21 მარტს თაისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორთა ცნობით, აქციას 50 000 ადამიანი დაესწრო.
"ჩვენი ინფორმაციით, მთავრობის გადადგომა 50 000-მა ადამიანმა მოითხოვა. ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს. უნდა მოახერხო, რომ ორ წელში ამდენი ხალხი გამოვიდეს საპროტესტო აქციაზე", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
"ნაციონალური მოძრაობის" დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა", - ამის შესახებ "იმედის" ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, - "რომელ 50 ათასზეა საუბარი, 10-12 ათასზე მეტი ადამიანი აქციაზე არ იყო. მე მგონი მთელი საქართველო დაიარეს, მგონი ფულიც გადაუხადეს. იმ ხალხის ჯიბიდან აქვთ ეს ფული ამოღებული და თუ გადაუხადეს, ცუდი არ არის."
შაბათის აქციიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, გაიზარდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერთა რაოდენობა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
გოგი თორაძე (რეჟისორი): "აქციაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ტელევიზორში საერთო ხედი რაც ვნახე ალბათ ზუსტად იმდენი ადამიანი იყო, რამდენი ადამიანიცაა "ნაციონალური მოძრაობის" ახლობელი. ჩემ გარშემო ვინც არიან, იქ არავინ არ ყოფილა."
გია ბურჯანაძე (მსახიობი): "ნაციონალურ მოძრაობის" მხარდაჭერთა რაოდენობა არ გაზრდილა. უბრალოდ ფული ცოტათი მეტი დახარჯეს."
ნიკა ქავთარაძე (შოუმენი): "ვფიქრობ, რომ მთავრობით უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. ჩემი აზრით, ეს ყველაზე სწორი პასუხი იქნება. მაგრამ ეს ადამიანები კონკრეტულად რომელი პარტიის მხარდაჭერების მხარეზე ხვდებიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის არის, რომ ადამიანებს სურვილი გაუჩნდათ პროტესტი გამოხატონ და 21 მარტის აქცია ამას ადასტურებს."
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერთა რაოდენობა არ გაიზრდება. ბევრი ადამიანი გამოვიდა ლოზუნგებითა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ეს გასაგებია, იმიტომ რომ მთელი ეს ფონი, რაც საქართველოში არსებობს, ამას ხელს უწყობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი მხარდაჭერთა რაოდენობა გაიზარდა. რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია."
გია ბუღაძე (ფერმწერი): ამაზე საუბარი ცოტა გამიჭირდება. მგონია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სტაბილური რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს. უბრალოდ ამ ხელისუფლების მიმართა უკმაყოფილება და დაბნეულობის გრძნობა გაიზარდა. არ ვიცი "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენი ადამიანი შეემატება, მაგრამ ახლა პროდასავლურად ორიენტირებული პარტია კარგი იქნებოდა. ერთმანეთის მიმართ შური და ზიზღი უნდა გადალახონ და უფრო მეტად კოორდინარებულად უნდა იმოქმედონ. ვფიქრობ, დრო მოვიდა იფიქრონ იმაზე, რომ ქვეყანა გზიდან აცდენას აარიდონ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე