ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებენ, თუმცა ეს მის რეიტინგზე არცთუ სერიოზულად აისახება, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი და სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა და დასძენს, რომ საზოგადოება, მიუხედავად პიარისა, ყველაფერს ობიექტურად აფასებს.
მისი აზრით, ხელისუფლებას დიდ დარტყმას ვერც ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა მიაყენებს, ვერც შიდა დაპირისპირებები და ვერც კოალიციის გარკვეული წევრების მხრიდან გამოთქმული ანტიდასავლური განცხადებები.
ზურაბ ბიგვავა: მედიას თუ გადავხედავთ, ხელისუფლების კრიტიკა მაღალ დონეზეა. თუმცა ეს შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ მედია თავისუფალია. თანაც მას ობიექტურადაც აქვს მიზეზები ხელისუფლება აკრიტიკოს ლარის კურსის ცვლილებისა და სხვა ფაქტორების გამოც, რომლებიც ოპოზიციის მხრიდანაა გაჟღერებული. ეს ყველაფერი მოსახლეობის განწყობაზეც აისახება და არაფერი არაა გასაკვირი იმაში, რომ ხელისუფლების რეიტინგმა გარკვეული პროცენტით ჩამოიკლო.
"რეზონანსი": ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ლარის კურსი არის საკითხი, რომელიც ხელისუფლებას შეიწირავს?
ზ.ბ: არა, ეს სისულელეა. არაფერიც არ მოხდება. ლარის კურსს კლების ობიექტური გარემოებები ჰქონდა, რაც ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ იყო. ხალხი ყველაფერს ობიექტურად აფასებს. კურსი ხელისუფლებისათვის რაიმე საშიშროების მომტანი არ იქნება. ხან დაიკლებს, ხან მოიმატებს და ეს თემა არაა იმდენად მოწყვლადი, რომ მან ხელისუფლების მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს.
"რ": ბოლო დროს უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე კრიტიკის ობიექტი გახდა იმ განცხადებების გამო, სადაც ის ნატო-ს აკრიტიკებს. ეს ყველაფერი როგორ აისახება პირადად მის და ზოგადად, ხელისუფლების რეიტინგზე?
ზ.ბ: მადლობა ღმერთს, ყველანაირი მოსაზრების გამოთქმა შეიძლება და ამის გამო ადამიანი მტრად არ უნდა შერაცხო. გოგი თოფაძეს ასეთი მოსაზრება დიდი ხანია აქვს, მისი აზრი არ იცვლება, თავიდანვე ნატო-ს წინააღმდეგი იყო და სულ ამას ამბობდა.
მოაკლებს თუ არა ეს ხელისუფლებას რეიტინგსა და მხარდამჭერებს, არავინ იცის, იმიტომ რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ასევე ფიქრობენ, რომ ნატო-ში არ უნდა შევიდეთ და რუსეთთან ურთიერთობა სჯობს. თუ სწორად მახსოვს, მოსახლეობის 64 პროცენტი იყო ნატო-ში შესვლაზე თანახმა, დანარჩენი კი - წინააღმდეგი. ამ ხალხის თვალში გოგი თოფაძე ის ლიდერია, რომელიც მათ მოსაზრებებს ახმოვანებს. ასე რომ, შესაძლოა, გოგის ამ განცხადებების გამო "ოცნებას" ეს ხალხი მხარდამჭერებად შეემატოს.
"რ": ანუ, თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა თოფაძის განცხადებებმა ხელისუფლებას რეიტინგი და მხარდამჭერები არათუ მოაკლოს, მოუმატოს კიდეც?
ზ.გ: არაა გამორიცხული. ზუსტად ამის თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ გასაკვირი არაფერია. კოალიციაში არიან პარტიები, რომლებიც დიამეტრალურად საპირისპირო მოსაზრებებს ამტკიცებენ და აბსოლუტურად საწინააღმდეგო ღირებულებებს უჭერენ მხარს. ასე რომ, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც გოგი თოფაძესავით ფიქრობს, შესაძლოა, ხელისუფლების მომხრეც გახდეს.
"რ": რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას, რომლებიც არცთუ იშვიათია, ეს რამდენად მოქმედებს მთავრობის რეიტინგზე?
ზ.გ: შიდა დაპირისპირება მხოლოდ კომუნისტურ პარტიაში არ იყო. ვინც ოდნავ მაინც საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამდა, ციხეში მიდიოდა. ახლა კი ნორმალური სიტუაციაა, კოალიციური ერთიანობაა, მასში დაპირისპირებაცაა და წინააღმდეგობაც. ეს ნომრალური და ძალიან კარგი პროცესია.
"რ": თქვენი აზრით, საზოგადოებაც ნორმალურ პროცესად აღიქვამს ამას?
ზ.გ: საზოგადოებას გააჩნია. არის უფრო კვალიფიციური ნაწილი, რომელიც ამას ნორმალურად აღიქვამს. ასევე არის მეორე ნაწილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ თუკი რომელიმე პოლიტიკოსმა მყვირალა განცხადება გააკეთა, ქვეყანა ინგრევა.
"რ": ამ კუთხით აქტიურად მუშაობს ოპოზიციაც, რომელიც ხელისუფლების ფეხის არც ერთ გადაბრუნებას არ ტოვებს უყურადღებოდ. თუნდაც ბოლო დღეებში ავეჯში გადახდილი თანხა გაასაჯაროეს..
ზ.ბ: სისულელეა ეგ ყველაფერი! ეს ავეჯის თემა აბსოლუტური კრეტინიზმია იმიტომ, რომ ამას ის ხალხი და ხელისუფლება ლაპარაკობს, რომელმაც ავეჯში, მანქანებსა და ფუფუნებაში მილიარდები დახარჯეს. ეს ოპონენტის წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერი მეთოდით გამართული ბრძოლაა. იდეოლოგიურ მოწინააღმდეგებს შორის ბრძოლა სხვა არგუმენტებით უნდა წარიმართოს და არა იმით, აქვს თუ არა პრემიერ-მინისტრს რბილი ავეჯი.
"რ": ხშირად ვისმენთ მოსაზრებებს, რომ პიარ-აქციების მოწყობასა და რეიტინგზე მუშაობას "ნაცმოძრაობა" ბევრად ეფექტურად ახერხებს. ხელისუფლება ამ კუთხით მოიკოჭლებს?
ზ.გ: არის გარკვეული პრინციპები, რითაც პოლიტიკურ ძალებში პიარ-სტრატეგია ფორმირდება-ხოლმე. "ოცნების" პაიარ-სტრატეგია "ნაცმოძრაობისგან" განსხვავებულია. ამ ხელისუფლების დევიზი ასეთია - "საქმემან შენმან წარმოგაჩინოს" და ამიტომ ისინი პიარზე ფულს არ ხარჯავენ.
რომც დახარჯონ, იცით, რა უნდა გააკეთონ მაშინ? მედია უნდა გააკონტროლონ - ტელევიზიები, გაზეთები და ა.შ. ეს კი კატეგორიულად მიუღებელია. ივანიშვილმა თავიდანვე თქვა, რომ ამას არ გააკეთებდა და მედია აბსოლუტურად თავისუფალი იქნებოდა. რეალურადაც ასეა - ხელისუფლების მხრიდან არც ერთი ტელევიზია და მედიასაშუალება არ კონტროლდება. ამიტომაც არ გამოიყურება "ოცნების" პიარი ისე, როგორც "ნაცმოძრაობის" გამოიყურებოდა, რომელსაც თავისი ტელევიზიები დღესაც აქვს.