რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი და ქართველი დიპლომატები არ გამორიცხავენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების - გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის - შეხვედრის შესაძლებლობას.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, ორი ქვეყნის დიპლომატები და ოფიციალური პირები კვლავინდებურად არ გამორიცხავენ მსგავსი შეხვედრის გამართვას განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მოგვცემს," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ექსპერტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ფონზე, რუსეთისა და საქართველოს უმაღლესი პირების შეხვედრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
არის თუ არა მიზანშეწონილი საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ეს შეხვედრები ჩაივლის ისე, როგორც სხვა შეხვედრებმა ჩაიარა. ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელთან და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ ჩვენთან შეხვედრა იმის მანიშნებელია, რომ მათი ქმედება ნორმალურია და ახლა სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ საუბარს? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე პრეზიდენტების შეხვედრისთვის არანაირი ფონი არ არსებობს. მათი ქმედება არამეგობრული საქციელია, რა მეგობრობაზეა საუბარი? ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ და შეხვედრაზე საუბარი რაზე უნდა იყოს?!
გიგი თევზაძე(დოცენტი, პროფესორი): იცით, ქვეყანამ და პოლიტიკოსებმა გვაჩვენეს, რომ რუსეთთან შეხვედრებსა და პოლიტიკის აყვავებას აზრი არ აქვს. ბოლო 2 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" რუსეთის მიმართ რა პოლიტიკასაც ატარებდა, არ მგონია, მათი შეხვედრა მიზანშეწონილი იყოს. თუ მარგველაშვილს ჰგონია, რომ პუტინს პირადად მოხიბლავს, ეს სხვა ამბავია. პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას რაციონალური არგუმენტი არ აქვს, მაგრამ ირაციონალური შეიძლება ჰქონდეს.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): საქართველოს პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა სათანადო დიპლომატიური არხებით მაღალ დონეზე უნდა მომზადდეს. ბუნებრივია, ეს არ შეიძლება ნაუცბათევი გადაწვეტილება იყოს. ვფიქრობ, შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, რადგან საჭიროა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ. მაგრამ რუსეთის განცხადება არ მომეწონა, რომ თავისუფალი გრაფიკის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. მათი ეს განცხადება დამამცირებელი მგონია. ანუ, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მათი გრაფიკი შედგენილია და თუ გამოჩნდება დრო, შეხვდება?!
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შედგეს, თუ საქართველოს მოთხოვნები აღსრულდება და რუსული ოკუპაცია დამთავრდება. თუ უბრალოდ, შეხვედრა იმისათვის იქნება, რომ ილაპარაკო, აი, ქართველები გველაპარაკებიან და პუტინმა განაცხადოს, რომ მათთან დიალოგში ვართ, ასეთ პირობებში შეხვედრა აბსოლუტურად მიუღებელია.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): პრინციპში, მე მიმაჩნია, რომ საუბარი ყოველთვის მისაღებია, მაგრამ გააჩნია პრეზიდენტები შეხვედრისას რაზე ისაუბრებენ. მარტო შეხვედრას შეხვედრისთვის აზრი არ ექნება. არ ვიცი, ახლა არის თუ არა ის ვითარება, რომ ამ შეხვედრამ რაღაც დადებითი მოიტანოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე