იმისთვის, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შეასრულოს, რაც შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას გულისხმობს, საქართველოს რამდენიმე ტექნიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს. ერთ-ერთი მოთხოვნაა ანტისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანა, რათა მისი აღსრულების რეალური მექანიზმები შეიქმნას.
საგულისხმოა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესრულება ევროკომისიის ექსპერტებმა თებერვლში შეფასეს და აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები სახალხო დამცველის აპარატში გამართეს. საუბარია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონი აღსრულების თვალსაზრისით. ექსპერტების შეკითხვები ძირითად შემთხვევაში ეხებოდა თავად დისკრიმინაციული საქმეების რაოდენობასაც, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა.
როგორც "რეზონანსთან" საუბრისას სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა გიოშვილმა განაცხადა, ექსპერტებს შეკითხვები ჰქონდათ თუ რამდენად ვრცელდება კანონი კერძო პირებზე და რა გამოწვევების წინაშე დგას თავად დისკრიმინაციის მსხვერპლი.
გიოშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები ომბუდსმენის აპარატმა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს გაუზიარეს. ამის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატმა შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.
"თუ ადამიანს დისკრიმინაციის შემდეგ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლო ძალით სურს, ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ სამი თვე აქვს. ხოლო თუ ეს ეხება შრომით დისკრიმინაციას, გასაჩივრების ვადა 1 თვეა, - ამბობს მაკა გიოშვილი, - დაზარალებული ვადაშია შეზღუდული და იძულებულია სასამართლოში წავიდეს, იმავდროულად კი ჩვენ გვთხოვს რეაგირებას, ჩვენ კი ვალდებულები ვართ საქმის სასამართლოში გაგზავნისთანავე მისი წარმოება შევაჩეროთ.
"სასამართლოსთვის მიმართვის ძალიან მცირე ვადა საქმეების ეფექტურად შესწავლაში დაბრკოლებას გვიქმნის. სწორედ ესაა კანონის ერთი ხარვეზი, რაზეც ექსპერტებსაც ღიად ვესაუბრეთ.
"მეორე ხარვეზი კერძო პირებს ეხება. კანონის თანხმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში მოგვაწოდოს, იგივე ვალდებულება კი კერძო პირზე არ ვრცელდება. შესაბამისად, როცა საქმე დისკრიმინაციის ჩამდენ კერძო პირს ეხება და ის სრულ იგნორირებას ახდენს, ჩვენ უუნარონი ვხდებით," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გიოშვილი და დასძენს, რომ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა.
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, ეს საკითხი კომიტეტმა უკვე განიხილა და გარკვეული შენიშვნებიც გასცა, რაც ავტორებმაც გაიზიარეს. შავგულიძე ამბობს, რომ კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ასეთ შემთხვევაში თავად სახალხო დამცველის მიერ ამ ფაქტის შესწავლის ვადა განსაზღვრულიყო.
"ვიზალიბერალიზაციის შემფასებელი მისიის მოთხოვნაა, რომ ანტისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების რეალური მექანიზმები არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს კანონი მხოლოდ ფურცელზე დაწერილად დარჩება. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ სახალხო დამცველს უფლებები გაეზარდოს, რათა დისკრიმინაციული საქმეების წარმოება უფრო ეფექტურად შეძლოს, თუმცა ეს საკმარისი მექანიზმი არაა.
"არის საუბარი იმაზეც, რომ საჭიროა შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც უშუალოდ ასეთ ფაქტებს გამოიძიებს და დასკვნებს დადებს, რაც პერსპექტივაში გამორიცხული არაა. ამას უკავშირდება სწორედ ის საკანონმდებლო ინიციატივაც, რომელიც კომიტეტს სახალხო დამცველმა წარუდგინა.
"ვიმეორებ, რომ ამ ხარვეზებზე მუშაობა მიმდინარებს და არ გამოვრიცხავ, რომ საამისოდ დამოუკიდებელი ორგანო შეიქმნას, თუმცა ეს საკითხი რაიმე საკანონმდებლო წინადადების სახით არ განხილულა. ვიზალიბერალიზაციის საკითხს ხელი არ შეეშლება იმის გამო, რომ საქართველოში ვინმეს არ უნდა ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედება, ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს," - განუცხადა "რეზონანსს" შავგულიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე ახლახან ინფორმაცია გერმანული "დოიჩე ველე" რუსულმა ბიურომ, ევროკომისიაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა. გერმანული გამოცემის ცნობით, საქართველოს და უკრაინას აქვთ შანსი, მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებას ხელი მოაწერონ. თუმცა, წყაროს განცხადებით, უვიზო რეჟიმის გაფორმებამდე ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
ამასთან, "დოიჩე ველე" იხსენებს "როიტერზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, როლის მიხედვითაც, ევროკომისიის წარმომადგენლებმა უკრაინასა და საქართველოსთან სავიზო შეთანხმების გაფორმებას ჯერ შორეული პერსპექტივა უწოდეს.
"როიტერის" ცნობით, გერმანიამ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მაისში, რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების გაფორმების იმედები გაუცრუა. წყაროების ცნობით, მოლაპარაკება ამ საკითხზე მიმდინარეობს, თუმცა რამდენად მოესწრება მაისში მისი სისრულეში მოყვანა, ამის პროგნოზირება რთულია.