

რაც შეეხება "ძველი ექსპერტების" განდევნას, არ ვიცი, კონკრეტულად რა აზრია ამაში ჩადებული. თუ ექსპერტი მუდმივად, ასე ვთქვათ, "ფორმაშია", აწვდის საზოგადოებას და მედიას მაღალი დონის ექსპერტიზას და მისი აზრი მოთხოვნადია, როგორ უნდა მოხდეს მისი არენიდან განდევნა?! მხოლოდ მედიაზე უხეში ზეწოლით. მე მგონია, რომ ცალკეული რეციდივების მიუხედავად, ეს ავადმოსაგონარი დრო უკან მოვიტოვეთ. ვფიქრობ, რომ "საზოგადოება 20/30-ის" მეშვეობით ივანიშვილი ამჯერად უკვე ლეგალურად და ღიად მოახდენს გავლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. ის, რომ ეს საზოგადოება და მისი ტელერესურსი სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ამოქმედდა, თავისთავად მრავლისმეტყველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×