"5 ჯარისკაცი ბავშვმა ამოიცნო - ის პირები იყვნენ, რომლებმაც ჩემი ქმარი შარშან, მაისშიც გაიტაცეს"
ელზა პაპოშვილი
21.03.2015

 საოკუპაციო ზოლიდან 7-მა შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცმა გორის რაიონის სოფელ კირბალეთის მცხოვრები 34 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი 8 წლის მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, გატაცება პირდაპირ სოფლის გზიდან მოხდა, როდესაც მამა-შვილი ტყიდან შეშით დატვირთული ბრუნდებოდა.

გატაცებულის მეუღლის, მანანა შიუკაშვილის განცხადებით, მამა-შვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეშის მოსაგროვებლად იმყოფებოდნენ, როდესაც მათ მოულოდნელად კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები თავს დაესხნენ და ალექსანდრე გაიტაცეს. ხოლო ბავშვი სოფელში ამბის ჩასატანად გამოუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე შიუკაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის 2014 წლის მაისშიც დააპატიმრეს. მისი გათავისუფლება ქართულმა მხარემ 7-თვიანი მოლაპარაკების შედეგად 2014 წლის დეკემბერში შეძლო.

"5 ჯარისკაცი ბავშვმა ამოიცნო - იგივე პირები იყვნენ, რომლებმაც ჩემი ქმარი გასული წლის მაისშიც გაიტაცეს. როგორც ჩანს, ტერიტორიას უთვალთვალებდნენ და ალექსანდრეს დანახვამ გააღიზიანათ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ალექსანდრე შიუკაშვილის მეუღლე.

მანანა შიუკაშვილის განცხადებით, მის მეუღლეს ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია. ის გასულ წელს ოკუპანტების პატიმრობაში ყოფნის გამო ფრთხილობდა და მავთულხლართების იქით გადასვლას ერიდებოდა. მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები იმდენად არიან გათავხედებული, რომ სოფელში შევარდნას და ხალხის გატაცებასაც აღარ ერიდებიან.

"ალექსანდრე ისე იყო შეშინებული 7-თვიანი პატიმრობის გამო, რომ სულ ფრთხილობდა მავთულხლართების იქით არ გადასულიყო. 4 მცირეწლოვანი შვილი გვყავს და ამ სიცივეში შეშა არ გვქონდა, რომ ბავშვები გაგვეთბო. რა ექნა, ადგა, ცხენი შეაბა და უფროსი ბიჭი შეშის მოსაგროვებლად წაიყვანა.

"უკვე შეშით დატვირთულები სახლში მოდიოდნენ, რა დროსაც პირდაპირ სოფლის გზაზე გამოცვენილა 7 შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი და ალექსანდრე სულ ცემით და გინებით წაუყვანიათ. სოფელში სრული განუკითხაობაა, რუსები ხალხს საკუთარი მამულებიდან იტაცებენ.

"მისი ჯამრთელობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი. პოლიციაში ვიყავი და დამპირდნენ, რომ მის გასათავისუფლებლად ყველა საშუალებას გამოიყენებენ", - თქვა გატაცებულის მეუღლემ.

გორის რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი ასევე ამბობს, რომ ოკუპანტებმა ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიიდან გაიტაცეს. ის იმასაც ადასტურებს, რომ გატაცებული რუსმა ჯარისკაცებმა სცემეს, თუმცა არც ისე მძიმედ.

"ჩემი ინფორმაციით, ალექსანდრე შიუკაშვილი რუსმა ჯარისკაცებმა დაკავებისას სცემეს. თუმცა, რაიმე სერიოზული ფიზიკური დაზიანებები, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს.

"ამ ეტაპზე სად იმყოფება და როგორია მისი ჯამრთელობის მდგომარეობა, ჩემთვის უცნობია. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ოკუპანტებთან მოლაპარაკებები მისი გათავისუფლების თაობაზე", - აცხადებს რაიონის გამგებელი.

სოფელ კირბალეთის რწმუნებული დავით ცერცვაძე კი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ე.წ. საზღვარი გატაცებულმა შიუკაშვილმა დაარღვია. ის უარყოფს ინფორმაციას, რომ სოფლის მცხოვრებლის გატაცება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.

"მე ვიცი, რომ ის ტყეში შეშის მოსაჭრელად მავთულხლართების იქით იყო გადასული. რუსმა ოკუპანტებმა ამიტომაც დააკავეს. ის გასულ წელსაც იყო ამის გამო დაპატიმრებული. ვფიქრობ ოკუპანტები მისმა მეორედ ე.წ. საზღვრის დარღვევამ გააღიზიანა. მათ შიუკაშვილი გააფრთხილეს, რომ თუ კიდევ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა, მკაცრად დასჯიდნენ.

"მე არ ვამტყუნებ, რა თქმა უნდა, მისი კარგად მესმის. ადამიანს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ეტყობა შეშა არ ჰქონდა და ამის გამო ისევ გარისკა. ალბათ იფიქრა ვერ დაინახავდნენ და გადმოპარვას შეძლებდა. მთელი ტყე რუსების მიერ არის ოკუპირებული, სოფლის მცხოვრებლები სხვაგან ვერსად წავლენ შეშის მოსაჭრელად. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვთ. რისკავენ, ზოგს უმართლებს, ზოგსაც - არა", - აცხადებს ცერცვაძე.

სოფლის რწმუნებულის თქმით, კირბალეთის მცხოვრებლების დასაცავად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - მოხდეს სოფლის ცენტრში სპეცრაზმის ან სამხედრო საგუშაგოს განთავსება. მისი აზრით, ქართველი ჯარისკაცების მხრიდან მოხდება მოსახლეობის გაკონტროლება, რომ მავთულხლართების იქით არ გადავიდნენ. მას მიაჩნია, რომ ქართველი ჯარისკაცების გამყოფ ზოლზე განლაგება ოკუპანტების გაღიზიანებას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა შეიარაღებულ დაპირისპირებას ხელი შეუწყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში "რეზონანსს" უთხრეს, რომ ალექსანდრე შიუკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ოკუპანტებთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"როგორც ბავშვი ყვება, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ. მოულოდნელად საოკუპაციო ზოლიდან 7 შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი გადმოვიდა და ალექსანდრე გაიტაცეს. თურმე საწყალს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ და ტანსაცმელი ტანზე შემოუხევიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×