ეკატერინე ბასილაია
20.03.2015

 მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია "რეზონასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ოცნებამ", შეუსრულებელი დაპირებების გამო, ბევრი ამომრჩეველი დაკარგა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვი კი სტაბილურია. მისი აზრით, ორივე ეს ფაქტორი ჯამში იმაზე მიუთითებს, რომ "ნაცმოძრაობის" მომხრეთა ხვედრითი წილი გაზრდილია.

იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების სანდო კვლევა არ ჩატარებულა, ნოდიას უჭირს ზუტი ციფრების დასახელება, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველ ადგილზე "ოცნებაა", მეორეზე "ნაცმოძრაობა", მესამეზე კი ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა". ამას გარდა, მომხრეების გარკვეული რაოდენობა ჰყავს ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებსა" და თანხან-მოურავის "პატრიოტთა ალიანსს", თუმცა ეჭვობს, რომ "ოცნება" ცდილობს ამ უკანასკნელის პოპულარობა ხელოვნურად გაზარდოს. "მათ გარდა, სხვა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე ძალა არ ჩანს," - ასკვნის ნოდია.

საქართველოს პოლიტიკაში პილიტიკური ძალების ამჟამინდელ კონფიგურაციაზე "რეზონანსი" გია ნოდიას ესაუბრა.

გია ნოდია: კვლევები არ არის და არასერიოზულია მსჯელობა, მაგრამ ძალიან ზედაპირული წარმოდგენით ლიდერთა სამეული იგივე იქნება, რაც ბოლო ორ წელიწადში იყო და თანმიმდევრობაც ალბათ იგივეა. "ქართული ოცნება" ლიდერად რჩება, "ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალაა და შემდეგ მოდის ბურჯანაძის პარტია. თუმცა ამ პარტიებს შორის შეფარდება ბოლო ხანებში შეიცვალა - მთავრობის რეიტინგი შემცირდა და შეიძლება სერიოზულადაც, მაგრამ რამდენად აისახა ეს ორი მომდევნო ძირითადი პარტიის რეიტინგზე, ამის თქმა არ შემიძლია.

რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", არ მგონია, მათ დიდი მხარდაჭერა ჰქონდეთ, თავის- თავად რაღაც დონის მხარდაჭერას ვერ გამოვრიცხავ. ასევე არიან თარხან-მოურავის თუ ინაშვილის "პატრიოტები" და როგორც ჩანს, ისინიც რაღაცას წარმოადგენენ. მათ გარდა, სხვა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე ძალა არ ჩანს.

"რ": როდესაც ამბობთ, რომ ხელისუფლებას მხარდამჭერები შეუმცირდა, გამოდის, რომ მომხრეები ვიღაც სხვა ძალას მიემატა?

გ.ნ: ავტომატურად ასე არ არის. აქამდე "ოცნებას" მომხრეები სულ აკლდებოდა, მაგრამ ის სხვას არ ემატებოდა. ის, რომ ვიღაც "ქართულ ოცნებას" მხარს უკვე არ უჭერს, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ახალი ფავორიტი გაიჩინა. არიან ამომრჩევლები, რომლებსაც არავინ მოსწონთ და ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მიდის, ამით კი ოპოზიცია იხეირებს, რადგან "ოცნებაზე" გულაცრუებული ამომრჩევლის არჩევნებზე არმისვლით, ის ხმა "ოცნებას" აკლდება და ოპოზიციის პროცენტული წილი იზრდება. თუმცა რაკი არჩევნებამდე შორია და ვადამდელი არჩევნებიც, არ მგონია, დაინიშნოს, ადამიანები არც ცდილობენ მკაფიოდ განსაზღვრონ თავიანთი პრიორიტეტები.

"რ": კი მაგრამ, "ოცნებაზე" იმედგაცრუებული ამომრჩევლის ნაწილი, ვინც თავს პროდასავლელად თვლის, "თავისუფალი დემოკრატებისკენ" არ წავა? ხოლო ვისაც უბრალოდ "ნაციონალები" სძულს და მათ დასჯას ითხოვენ, ისინი უფრო თარხან-მოურავის "პატრიოტთა ალიანსის" მომხრები არ გახდებიან?

გ.ნ: შეიძლება, მაგრამ ვის რამდენი მხარდამჭერი ეყოლება, ამის თქმა არასერიოზულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანთა ისეთ აქტიურ ნაწილზე, რომელიც "ფეისბუქში" პოსტებს წერს და რაღაც შთაბეჭდილებას ახდენს, ეს შეიძლება მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იყოს, ამიტომ ამის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ, პოტენციურ ამომრჩევლებში ვის რა მხარდაჭერა აქვს.

"რ": გასულ წელს, ნოემბერში "ოცნების" დაკვეთით "ფსიქოპროექტმა" სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა და ამ ცენტრის დირექტორმა ზურაბ ბიგვავამ თქვა, რომ "ოცნებას" და "ნაციონალებს" იგივე პროცენტები ჰქონდათ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე, "პატრიოტთა ალიანსს" კი 4%-და 11%-მდე ჰქონდათ რეიტინგი გაზრდილი.

გ.ნ: ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევა, თუკი ის საზოგადოებაში ღიად ჟღერდება, ჩემში ნაკლებ ნდობას იმსახურებს. ეს არ ნიშნავს, რომ ვამბობ, ტყუილია-მეთქი, უბრალოდ, მირჩევნია კომენტარი არ გავაკეთო. როდესაც ინფორმაციას ასაჯაროვებ, ე.ი. ეს პროპაგანდისთვის გჭირდება. თუ ითქვა, რომ "პატრიოტებს" გაეზარდათ რეიტინგი, ე.ი. მათ უნდათ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს კი არა "პატრიოტებს" გაეზარდოთ რეიტინგი.

"რ": ყველაზე ზუსტად პარტიების მხარდამჭერებს არჩევნები ითვლის. ბოლო სამი წლის განმავლობაში სამი არჩევნები იყო და პარტიათა მომხრეები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 2012 წელს 54%; 2013 წელს - 62%; 2014 წელს - 50%. "ნაციონალური მოძრაობა" - 2012 წელს - 40%; 2013 წელს - 21% და 2014 წელს - 22%. "დემოკრატიული მოძრაობა" - 2013 წელს - 10% და 2014 წელს - 10%. ბოლო ორი წელია მხოლოდ "ოცნების" რეიტინგი იცვლება. რატომ?

გ.ნ: "ოცნება" მოვიდა ძალიან ბევრი და შორს მიმავალი დაპირებებით და ფაქტია, რომ ეს დაპირებები ვერ სრულდება. მოლოდინი იყო, რომ ცხოვრება გაუმჯობესდებოდა და ადამიანთა უმრავლესობა ამას საკუთარ თავზე ვერ განიცდის. საერთოდ, მარტო საქართველოში არ ხდება ასე ყველა ქვეყანაში, როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის, არის ე.წ. თაფლობის თვე და, ბუნებრივია, უნდა აცალო 1-2 წელი. უცებ ვერ დადებენ შედეგს, რაღაც დრო უნდა გავიდეს. თუმცა როდესაც ხედავ, რომ 2,5 წლის მანძილზე არათუ შედეგი არ არის, ზოგიერთ სფეროში გაუარესებაა, ეს ხალხის უფრო ფართო მასების უკმაყოფილებაში გადადის.

"რ": გვახსოვს, რომ ზამთრის განმავლობაში თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აქტიურად მიდიოდა. ივანიშვილიც არ გამორიცხავდა ამას. შემდეგ ითქვა ისიც, რომ "ოცნების" რეგიონული ორგანიზაციების აქტიურობის შემოწმებას აპირებდნენ და რატომღაც ამ ერთგვარი რევიზიის შემდეგ ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებები შეწყდა. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?

გ.ნ: გარდა იმისა, რომ ხალხს ვუყურებ და ხალხში იგრძნობა "ოცნებისაგან" იმედგაცრუება, რასაც ამბობთ, პირადად მე ესეც მაძლევს ვარაუდს - რეგიონებში თავადაც ნახეს მხარდამჭერების კლება და უკმაყოფილება, ნახეს, რომ ვადამდელი არჩევნები არ არის მათთვის მომგებიანი და ამაზე საუბარი შეწყვიტეს. ირიბი ინდიკატორი ისიც არის, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგა, ასევე - ოზურგეთში. ანუ, ის პოლიტიკოსები, რომელთა ნაწილი უბრალოდ ოპორტუნისტია და "ოცნებაში" იმიტომაა, რომ რაღაც ხეირს ელის, როდესაც ხედავს, რომ "ოცნებასთან" ასოცირება წამგებიანია, ემიჯნება მას. ეს ყველაფრი ირიბი ინდიკატორია და ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების რეიტინგი მცირდება, მაგრამ რამდენად მცირდება და ვისი იზრდება, ეს უკვე ძნელი განსასაზღვრია.

"რ": 21 მარტს "ნაცმოძრაობის" მიტინგით შეიძლება ვიმსჯელოთ ამ პარტიის მხარდამჭერების რაოდენობაზე?

გ.ნ: მიტინგი, ზოგადად, მხარდაჭერების რაოდენობას კი არა, მობილიზაციის უნარს ზომავს. ანუ იმას, რამდენად ძლიერია პოლიტიკური პარტია და რამდენი ადამიანია იმდენად აქტიური მხარდამჭერი, რომ მიტინგზე მოვა. მათ შორის რაონებიდანაც კი. ეს ყველაფერი პარტიის ქმედუნარიაობის ინდიკატორია. ცხადია, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვისაც," პირველ რიგში, მიტინგს ეს მნიშვნელობა აქვს.

"რ": "ნაციონალური მოძრაობისთვის" ბოლო სამ წელიწადში ეს მესამე მიტინგია და წინა ორზე დაახლოებით 15-20 ათასი ადამიანი იყო მისული. თუკი ახლა უფრო მეტი მივიდა, ამით მხარდამჭერების მატება არ დადასტურდება?

გ.ნ: რა თქმა უნდა. რამდენადაც ვიცი, საკმაოდ დარწმუნებულები არიან, რომ მიტინგის კვალობაზე ადამიანების სერიოზული რაოდენობა იქნება.

"რ": 21-ში მისული ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" უშუალო მხარდამჭერები იქნებიან თუ "ოცნებისაგან" იმედგაცრუებული ადამიანების ნაწილიც შეიძლება შეუერთდეს?

გ.ნ: არ ვიცი. შეიძლება ის ხალხიც მივიდეს, ვისაც "ოცნების" იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა ჩათვალა, რომ ისევ "ნაციონალები" სჯობიან. ასეთებიც იქნებიან, მაგრამ ბევრი იქნება თუ ცოტა, ვერ გეტყვით.

"რ": პოლიტიკის ექსპერტებისგან ხშირად ისმის, რომ 2012 წლის არჩევნებში ბევრმა "ოცნებას" ხმა იმიტომ კი არ მისცა, რომ კოალიციაში შემავალი ძალები მოსწონდა, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალები" მოეშორებინა.

გ.ნ: კი, ბევრი იყო ასეთი, ასეთი კატეგორია მიტინგზე არ მოვა. თუმცა იმან, ვინც "ოცნებას" ხმა იმიტომ მისცა, რომ უკეთესობის, წარმატებული საქმეების იმედი ჰქონდა და არ გაუმართლა, შესაძლოა ხმა ისევ "ნაციონალებს" დაუჭიროს. "ნაციონალებს" ხმა არ დააკლდებოდათ, მათ ბოლო ორ წელიწადში სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ, ხოლო თუ "ოცნებას" მხარდამჭერი დააკლდა, თანაფარდობა მაინც "ნაციონალების" სასარგებლოდ შეიცვალა. მგონია, რომ ასეა. არც ის არის გამორიცხული, რომ "ოცნებისაგან" იმედგაცრუების გამო მხარდამჭერებიც მომატებოდათ, თუმცა კატეგორიულად ამის თქმა მიჭირს.

"რ": საბოლოოდ, როგორც ფიქრობთ, პოლიტიკურ ძალთა ბალანსის დიდი ცვლილება ამ ეტაპზე მაინც არ იქნება?

გ.დ: ამ წუთისთვის ვერ ვხედავ, რომ პრინციპული ცვლა იყოს, მაგრამ ვნახოთ, კვლევები რას აჩვენებენ.

"რ": თუკი 21 მარტის მიტინგზე ბევრი ადამიანი მივიდა, ეს არაფერს შეცვლის?

გ.ნ: არსებითად - არა, მაგრამ ხალხი დაინახავს, რომ ეს ძალაა და ვინც მერყეობს, შეიძლება დაფიქრდეს და თქვას, ისევ "ნაციონალებთან" სჯობს ყოფნაო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×