მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. პარტიის ლიდერების განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ყველა სფეროში უკუსვლა და ამისგან დაზარალებული ხალხი გახდა აქციის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, აქციაზე მიმსვლელთა მაღალი სურვილის გამო აქციის ლოკაცია შეიცვალა და რუსთაველის გამზირის ნაცვლად თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
საპროტესტო მსვლელობები ვარდების და კოლმეურნეობის მოედნიდან დაიწყება და წმინდა გიორგის ქანდაკებასთან შეკრებილ ხალხს სიტყვით ოპოზიციური პარტიის ლიდერები მიმართავენ.
აქციის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში გარკვეულ შეზღუდვები დაწესდება. როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, დილის 8 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს. 2 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე.
თქვენი აზრით, რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის ეს აქცია, ელით თუ არა რაიმე ექსცესებს და ზოგადად რა მოლოდინი გაქვთ ამ აქციასთან დაკავშირები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):"არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ძალადობას ეგენი ვერ გაბედავენ, დღეს პოლიცია არ არის ისეთი სუსტი. რიგგარეშე არჩევნები საერთოდ არ აწყობთ და იმედი არ უნდა ჰქონდეთ იმიტომ, რომ ხალხი მაგათ აღარ აირჩევს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ მაგათთან კოჰაბიტაციაში შესვლა დიდი შეცდომა იყო. მაგის შედეგია ეს ყველაფერი".
ზურა მანჯავიძე (მომღერალი): "მაგათგან ყველანაირი პროვიოკაციაა მოსალოდნელი, მაგრამ იმდენად უსუსურები არიან უკვე და იმდენად დამთავრებულია მათი დრო, რომ ჯობია შეეგუონ მაგას. ხვალ იყვირებენ და დაიშლებიან, მეტი არაფერი."
ზაზა კოლელიშვილი (მსახიობი, თბილისის საკრებულოს წევრი): "იმედი მაქვს, ხალხი ძალიან საღად შეხედავს ამას. გამოსვლის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მე თავს შევიკავებდი იქ წასვლისგან. საფრთხე შეიძლება იყოს, მაგრამ ხალხი პროვოკაციას არ უნდა აყვეს."
მამუკა არეშიძე (ექსპერტი კავკასიის საკითხებში):"გააჩნია, რაზე არიან ორიენტირებული აქციის ორგანიზატორები. თუ ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ექსცესი მოაწყონ და ასე ვთქვათ, მიიღონ პოლიტიკური დივიდენდი, ყველაფერია მოსალოდნელი. "ნაციონალებს" არაფერი გაუჭირდებათ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე